გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მოკული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მიმოწერა, რომელიც იმნაძის ბებიამ გაასაჯაროვა, დიდი ხანია მას ნანახი აქვს და ეს არაფერს ცვლის, რადგან, მისი თქმით, ნია იმნაძეს მკვლელობას არავინ ედავებოდა და მას სწორედ წაქეზებას ედავებიან.
ეკა კუპატაძის თქმით, წარმოუდგენელი და დაუჯერებლია, ის რაც საქმის მასალებში დევს.
"ათმა არასრულწლოვანმა 4 დღეში დაგეგმა და ჩაიდინა მკვლელობა. თქვენზე მეტად მე მიკვირის. უფრო მეტად მიკვირს, რაც დევს საქმის მასალებში. მკვლელობისთანავე, როგორც კი ტაქსიში ჩაჯდა გაბაშვილი, დროის სიზუსტით გეუბნებით, მაშინვე წერს ანი ნასყიდაშვილს [შეტყობინებები] წაშალე. ტრაგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ის აწვდის თავისი ელექტროშოკის ინფორმაციებს და ეუბნება გათიშავს თუ არა პიროვნებას, თან ეუბნება, დაივიწყე რაც გითხარი. ხალხო, ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან. მე რა, რომ იყვნენ 17 წლის ბიჭები? ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები, მათ დარტყმის ტექნიკებიც იციან“ - განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ, "TV პირველთან".
ეკა კუპატაძის განცხადებით, ნია იმნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ მისი შეყვარებული იყო მოძალადე და სწორედ მის მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაცია გახდებოდა ამ შედეგის მომტანი.
"ნია იმნაძემ უთხრა გაბაშვილს, რომ მასწავლებელი ავიწროვებდა, მაგრამ ავიწროვებდა? იმნაძემ ეს უთხრა კრიმინალისაკენ მიდერკილს, რომ ეგონა საქართველოს გაწმენდდა და შემდეგ მსოფლიოს - ე.წ. პედოფილებისგან", - ამბობს ეკა კუპატაძე.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ბებია, შორენა ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გარკვეულ მიმოწერის სქრინებს აქვეყნებს, სადაც მისი შვილიშვილის შესახებ საუბარია აღწერილი. ის სვამს კითხვას, სად ჩანს და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე თავდასხმისთვის.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/YtXqMZ5okmQ?si=UdBbTUJT6njV-jWk" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>