მარტინ გუიმჯიანი სომეხი ბლოგერია, რომელმაც ქართულ ინტერნეტსივრცეში პოპულარობა ქართული ენის შესწავლითა და ქართული კულტურის პოპულარიზაციით მოიპოვა.
"მე ვარ მარტინ გუიმჯიანი, 25 წლის. დავიბადე და გავიზარდე ერევანში. ვცხოვრობ ერევანში. პროფესიით ფინანსისტი ვარ. დავამთავრე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და ვმუშაობ როგორც ფინანსისტი. 2002 წლიდან, ანუ ბავშვობიდან, ყოველ წელს 7-10 დღით საქართველოში დასასვენებლად ჩამოვდიოდი. ამიტომ ამ ქვეყნის სიყვარული პატარაობიდან მომყვება, რაც მერე წლების განმავლობაში გაღრმავდა. არიან ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, 1-2 წელი სწავლობენ ენას სხვადასხვა მიზნით, ჩემი შემთხვევა კი ბავშვობიდან იწყება“, - გვეუბნება მარტინი, რომელიც ახლა ჩვენს შეკითხვებს დიდი სიამოვნებით და სიხარულით პასუხობს.
- მარტინ, საქართველოს ზღვისპირეთში ისვენებდი ხოლმე?
- კი, უფრო ზღვის სანაპიროზე: ბათუმში, ქობულეთში და ჩაქვში. ბოლო დროს კი სხვადასხვა კუთხეშიც ვიმოგზაურე: ახალციხეში, ბორჯომში, საირმეში...
- ოჯახიც გაგვაცანი...
- მყავს დედა, მამა და და... სწორედ მშობლების დახმარებით შემიყვარდა საქართველო, რადგან მათაც ძალიან უყვარდათ ეს ქვეყანა. სხვათა შორის, მამაჩემს საბჭოთა კავშირის დროს ჯარში ქართველი მეგობარი ჰყავდა, რომელიც გორიდან იყო და მასაც ჰქონდა ეს კავშირი და სიყვარული.
- მშობლებმაც იციან ქართული?
- მხოლოდ ელემენტარული ფრაზები იციან, მაგალითად: "გამარჯობა“, "როგორ ხარ?“ ოჯახში ქართული მხოლოდ მე ვიცი. ბავშვობიდან რაც მახსოვს, სანაპიროზე შეძახილებიდან: "ცხელი სიმინდი“, "ცივი სასმელები“, "ბურბუშელა“ "საზამთრო“. მერე ისიც მახსოვს, მშობლები შვილებს რომ ეუბნებოდნენ: "მოდი აქ!“... ქართულად რომ გვესალმებოდნენ - "გამარჯობა“, "როგორ ხარ“. ჩემთვის ქართული ენა თავიდანვე სულ საინტერესოდ და ლამაზად ჟღერდა. მერე სულ მაინტერესებდა, რაზე საუბრობდნენ ქართველები. გვერდიდან ძალიან საინტერესო მოსასმენი იყო. უცხოელისთვის ნამდვილად საინტერესო ენაა. სწავლა ნელ-ნელა დავიწყე, ვუყურებდი ქართულ სერიალებს.

- რომელ სერიალებს უყურებდი?
- "შუა ქალაქში“, "ჩემი ცოლის დაქალები“. ბევრი სერია ჰქონდათ და სულ ვუყურებდი. პირველ რიგში, ის მომეწონა, რომ პერსონაჟები ცოცხალი, ყოველდღიური ენით საუბრობდნენ, რაც დამეხმარა სალაპარაკო ენის ადვილად ათვისებაში.
- ე.ი. სალაპარაკო ენა ასე ისწავლე, მაგრამ შენ ქართულად წერ და კითხულობ კიდეც... ესეც შენით შეძელი?
- YouTube-ით დავიწყე ანბანის შესწავლა. რვეულში ვწერდი, მერე ვკითხულობდი, ვადევნებდი თვალყურს, რა ხდებოდა საქართველოში, ვუსმენდი ქართულ რადიოს. ეს ყველაფერი მეხმარებოდა. თან, ყოველ წელს რომ ჩამოვდიოდი, ქართველებს ველაპარაკებოდი. მათგანაც ისეთი თბილი დამოკიდებულება მოდიოდა, რომ ენთუზიაზმით ვივსებოდი, რომ ცოდნა უფრო და უფრო გამეუმჯობესებინა. მასწავლებელი არ მყოლია.
