ავტორი:

"ჩემი პერსონაჟი მატყუარა ტიპია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სერიალ "USAშველოების" უჩვეულო მეტსახელის მქონე პოპულარული გმირი რეალურ ცხოვრებაში

"ჩემი პერსონაჟი მატყუარა ტიპია" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს სერიალ "USAშველოების" უჩვეულო მეტსახელის მქონე პოპულარული გმირი რეალურ ცხოვრებაში

სერიალ "USAშველოებს“ უამრავი ადამიანი უყურებს, "იუთუბზე“ თითო სერიას ასიათასობით ნახვა აქვს. უკვე ორი სეზონია გადის და გეგმაში მესამე სეზონიცაა. "ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მგონი, ქართულ სივრცეში ამაზე მეტი ნახვა არცერთ სერიალს არ ჰქონია, უპრეცედენტო შემთხვევაა“, - გვეუბნება მისი ერთ-ერთი პერსონაჟის, გოგიტა ჟღენტის (რომელსაც სერიალში უცენზურო მეტსახელი აქვს - "პრ**ა") როლის შემსრულებელი მსახიობი კახა სამუშია. მისი გმირი მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დადებითი პერსონაჟია, მაყურებელს ძალიან უყვარს.

  • როგორ აღმოჩნდა სერიალში, რას ამბობს თავის გმირზე და რა არის მისთვის მთავარი როგორც მსახიობისთვის, ამაზე კახა სამუშიას ინტერვიუდან შეიტყობთ.

კახა სამუშია:

- ამ სერიალის რეჟისორი, ზაზა ნოზაძე ჩვენი მეგობარია, ერთი სამეგობრო წრე გვყავს. ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით. როლი სწორედ მან შემომთავაზა - მითხრა, რომ ჩემთვის გარკვეული პერსონაჟი ჰქონდა ჩაფიქრებული.

- როდესაც გაეცანით თქვენს პერსონაჟს, მისაღები იყო თქვენთვის მისი თამაში?

- რა თქმა უნდა, მისაღები იყო. მსახიობისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის ითამაშებს? შეიძლება შაჰ-აბასი ითამაშო, შეიძლება - რომეო. არტისტმა ყველაფერი უნდა შეძლოს, მთავარია, ამის რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდეს. დიდი და პატარა როლი ხომ არ არსებობს. მთავარია, როლი მოირგო და კარგად გამოგივიდეს.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პერსონაჟი უარყოფითი ტიპია, მაყურებელს ძალიან უყვარს... რატომ?

- კი, ყველას მოსწონს და ქუჩაშიც რაღაცნაირად დადებითად მხვდებიან. არავის აქვს ისეთი რეაქცია, რომ "უიმე, ეს რა ცუდი კაცია“. პირიქით, მხიარულად იღებენ... ჩემი გმირი უფრო საკუთარ პრობლემებში აბნეული ადამიანია, ვიდრე ბოროტი პიროვნება. ცდილობს, გამოსავალი იპოვოს, თავი გადაირჩინოს და არ დაიღუპოს. მართალია, ამას ტყუილებითა და ხალხის "გადაგდებით“ აღწევს, მაგრამ ყველაფერს იუმორით და "ლაითად“ აკეთებს. არ არის მკვლელი, ყაჩაღი ან ბანდიტი. უბრალოდ, აფერისტობასაა ნაჩვევი, ადვილად გამოსდის ხალხთან ნდობაში შესვლა. ძალიან კომუნიკაბელურია.

- ამ პერსონაჟზე საუბრისას ყველა იმას უსვამს ხაზს, რომ ცოტა უცენზურო სახელი აქვს...

- ეს თავად პერსონაჟის სახელი არ არის, მეტსახელია, რომელიც თავისი ქცევიდან გამომდინარე შეარქვეს, ანუ ხუმრობით დაძახებული სახელია. ისე კი, მისი ნამდვილი სახელი და გვარია გოგიტა ჟღენტი.

- ზოგ მსახიობს შესაძლოა, ამ მეტსახელის გამო უარი ეთქვა როლზე, თქვენთვის ეს დაბრკოლება არ ყოფილა?

- კალიგულა უარესი სახელი არ არის?! ან ოტელო რომ ჰქვია პერსონაჟს - მკვლელია. რაც არ უნდა შეყვარებული და ეჭვიანი იყოს, მაინც მკვლელია. ჩემი პერსონაჟი კი მატყუარა ტიპია, რომელიც თვითგადარჩენისთვის იბრძვის. მისი ფორმულაა: "ასე მოვატყუე, ისე გამოვძვერი, მერე დავაბალანსე და ხელახლა დავიწყე“. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთი და იმავე ხალხს რამდენჯერმე ატყუებს.

- ვიცი, რომ სხვა ცნობილ სერიალებშიც თამაშობდით, ანუ ამ კუთხით გამოცდილება საკმარისად გაქვთ, ხომ?

