"ძალიან რთულია თავიდან შეგუება, რადგან დაცლილია სოფელი და 32 წელი ქალაქის ხმაურს ვიყავი შეჩვეული. ახლა უკვე პირიქით ვარ, მეექვსე წელია სოფლად ვარ და როცა ქალაქში საქმეზე მივდივარ, როდის დავბრუნდები ჩემს სიმშვიდეში, ერთი სული მაქვს. ვიყიდეთ საქონელი, ქათმები, ინდაურები და შემდეგ ნელ-ნელა მატება იყო. დღეს 12 სული საქონელი გვყავს და 150 ფრთა ფრინველი. ცოტა მგელმაც დაგვაკლო საქონელი, მაგრამ მგლის ჯინაზე მაინც წინ მივიწევთ", - ამბობს 37 წლის, გლამურული გარეგნობის - თეონა ლევიძე, რომელიც უკვე მეექვსე წელია ქალაქიდან სოფლად გადავიდა საცხოვრებლად.
- დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში. სკოლაც და უნივერსიტეტიც ქუთაისში დავასრულე. ბავშვობიდან მე და ჩემი ძმა ზაფხულის არდადეგებს დედულეთში, ტყიბულის რაიონში, სოფელ ლაშიაში ვატარებდით. ყოველთვის გვიყვარდა ბუნება, ცხოველები, მიწაზე მუშაობა. ბაბუას დავყავდით მდინარეზე, სოკოზეც დავდიოდით, ურემზე შემოგვსვამდა და ისე დავყავდით ტყეში. ასევე ვეხმარებოდით ყანაში, ვთოხნიდით.
გვიყვარდა მეზობლებში სიარული, ძალიან კარგი სამეზობლო გვყავდა და ბევრი ტკბილი მოგონებები მაქვს.- პროფესიულ საქმიანობაზე რომ გვიამბოთ - დავამთავრე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიის ფაკულტეტი, ასევე გავიარე საბუღალტრო კურსები. ჩემი პროფესიით ვიმუშავე, ვმუშაობდი ბანკშიც, მაგრამ გული სულ ბუნებისკენ მიმიწევდა. მეორე შვილი რომ შემეძინა, მომიწია პროფესიის დათმობა და ვეღარ მოხდა ჩემი განვითარება ამ მხრივ.

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი
- მყავს ორი ბიჭი, ნიკოლოზი და გიორგი, ერთი 18 წლის გახლავთ, მეორე 13 წლისაა. საყვარელი მეუღლე, ოთიკო ძალიან დამიდგა გვერდით, როცა გადაწყვეტილება მივიღე სოფელში გადასვლის შესახებ. იმ ფაქტმაც დიდი როლი ითამაშა, დედასთან ერთად რომ გადავდგით ეს ნაბიჯი. დედა ჩამოვიდა ემიგრაციიდან და შევეჭიდეთ სოფელს ერთად.
- როგორი იყო სოფლად გადასვლის პირველი ეტაპი?
- დედა ემიგრაციიდან ცდილობდა ყველაფერი მოეგვარებინა. კეთილმოწყობილი ჰქონდა სახლი, ააშენა საქონლის სადგომი, საწიწილე და საქათმე. რომ ჩამოვედით, მეც მქონდა დანაზოგი და მეორე საქონლის სადგომი ავაშენე. ვიყიდეთ საქონელი, ქათმები, ინდაურები და შემდეგ ნელ-ნელა მატება იყო. დღეს 12 სული საქონელი გვყავს და 150 ფრთა ფრინველი. ცოტა მგელმაც დაგვაკლო საქონელი, მაგრამ მგლის ჯინაზე მაინც წინ მივიწევთ.

გვაქვს ვენახი, თეთრი და შავი ყურძენი, სიმინდი, ლობიო, გოგრა, კარტოფილი და სხვადასხვა ბოსტნეული. ასევე გვაქვს თხილის და მარწყვის პლანტაცია, ხეხილის ბაღი. ძალიან რთულია თავიდან შეგუება, რადგან დაცლილია სოფელი. 32 წელი მიჩვეული ვიყავი ქალაქის ხმაურს, მაგრამ ახლა პირიქით ვარ. მეექვსე წელია სოფლად ვარ და როცა ქალაქში საქმეზე მივდივარ, როდის დავბრუნდები ჩემს სიმშვიდეში, ერთი სული მაქვს.
- დღეს უკვე ფერმერები ხართ?
- კი, უკვე ასე გვეთქმის. რეალიზაცია გვაქვს რძის, ყველის, ქათმის, ინდაურის..