- ქართული ენა არ არის ადვილი შესასწავლი, განსაკუთრებით რთულია გრამატიკა. ბევრ რთულ სიტყვას სწორად ამბობ და მიკვირს, ეს მასწავლებლის გარეშე როგორ შეძელი...
- ხანდახან ვხვდები, რომ რაღაცებს არასწორად ვამბობ, მაგრამ მაინც ვცდილობ ვილაპარაკო, რადგან მთავარი პრაქტიკაა. ზოგჯერ შეცდომებით, მაგრამ მაინც ვსაუბრობ, რადგან მთავარია საუბარი - ეს მეხმარება, ენა უფრო და უფრო დავხვეწო. იმის გამო, რომ რაღაცას არასწორად ვამბობ, კომპლექსი არ მაქვს. სწავლა 2017 წლის ზაფხულში დავიწყე. იმ პერიოდში უნივერსიტეტში ჩავაბარე. სწავლის პროცესს ყოველდღიურად ვერ ვუთმობდი დროს, პაუზები მქონდა და ამიტომ ნელ-ნელა, უფრო ზაფხულობით ვსწავლობდი. 2017 წლიდან მახსოვს, საქართველოში დასასვენებლად რომ ჩამოვდიოდი, გზაში სულ ვკითხულობდი მაღაზიების წარწერებს: "სწრაფი კვება“, "აფთიაქი“ და ასე - ესეც ძალიან მეხმარებოდა.

- პატარა მოთხრობები წაიკითხე, ქართული ზღაპრები, რომ უფრო გაიწაფო, დიდი წიგნები ცოტა გაგიჭირდება...
- კი, ასე ვაკეთებდი... სხვათა შორის წავიკითხე რაღაცები შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან“ და ცოტა რთული იყო. რომ მეკითხებიან, რა მომწონს ქართულ ენაში? ვპასუხობ, რომ პირველ რიგში, დამწერლობა, რადგან ძალიან საინტერესოა. საერთოდ, როგორც სომხური დამწერლობა, ასევე ქართული - ორივე იშვიათი და ძალიან ლამაზია. გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ლამაზად ჟღერს.
- მითხარი, რომ საქართველოში სხვადასხვა ადგილას ხარ ნამყოფი. როგორია შენი შთაბეჭდილება?
- საქართველოს ბუნება... ყველა რეგიონი ულამაზესია თავისი ბუნებით, ხალხითა და კერძებით. ასევე, სტუმართმოყვარეობა - ამით ძალიან ვგავართ ერთმანეთს, სომხებიც და ქართველებიც სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. უცხოელებიც რომ ჩამოდიან, ამას აღნიშნავენ.
ასევე მომწონს, რომ სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კერძია. მაგალითად, იმერული ხაჭაპური, მეგრული ელარჯი, კახური ჩურჩხელა, ხაშლამა და მწვადი, მთაში - ხინკალი, მესხეთში - აპოხტის ხინკალი და ჩეჩილი ყველი, სამეგრელოში - სულგუნი, რაჭაში - ლობიანი და ლორი... სომხეთშიც ასეა: სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კერძია გავრცელებული. დილიჟანიდან რომ გადავიღე ვიდეოები, ძალიან ლამაზია იქაურობა.
- როგორ ვიდეობლოგერი სომხურ კონტენტზეც მუშაობ?
- მეტად ქართულ კონტენტს ვაკეთებ. გადაღება ქართველებისთვის დავიწყე, რომ გამეზიარებინა: როგორ ვსწავლობ ქართულს და მიყვარს საქართველო. მინდოდა ეს ემოცია ხალხისთვის მეჩვენებინა.
- მშობლები რას ამბობენ შენს ამ ინტერესსა და საქართველოს ასეთ სიყვარულზე?
- მხოლოდ დადებითად რეაგირებენ, რადგან ხედავენ, რომ ბავშვობიდან ასე ვარ. ხედავენ, რომ ამით ვცხოვრობ. სხვებისგან განსხვავებით, ვისაც უბრალოდ უყვარს საქართველო, მე ფანატიკურად ვარ შეყვარებული. კამერების გარეშეც ასეთი ვარ.