- კი, მაგალითად, სერიალში "გოგონა გარეუბნიდან“ ვთამაშობდი სოფლელ ბიჭს - მარშრუტკის მძღოლ ჟორიკიეს. "შუა ქალაქში“ მცირე ეპიზოდი მქონდა - ინკასატორი ვიყავი, რომელიც ღლონტებთან მიდიოდა, რადგან დენს იპარავდნენ... "ჩცდ“-ში ფიზკულტურის მასწავლებელი გახლდით, ასევე იყო სერიალი "დეტექტივები,“ - ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული პროექტი იყო, რომელშიც ვთამაშობდი და ბოლო ორ სერიაში ჩემი პერსონაჟის ისტორია გავიდა. სერიალში "ყავა და ლუდი“ ჩემი პერსონაჟი ბანდიტი "პიტკინა“ იყო. კიდევ ბევრი მცირე როლი იყო, ყველაფერი არც მახსოვს.

- ამჟამად თეატრში არ ხართ, თუმცა არაერთ სპექტაკლში მონაწილეობდით...

- საქართველოს მასშტაბით ბევრ თეატრში მითამაშია. ბოლოს მარჯანიშვილის თეატრში გოგი ქავთარაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში "მკაცრი ქალიშვილები“ ვთამაშობდი. კომედია იყო სტუდენტებზე, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟის, ნაპოლეონის მამა - ივანე ვიყავი. ძალიან წარმატებული სპექტაკლი იყო.

"თეთრი ბაირაღები“ "თეატრალურ სარდაფში“ იდგმებოდა, გოგი ქავთარაძე გახლდათ ტიგრანა, მე - ჭეიშვილი ვიყავი, გოგოლი - გურამ ფირცხალავა იყო და ლიმონა - დიმა ჯაიანი. რუსთავშიც ვთამაშობდით, მოკლედ ბევრგან მითამაშია.

- რა არის მთავარი მსახიობისთვის, როდესაც ახალ როლს იღებს და რა რესურსი სჭირდება ამ დროს?

- გააჩნია როლს და მასალას. თანამედროვე ლიტერატურასა თუ სერიალს სხვანაირი თამაში სჭირდება, შილერსა და შექსპირს - სრულიად სხვა. აზროვნებაც და დატვირთვაც განსხვავებულია.

პირველ რიგში, საჭიროა ნიჭი, მონდომება და პასუხისმგებლობის გრძნობა. თითქმის არ მახსოვს, რეპეტიციაზე დამეგვიანოს. დაგვიანება კოლეგის უპატივცემულობაა… როცა როლს იღებ, უნდა გაითვალისწინო, რა უნდა რეჟისორს, თავადაც დაამატო დეტალები და პიესის ავტორის სათქმელი ზუსტად მიიტანო. თანამედროვე ნაწარმოებში შეგიძლია შენი სიტყვებით ილაპარაკო ან რაღაც ჩაამატო, კლასიკურ ტექსტს ვერაფერს შეუცვლი.

- რა არის იმის მიზეზი, რომ ამ ეტაპზე არ ხართ რომელიმე თეატრის დასში?

- დროის ფაქტორია. თეატრი ისეთი სფეროა, მთელი დღე იქ უნდა იყო - ვაითუ, ვინმეს დასჭირდე. ამასთან, ყველამ ვიცით, როგორ არის "დაფასებული“ ხელოვნება და თეატრი ჩვენს ქვეყანაში. თვითონ სფეროა დაუფასებელი, თორემ შენს საყვარელ საქმეს რომ აკეთებ და ამაში შესაფერის ანაზღაურებას იღებ, მაგას რა სჯობს. სცენაზე საათნახევრიანი სპექტაკლის მოსამზადებლად თვეების მანძილზე უზარმაზარი შრომა გჭირდება, რასაც მაყურებელი შიდა სამზარეულოს არცოდნის გამო ვერ ხედავს.

- თავის დროზე რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?

- ბავშვობიდან სულ მინდოდა. სახლში სპექტაკლებს ვდგამდი, სკოლაშიც ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი. უბრალოდ მომწონდა ეს საქმე და ვერთობოდი. უნივერსიტეტი თავდაპირველად სხვა სპეციალობით დავამთავრე - ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი ვარ. მუშაობა სკოლაში უნდა დამეწყო, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო - არეულობა, ახალი დამთავრებული ომი, გაჭირვება. არ გამოვიდა და შემდეგ "თეატრალურში“ ჩავაბარე, რაც სინამდვილეში მინდოდა.

გოჩა კაპანაძისა და ჭოლას (ლევან წულაძე) ერთობლივ ჯგუფში მოვხვდი. ძირითადი პედაგოგი, ვინც ჩვენთან ყოველდღიურად მუშაობდა, გოჩა კაპანაძე იყო. ჭოლა ძირითადად გამოცდებისა და სპექტაკლების ჩაბარებისას მოდიოდა. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. უპირველეს ყოვლისა, თავად იყვნენ უკეთილშობილესი ადამიანები. მაშინ ცოტა სხვანაირი თაობა და სწავლების განსხვავებული მიდგომა იყო, ურთიერთობებიც უფრო უშუალო... თუ რამე შემიძენია, ყველაფერი გამომადგა - როგორც პროფესიაში, ისე ადამიანებთან ურთიერთობაში.

