ბრუკლინელმა ქალმა ძვირფასი ოჯახური რელიკვიები, ოთხი თაობის ისტორიის მქონე ორი ბეჭედი, შემთხვევით ნაგავში გადააგდო. შეცდომის აღმოჩენის შემდეგ მან დახმარებისთვის ნიუ-იორკის სანიტარიული დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართა, რომლებმაც სამკაულების მოსაძებნად დაახლოებით 9 ტონამდე ნარჩენი შეამოწმეს.

DSNY-ის წარმომადგენლის განცხადებით, ეს უჩვეულო შემთხვევა იყო, რადგან ბეჭდები დიდი საცხოვრებელი კორპუსის ნარჩენების დამპრესავ სისტემაში აღმოჩნდა.
თუმცა, დაკარგული ნივთის პოვნა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. თუ ნაგვის სატვირთო მანქანამ ნარჩენები უკვე გადამტვირთავ სადგურზე გადაიტანა, მათი მოძებნა თითქმის შეუძლებელი ხდება - ნარჩენები სხვა მანქანების ტვირთს ერევა და შემდეგ სარკინიგზო ვაგონებში გადააქვთ.

თუ ძებნის დაწყება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოქალაქეებს ნარჩენების ობიექტზე მისვლა და ძებნაში მონაწილეობაც შეუძლიათ. დეპარტამენტი მათ საჭირო აღჭურვილობით - ხელთათმანებით, ნიჩბებითა და სპეციალური ხელსაწყოებით უზრუნველყოფს.
ამ შემთხვევაში კი ძებნას ბედნიერი დასასრული ჰქონდა- ოთხი თაობის ისტორიის მქონე ორი ბეჭედი ნაგვის უზარმაზარ გროვაში იპოვეს და მფლობელს დაუბრუნეს.