- ბავშვებს გაუჭირდათ სოფლად შეგუება?
- უფროს ბიჭს, ნიკოლოზს ძალიან გაუჭირდა, როგორც კი გახდა 18 წლის დაბრუნდა ქალაქში და მუშაობს. ცხოვრობს ბაბუასთან და ბიძასთან. ხანდახან თუ ამოვა, ძალიან რომ მოვენატრები. გიორგის უყვარს და შეგუებულია, უფრო პატარა იყო რომ გადმოვედით და შედარებით ადვილად შეეგუა. სოფელი ძალიან ლამაზია ყოველ სეზონზე. ახლა უკვე ირგვლივ სულ სიმწვანეშია ჩაფლული ჩემი სახლი. ჩემი საძინებლის ფანჯრიდან მოჩანს ტყიბულის მთები და ცხრაჯვარი.
- რა არის სხვადასხვა სეზონის სირთულეები?
- სირთულე ის არის, რომ სამეზობლო გვყავს ძალიან ცოტა. მიყვარს ხალხთან კონტაქტი, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და მიყვარს ადამიანები. გზა არის, მაგრამ არ გვაქვს გაზი და ძალიან გვიჭირს ამ მხრივ. თუ დიდი თოვლი მოვიდა, გზები იკეტება და შეიძლება ერთი კვირა უგზოდ ვიყოთ. უფრო მეტად რომ იყოს მთავრობა გლეხებისკენ ყურადღებით, ძალიან კარგი იქნებოდა. მე მაგალითად ამ დახმარებას ვერ ვგრძნობ. ვიბრძვით გლეხები ჩვენი ფინანსებით და შრომით.

- სოფელს აქვს სკოლა, მაღაზიები ?
- სოფელში არაფერია, ამიტომაც სკოლაში ბავშვები გვერდით სოფელში - ორპირში დადიან, რომელიც ჩემი სოფლიდან დაახლოებით 8 კილომეტრშია. ბავშვები სკოლის ავტობუსს, დაჰყავს ამ მხრივ გაგვიმართლა. ორპირშია მაღაზიებიც. აქ სულ 15 მოსახლეა და უმეტესად მოხუცებია დარჩენილი.
- როგორ ახერხებთ პროდუქციის რეალიზაციას?
- ოჯახებს ვამარაგებ საახლობლო წრეში, რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში ჩემი პირადი გვერდი შევქმენი და ბევრი ახალი მომხმარებელიც დამემატა. ყველანი ძალიან კმაყოფილი არიან ჩემი ნაწარმით.

- თუ ურჩევდით სხვებსაც სოფლად გადასვლას?
- ადამიანს უნდა უყვარდეს მიწა და ბუნება. თუ ეს არ უყვარს, ვერ გაძლებს სოფლად. მე ვურჩევდი ვისაც უყვარს, დაბრუნდნენ და არ მიატოვონ თავისი წინაპრის კარ-მიდამო. გული მტკივა, რომ ვუყურებ ობლად დატოვებულ სახლებს, რომელსაც ხავსი და სურო ჭამს. ილია მეორე მოგვიწოდებდა ყოველთვის, რომ დაუბრუნდით სოფელს, დათესეთ და მიიღებთ საკვებს, უფლის წყალობით, შრომობდეთ და ჰპოვებდეთო.
როცა მგელმა რამდენიმეჯერ საქონელი შემიჭამა, მაშინ მიფიქრია ტყუილად ხომ არ ვწვალობ-თქო, მაგრამ მეორე დღეს სხვა ხასიათზე გამიღვიძია. რომ ვუყურებ ჩემი შრომის შედეგს, ამაყი ვარ. მთავარია, ბუნებამ შეგვიწყოს ხელი, თუ ბუნებამ არ გაგვწირა და მოვიდა კარგი მოსავალი, შედეგიანიც არის. მივმართავ ახალგაზრდებს არ დაივიწყონ საიდან მოდიან, ასევე მივმართავ მთავრობას ცალი თვალით მაინც გამოგვხედონ გლეხებს და დააფასონ ჩვენი ნაშრომი.
- ამდენს შრომობთ, როგორ ახერხებთ, ასე გამოიყურებოდეთ?
- ქალაქი დავთმე, მაგრამ ქალურობა - არა. სხვათა შორის ვერ იჯერებენ ფერმერი თუ ვარ.