"ნაქირავებში ვარ ამჟამად ამ კომპანიის გამო და ძალიან მიჭირს ქირის გადახდა, რა შეიძლება გაკეთდეს?" - რას ურჩევს იურისტი "სფერო ჰოლდინგისგან" დაზარალებულს?

"ნაქირავებში ვარ ამჟამად ამ კომპანიის გამო და ძალიან მიჭირს ქირის გადახდა, რა შეიძლება გაკეთდეს?" - რას ურჩევს იურისტი "სფერო ჰოლდინგისგან" დაზარალებულს?

ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეები ხშირად აწყდებიან რთულ სამართლებრივ ბარიერებს - იქნება ეს შეჩერებული აღსრულების პროცესები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცედურები, მემკვიდრეობის მიღება საზღვარგარეთიდან თუ არასრულწლოვანი შვილების უფლებების დაცვა.

აღნიშნულ და სხვა აქტუალურ სამართლებრივ შეკითხვებს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

ვარ სფერო ჰოლდინგისგან დაზარალებული, ვიჩივლე სამოქალაქო წესით სასამართლოში და მოვიგე დავა, მეორე მხარე არც კი გამოცხადდა პროცესზე. მოხდა მშენებარე ქონების დაყადაღება, შევიტანე აღსრულებაში განაცხადი ერთი წელია, სასწრაფოდ გადამახდევინეს მომსახურების თანხა, ახლა მეუბნებიან, რომ ეს წლები გაიწელებაო. როგორ უნდა ვაიძულო აღმასრულებელი, რომ ქონება გაიტანოს აუქციონზე? რა ბერკეტები მაქვს ასეთ დროს? ქუჩაში ვარ დარჩენილი ფაქტობრივად, ნაქირავებში ვარ ამჟამად ამ კომპანიის გამო და ძალიან მიჭირს ქირის გადახდა, რა შეიძლება გაკეთდეს? აქვე დავძენ, რომ მყავს არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო პროცესები მიდის სს საქმეზე და იქ მოწმის სტატუსიც კი არ მაქვს, რას მირჩევთ?

- თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ აღმასრულებელს ქონების აუქციონზე გატანის აუცილებლობის შესახებ წერილობითი განცხადებით. თუ ის უმოქმედობას გამოიჩენს, უნდა მიმართოთ ზედამხედველობის წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს ან სასამართლოს (სარჩელი აღსრულების უმოქმედობის გამო). არასრულწლოვანი შვილების არსებობა გაძლევთ საფუძველს, მოითხოვოთ საქმის დაჩქარება აღსრულების ბიუროში სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, მოწმის სტატუსთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ გამომძიებელს ან პროკურორს, რომლებიც უძღვებიან საქმეს.

მაქვს ბინა, რომელსაც ახალი აზომვა არ აქვს გაკეთებული და კვადრატულობა საბჭოთა პერიოდის, ძველი წერია, რომ შევიტანო საჯარო რეესტრში განცხადება, რა თანხის გადახდა მომიწევს? ვარ სოციალურად დაუცველი და მაქვს თუ არა რაიმე შეღავათი?

- აზომვითი ნახაზის მომზადება ფასიანი მომსახურებაა, ამისათვის უნდა მიმართოთ ამზომველს. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური დამოკიდებულია ვადებზე. სოციალურად დაუცველთათვის შესაძლოა არსებობდეს გარკვეული შეღავათები კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა თქვენზე ვერ გავრცელდება ვერანაირი შეღავათი, რადგან მსგავსი მომსახურებისათვის არ არის გათვალისწინებული შეღავათები. განაგრძეთ კითხვა