- როდესაც "თეატრალური“ დაამთავრეთ და დიპლომი აიღეთ, როგორც არტისტს, რა გეგმები და სურვილები გქონდათ?

- 2001 წელი იყო - ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასასრული, გაურკვევლობა და არასტაბილურობა. თეატრებიც ძლივს მუშაობდა. იმდენი სამსახური მაქვს გამოცვლილი, რომელთაც თეატრთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, რადგან უმუშევრობა იყო.

ამასთან, ისეთი პიროვნებაც არ ვარ, პროტექციებითა და "ნაცნობობით“ ვიარო. კასტინგებზეც კი თითქმის არასდროს დავდიოდი - თუ დამირეკავდნენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში. ერთადერთი, რეზო ესაძის ბოლო ფილმის სინჯებზე ვიყავი და გადამიღეს კიდეც.

- გული ხომ არ გწყდებათ, რომ ამ ფაკულტეტზე ჩააბარეთ?

- არა, პირიქით! რაც მინდოდა, ის გავაკეთე. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული... ახლა კი მაგრად "გაისროლა“ ამ სერიალმა - ქუჩაში რომ დადიხარ, ყველას უხარია შენი დანახვა, ფოტოს გადაღება ან გამოლაპარაკება სურთ, პატივისცემას გამოხატავენ. ეს ძალიან სასიამოვნოა და ამ სიყვარულად ნამდვილად ღირს.

- როგორც ვიცი, ხატავთ კიდეც.

- პროფესიონალი მხატვარი არ ვარ, ჩემთვის, გასართობად და დასამშვიდებლად ვხატავ ჩანახატებს ტილოზე, აკრილის საღებავებით.

ხშირად ბავშვთან, ჩემს გოგონასთან ერთადაც ვხატავ და ექსპერიმენტებს ვატარებთ.

კახა სამუშია მეუღლესთან და შვილთან ერთად

- რამდენი შვილი გყავთ?

- ორი შვილი - 18 წლის ბიჭი და 12 წლის გოგო.

- ზუგდიდი თქვენი მშობლიური ქალაქია, ხომ?

- დიახ, ზუგდიდში ვარ დაბადებული და გაზრდილი, სკოლაც იქ დავამთავრე. სანამ "თეატრალურში“ ჩავაბარებდი, 4-5 წელი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრშიც ვმუშაობდი და უამრავი სპექტაკლი მაქვს ნათამაშები. ზუგდიდი ჩემი კუთხეა და ძალიან მიყვარს.

- შვილები მსახიობობას ხომ არ აპირებენ და აქვე გვითხარით, მკაცრი მამა ხომ არ ხართ?

- გოგონას ხანდახან წამიცდება ხოლმე, რომ მსახიობობა უნდა. ბიჭი კი სპორტსმენია - ფეხბურთს თამაშობს პროფესიონალურად და სპორტის უნივერსიტეტში აბარებს... მკაცრი ნაკლებად ვარ, არ მიყვარს ჩხუბი. ბავშვობაში რატომღაც სამამდე დათვლა მქონდა მეთოდად - "ერთი, ორი, სამი“ რომ ვიტყოდი, ეგონათ, რაღაც საოცრება მოხდებოდა და მაშინვე წესრიგში მოჰყავდათ ყველაფერი. დღემდე ასეა. ისე კი, დამთმობი ვარ.

- შვილები უყურებენ თქვენს სერიალს?

- კი, უყურებენ და ცოტას დამცინიან კიდეც, ერთობიან. საერთოდ, ჩემი აზრით, ეს სერიალი პატარა ბავშვებისთვის (10-12 წლის) არ არის განკუთვნილი, ასაკობრივი შეზღუდვა აქვს, მაგრამ YouTube-ზე ხელი ყველას მიუწვდება და მაინც უყურებენ.

- უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?

- ჯერჯერობით ამ სერიალის გაგრძელებაზე ვართ კონცენტრირებულები, სავარაუდოდ, მესამე სეზონიც იქნება. მერე ვნახოთ - თუ იქნება ახალი შემოთავაზებები, ძალიან კარგი, თუ არადა, რაც იქნება, იმას შევეგუებით... არასდროს მიფიქრია, რომელიმე როლზე, მეთამაშა. ოღონდ, როცა რაიმე ფილმს ან სპექტაკლს ვუყურებ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვითამაშებდი ამა თუ იმ პერსონაჟს. არასდროს მინატრია, მაგალითად, ჰამლეტის როლი. ჩემთვის პატარა როლის კარგად თამაში მირჩევნია დიდ და ცუდად შესრულებულ როლს. ხშირად პატარა ეპიზოდი მაყურებელს უფრო ხანგრძლივად და კარგად დაამახსოვრდება ხოლმე.