„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ წევრს, ცოტნე მირცხულავას, რომელიც 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში საარჩევნო კამპანიის დროს ნიკა მელიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს მისი თანმხლები პირი იყო, ხვალ ბრალს წაუყენებენ, - აღნიშნულის შესახებ თავად ცოტნე მირცხულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ის ამბავი ხომ გახსოვთ, ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში, ჰოდა, სწორედ იმ ამბავზე, ხვალ, პროკურატურა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალს წამიყენებს.
პირდაპირ ეთერში, კამერების წინ მოხდა ყველაფერი. 2 წელია ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ და ახლა თურმე, პროკურატურამ ბრალი მე უნდა წარმიდგინოს. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. მთავარია, ბოლომდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ. ამ ამბავსაც აუცილებლად ტკბილად გავიხსენებთ”, - წერს მირცხულავა.
აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირისთვის ბრალდება ამ ეტაპამდე წარდგენილი არ არის.