"ჩემი შემოქმედება პირდაპირ კავშირშია ჩემს ემოციებსა და პიროვნებასთან - ინსპირაციას მხოლოდ საკუთარი შეგრძნებებიდან ვიღებ,“ - ამბობს დიზაინერი მაია სირაძე, ბრენდ SMAK-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.
ეს არის მასშტაბური სავაჭრო-საგამოფენო პლატფორმა, სადაც იკრიბებიან კონცეპტუალური დიზაინერები, ბაიერები, სტილისტები და საერთაშორისო პრესა. დიზაინერ მაია სირაძეს ამერიკაში თავისი ახალი კოლექცია მიაქვს.

"ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული B2B საგამოფენო სივრცე, სავაჭრო გამოფენა. ამ საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში უამრავი ადამიანი შენს ნამუშევრებს ათვალიერებს არა პოდიუმზე, არამედ საგამოფენო ფორმატში. ასე რომ, ნიუ-იორკში მიმაქვს კოლექცია და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველაფერი კარგად მოხერხდეს. ასე რომ, წინ ნიუ-იორკია: პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა“, - დასძენს რესპონდენტი.
მაია სირაძის ნამუშევრები სცდება ტრადიციული მოდის საზღვრებს: არც მხოლოდ მაღალი მოდაა და არც ჩვეულებრივი ქეჟუალი. ეს არის სრულიად განსხვავებული, რაღაც სტანდარტებს მიღმა - მომავლის ხელოვნება (Contemporary Art). როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მას ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მეტსახელად "გოგონა მომავლიდან“ შეარქვა.

"განვლილ ცხოვრებას შემოქმედებით ჭრილში თუ გადავხედავთ, ჩემი ნამუშევრები ძირითადად ემოციებზეა დაყრდნობილი. არიან ადამიანები, რომლებიც ინსპირაციას სხვადასხვა გარეგანი წყაროდან იღებენ, მე კი ინსპირაციას საკუთარი თავისგან, საკუთარი შეგრძნებებიდან და ემოციებიდან ვიღებ.
ეს საქმიანობა იმდენს მოითხოვს და თან ქვეყანაშიც ისეთი გარემოა, რომ სულ აქტიური უნდა იყო, სიახლეები უნდა გქონდეს. ზოგჯერ ამის რესურსი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვალდებული ვარ, ვაკეთო. ზოგისთვის ეს შესაძლოა ჩვეულებრივ რუტინად იქცეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში დგება პერიოდი, როცა მინდა ცოტა ხნით გავემიჯნო ყველაფერს, თუმცა რეალობა გვაიძულებს, ყოველდღიურ რიტმში ვიყოთ“, - აღნიშნავს დიზაინერი.
მაია სირაძისთვის სამოსის შექმნა შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. როგორც თავად იხსენებს, თავიდანვე მკაფიოდ ჰქონდა გააზრებული, რომ დიზაინერობა მისი ცხოვრების მთავარი გზა გახდებოდა.
თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირებისა და დიზაინის მიმართულების დასრულების შემდეგ, აქტიურად დაიწყო მონაწილეობა მოდის ჩვენებებში, კონკურსებსა და კვირეულებში. თუმცა, შემოქმედებითი ძიების პროცესმა ის დროებით საგამოფენო სივრცეშიც გადაიყვანა, სადაც ინსტალაციებსა და პერფორმანსებს ქმნიდა.

"გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დავუბრუნდი მოდის სფეროს. ბერლინის, დენვერის, კაროლინასა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულების ფარგლებში ხშირად ვმონაწილეობდი. გამოფენები და ჩვენებები მქონდა ლონდონში, იტალიაში, ბელგიასა და გერმანიაში“ - ჰყვება ის.
რადგან მაია სირაძის სამოსი არ ჯდება ჩვეულებრივ ჩარჩოებში და მიზნად ისახავს მნახველში ძლიერი ემოციის გაღვიძებას. მისი თქმით, მისთვის მთავარი კომპასი შინაგანი სამყაროა:
"ჩვენს მომხმარებელს საკუთარ ხედვას ვთავაზობთ. სამოსი შეიძლება იყოს სრულიად უჩვეულო, მაგრამ ადამიანში იწვევს ემოციას. ამავდროულად, თუ მომხმარებელს კონკრეტული ფერი, ან ფორმა სურს, ამას ვითვალისწინებთ“ - განმარტავს მაია სირაძე.
- სად შეიძლება თქვენ მიერ შექმნილი სამოსის გამოყენება?
- გვყვანან მომხმარებლები, რომლებიც ჩვენს სამოსს ყოველდღიურობაში ატარებენ. ზოგი განსაკუთრებულ დღეებში იცვამს - დაბადების დღეზე, ღონისძიებაზე, გამოფენაზე ან ტელევიზიაში. პიროვნებიდან გამომდინარეობს: ზოგი ისე ბუნებრივად იყენებს ყოველდღიურად, თითქოს სპორტული სამოსი ეცვას, ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს.

