"ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ქართული მხარე დაადანაშაულა ომის დაწყებაში თქვენმა პარტიამ, თქვენმა რეჟიმმა, როდესაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას. ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას. ჩვენი გმირები შეეწირნენ სწორედ იმას, რომ ჩვენი ე.წ. მთავარსარდალი იყო მოღალატე, უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებდა უცხო ძალების დაკვეთით. ეს არის რეალობა.
რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს. ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს, ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის, ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. ოკუპაცია არის, რა თქმა უნდა, დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაფარავს ოკუპაციას, იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, რაც შემდგარი ფაქტია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთ მხარეს იყო სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი, მეორე მხარეს იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მთავარია, რომ ჩვენ ორივე ფაქტს მივცეთ სათანადო შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დაწყებას მოჰყვა კონკრეტული გაგრძელება.
„გაგრძელება იყო ოკუპაცია და გაგრძელება იყო ე.წ. აღიარება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ სააკაშვილი, ეს სისხლიანი, ბინძური უცხოელი აგენტი და საქართველო იყოს ერთი და იგივე.
როდესაც საუბარია ხელისუფლების აღიარებაზე, საქართველოში შედგა სამართლიანი არჩევნები და სამართლიან არჩევნებს და ხალხის ნებას ყველა უნდა შეეგუოს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც განსაზღვრა მოვლენების ისე განვითარება, როგორც განვითარდა, იყო ის, რომ მიხეილ საკააშვილმა გააყალბა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილი იყო გაყალბებით თავზე დასმული უცხოელი აგენტი. თქვენ ამოიღეთ მარტო მარნეულის შედეგები, სადაც შავით თეთრზე ჩანს, ანალიზიც არ უნდა. მე განახებთ რასაც ნახავთ 2008 წლის შედეგებში და თქვენ მანახეთ რა იქნება 2024 წლის შედეგებში. მარტო ერთ მაგალითს გეუბნებით, საიდანაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ტოტალურად გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, დაგვისვეს თავზე უცხოელი აგენტი და ამ უცხოელმა აგენტმა შემდეგ შეასრულა დავალება, მან და მისმა სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო ომი და ამას მოჰყვა შესაბამისი ძალიან მძიმე გაგრძელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს.
„რეზოლუციაში სააკაშვილის რეჟიმი არ წერია სამწუხაროდ, ქართული მხარე წერია, მაგრამ მე სხვანაირად ვციტირებ - მანამდე ეს წერია, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ნიშნავს ომს - კონფლიქტი ომში გადაიზარდა ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და ეს წერია სიტყვასიტყვით ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც სამარცხვინოდ ხელი მოაწერეს. მერე სხვა სიტყვებიც წერია, საუბარია იქ რუსეთის პასუხზე. ცხინვალის დაბომბვას მოჰყვა რუსეთის პასუხი და ამას ხელი მოაწერეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.