ოჯახი კიდევ ერთ ახალგაზრდას ეძებს. 10 წლის წინ სოფელ ქორდში ნიკა საღინაშვილი დაიკარგა, - ინფორმაციას ამის შესახებ TV პირველი ავრცელებს.
"ეს იყო 2016 წლის 28 მაისი. ძალიან ცუდი ამინდი იყო - სიგარეტის საყიდლად წავიდა მაღაზიაში. იყიდა სიგარეტი და ბიჭები ქეიფობდნენ იქვე და შევიდა ესეც. შევიდა და ბიჭებს უთხრა - ისეთი წყალი მოდის ჩემს ბაღში, უნდა ავიდე და გადავკეტოო. ეს იყო, მეტი არაფერი, აღარაფერი ვიცით. იქ ცოტა ხანი იქეიფა და მის მერე გაუჩინარდა.
საღამო იყო, არ ბნელოდა - ოდნავ რომ შებინდება ის პერიოდი იყო. დავრეკე მეგობრის ტელეფონზე - იმან მიპასუხა, რომ სახლში წამოვიდაო. დავიწყეთ ძებნა, მაშინვე ჩაერთო პოლიცია სამძებრო სამუშაოებში. მთელმა სოფელმა დაიწყო ძებნა. ეს ბიჭებიც ნასვამები იყვნენ და იმ საღამოს ვერ გაიხსენეს, მეორე დღეს მეზობლის კაცმა თქვაო, რომ უნდა ავიდე და წყალი გადავკეტოო.
ის მილი არის ახლოს მავთულხლართებთან, აქ რკინის ღობეა გაბმული და იმასთან სულ ახლოს არის ეს მილი. იმ ტერიტორიაზე გადასვლა არ სჭირდებოდა. ცოტა ნასვამი იყო ან შეიძლება სულაც არ არის იქით ასული და გზაში რაღაცა მოხდა, სადაც მიდიოდა, ეგეც არ ვიცით... 10 წელია ჯოჯოხეთში ცხოვრობ, ყველგან ვიყავი აბსოლუტურად, მეუბნებოდნენ გადაეცა შესაბამის ორგანოს და გამოძიება მიმდინარეობსო, " - ამბობს დაკარგული ბიჭის დედა "ტვ პირველთან".