· ბრენდის სტილი
- მომხმარებელს ჩვენსას ვთავაზობთ ბრენდს აქვს თავისი განსაკუთრებული სტილი, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. იმას არ ვამბობ, რომ ეს ყველას მოსწონს - შეიძლება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყოს კონტექსტიდან, მაგრამ ადამიანში იწვევს ემოციას: "ვაუ, ეს რა არის, რა უცნაურია?!“
გვაქვს ჩვენი ნიმუშები. თუმცა, თუ ადამიანს სურს, მაგალითად, შედარებით მშვიდ ფერებში ან, პირიქით, უფრო მკვეთრ დეტალებში შესრულებული სამოსი, ამას აუცილებლად ვითვალისწინებთ. არც ზომებსა და ფორმებში გვაქვს შეზღუდვა, სრულ თავისუფლებას ვაძლევთ მომხმარებელს... სტუდიაშივეა სამკერვალო. იქვეა. ჯერ ადგილზე ვამზადებთ, მერე ხელით ვამუშავებთ დეტალებს და ასე ვუგზავნით ადრესატს, ან თვითონ მოდიან და ადგილზე იღებენ... სტუდიაში დიზაინერი მხოლოდ მე ვარ, თუმცა, როდესაც კონკრეტულ პროექტზე ვმუშაობთ, პროცესში მთელი გუნდია ჩართული.
2017 წლიდან ბრენდმა ახალი ეტაპი დაიწყო - თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე გაიხსნა სტუდია და შოურუმი. მანამდე დიზაინერი სახლში მუშაობდა, 2017 წლიდან კი პროცესი უფრო მასშტაბური და მობილიზებული გახდა.
დღეს სტუდიაში იქვე მზადდება სამოსი, რომელიც ხელით დამუშავების შემდეგ მომხმარებლამდე აღწევს. თითოეული კოლექციის შექმნაში დიზაინერთან ერთად მთელი გუნდია ჩართული.
დიზაინერს ეს სახელი სამხატვრო აკადემიაში სწავლისას მეგობარმა შეარქვა, რაც პოზიტივთან, ღიმილთან და ოპტიმიზმთან ასოცირდება - თვისებებთან, რომლებიც დღემდე განსაზღვრავს მაია სირაძის შემოქმედებით განწყობას. ვინაიდან მაია ჰქვია, "მაკო-მაკი“-საც შემოკლებით და მოფერებით ხშირად ეძახდნენ და ასე გახდა "სმაკი“...
საუბრისას დიზაინერი შეეხო ქართული მოდის დღევანდელ მდგომარეობასაც და განსაკუთრებით აღნიშნავს დემნა გვასალიას როლს საერთაშორისო ასპარეზზე:
"დემნამ სრულიად ასახელა და აღიარება მოუპოვა ქართულ მოდას მსოფლიოში. გასაოცარი ვინმეა, აღტაცებული ვარ. ნიუ-იორკში რომ ვიყავი და დემნას მაღაზიაში შევედი, თანამშრომლებს უკვირდათ ჩემი ჩაცმულობა. როდესაც ვუთხარი, რომ იმ ქვეყნიდან ვარ, საიდანაც დემნა, აღფრთოვანდნენ - რა მაგარი დიზაინერები ჰყოლია საქართველოსო.“

- წარმატებას მხოლოდ ნიჭი განაპირობებს თუ გამართლებაც საჭიროა? ჩემი ფორმულა ასეთია: უნარები + მონდომება + თავდაუზოგავი შრომა... მეთანხმებით?
- ამაზე ხშირად ვფიქრობ - გამართლებაზეა დამოკიდებული თუ საკუთარ რესურსებზე... თქვენი ფორმულა ძალიან კარგია და გეთანხმებით... მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვსაუბრობთ ამაზე - ადამიანს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორსაც იმსახურებს, თუ ისეთი, როგორიც უნდა?

- ვფიქრობ ისეთი, როგორსაც იმსახურებს. შრომით უნდა დაიმსახურო, ისე არაფერი მოდის. თუმცა სამყაროსგან შეიძლება საჩუქარიც მიიღო, რომელსაც მერე შენარჩუნება ასევე შრომით სჭირდება.
- დიახ, ყველაზე დიდი რესურსი სწორედ მიღებულის შენარჩუნებას სჭირდება... ჯერჯერობით ბოლომდე ფრთები არ მაქვს გაშლილი, რადგან საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ამ ეტაპამდე რაც ავაგე, იმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამაზე მეტი მინდა. მთავარი შრომაა. ზოგჯერ ვიღლები, მაგრამ მეორე წამს ხვდები, რომ ბოლო რესურსიც უნდა დახარჯო და მაინც გააკეთო ის, რაც გიყვარს.