ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე პრესტიჟულ “დებსირინ ნონთაბურის“ სკოლაში ატეხილ სროლას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა. ტაილანდის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ცხრა დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდამსხმელმა ბაბუამისის კუთვნილი იარაღიდან სულ მცირე 26 გასროლა განახორციელა. სამართალდამცველებმა მის ცხედარზე კიდევ 34 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩნეს.

სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა, კიატიხუნ ვერაპონგპრადიტმა აღწერა, თუ როგორ მივიდნენ ადგილზე უშუალოდ სროლის დროს. მისმა ჯგუფმა პირველადი დახმარება იმ მოსწავლეებს გაუწია, რომლებსაც ჭრილობები ზურგის, მკერდისა და მკლავების არეში აღენიშნებოდათ. მედიკოსებმა შენობის ზედა სართულზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს, ხოლო მეორე ოთახში ქალი მასწავლებელი, რომელსაც ჭრილობები მკერდსა და მკლავზე ჰქონდა მიყენებული.

მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ნაშუადღევს სკოლის სპორტული მოედანი, სადაც მოსწავლეები ერთობოდნენ, ოფიციალურმა პირებმა და მედიამ დაიკავეს, ხოლო ქვეყნის ლიდერმა იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების პირობა დადო..

პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი კანონი იარაღის ტარების უფლებას მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობას დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს მისცემს. თუმცა, მას კონკრეტული დეტალები არ დაუზუსტებია, მათ შორის ის, გამკაცრდება თუ არა იარაღის ფლობის მოთხოვნები.
ბოლო წლებში ტაილანდში, მათ შორის სკოლებსა და ბანგკოკის დიდ სავაჭრო ცენტრში რამდენიმე მასობრივი სროლა მოხდა. 2022 წელს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარ თავდასხმას 37 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 22 ბავშვი იყო.