- კარგი ბიჭი ხარ შენ! რას გვეტყვი - როგორია ერევანში ახალგაზრდების ცხოვრება - როგორ ცხოვრობენ მაგალითად, 30 წლამდე ახალგაზრდები, ასევე სტუდენტები...
- ერევანი ახალგაზრდებისთვის და ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო ქალაქია: ცენტრალური ადგილია, არის სამუშაო ადგილები, გასართობი კლუბები... ჩვენთან ჩამოსული ქართველები ხშირად ამბობენ, რომ თბილისი და ერევანი ქუჩებითა და განწყობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაგალითად, როგორც რუსთაველის გამზირი - ჩვენთანაც არის ასეთი დიდი, გრძელი ქუჩა - მაშტოცის გამზირი. ასევე, გარკვეული შენობები და ქუჩები თბილისს ერევანში მეც მაგონებს. ერევანშიც არის სატელევიზიო ანძა, ისევე როგორც თბილისში.
- სულ რამდენი ენა იცი?
- ვიცი სომხური, ქართული, ინგლისური, რუსული. პოლიგლოტი არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, საკმარისია. ახლა მინდა, თითოეული ენა უფრო მეტად განვავითარო. ისე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი საინტერესოდ გადაწყდა. რაზეც ვოცნებობდი - სწავლა, სამუშაო, თუ ენის (ენების) შესწავლა - ყველაფერი ამისრულდა.
- საქართველოში ბოლო ვიზიტებისას კიდევ შეიძინე მეგობრები?
- ადრეც მყავდა მეგობრები და ნაცნობები, მაგრამ ახლა, რადგან იცნობენ ჩემს ვიდეოებს, უფრო მეტი კონტაქტი მაქვს ქართველებთან, რაც ძალიან მახარებს.
- თბილისში, ავლაბრელ სომხებს თუ შეხვედრიხარ?
- კი, ვყოფილვარ და შევხვედრივარ კიდეც ავლაბრელ სომხებს. მიცნობენ და ძალიან მიხარია. ისიც ძალიან მახარებს, რომ ბოლო დროს ქართველებიც ხშირად ჩამოდიან სომხეთში. ერევანში რომ ვხედავ ქართველებს, უზომოდ მიხარია. უყურებენ ჩვენს კულტურას, ხალხთან აქვთ კავშირი, ლამაზ ადგილებს სტუმრობენ და დადებით შთაბეჭდილებებს მწერენ. ეს ურთიერთობა ორმხრივია, რაც ძალიან მომწონს.
- ერევანში ბევრი ქართველი ცხოვრობს?
- ოფიციალური მონაცემებით, 600-მდე ქართველია. ზოგს ოჯახი აქვს შექმნილი, ზოგი სამუშაოდ ან ბიზნესშია ჩამოსული. ბევრთან მაქვს კონტაქტი და მიცნობენ.
- სიმღერაც გიყვარს, ხომ?
- გიტარაზე დაკვრა პროფესიონალურად ვიცი. სიმღერით - სამოყვარულოდ ვმღერი ქართულად, ვცეკვავ კიდეც. ბავშვობაში სომხურ ტრადიციულ ცეკვებზე დავდიოდი, ქართულ ცეკვებს კი YouTube-ის ვიდეოებით ვუყურებდი და მოყვარულის დონეზე ასე ვისწავლე.
- რას უსურვებდი ჩვენს მკითხველსა და ქართველებს?
- ვუსურვებდი, რომ ისევე დააფასონ ეს ურთიერთობა, როგორც მე ვაფასებ. უკეთ იცნობდნენ ერთმანეთის ქვეყნებს, ხშირად ვესტუმროთ ერთმანეთს, გვქონდეს მჭიდრო კავშირი. რაც უფრო ახლოს ვიქნებით, მით მეტი სითბო და სიკეთე იქნება ჩვენ შორის. ვიყოთ უფრო კეთილები, ვიდრე ვართ.
- დიდი მადლობა! ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მიხარია, რომ ჩვენი კომუნიკაცია შედგა. სულ შორიდან ვუყურებდი შენს ვიდეოებს, ახლა კი დრო გამოვნახეთ და ვისაუბრეთ.