ავტორი:

"როცა თემურმა პირველად მნახა, ჯერ კიდევ ნიკოს ცოლი ვიყავი... მითხრეს, თემურ უგულავას მოეწონეო" - ეკა ნიჟარაძე მისი და ცნობილი ბიზნესმენის ურთიერთობაზე

"როცა თემურმა პირველად მნახა, ჯერ კიდევ ნიკოს ცოლი ვიყავი... მითხრეს, თემურ უგულავას მოეწონეო" - ეკა ნიჟარაძე მისი და ცნობილი ბიზნესმენის ურთიერთობაზე

სანამ მსხვილი ბიზნესის მფლობელი გახდებოდა, თემურ უგულავა უბრალოდ 27 წლის ენერგიული, შეყვარებული ბიჭი იყო - 90-იანების თბილისისთვის დაუჯერებელი სიურპრიზებით, უზარმაზარი თაიგულებითა და პირველი "მოტოროლას" ტელეფონით...

მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ვიკა ბუკიასთან გადაცემაში ექსკლუზიურად გაიხსენა თითქმის 30-წლიანი ურთიერთობის ისტორია, რომელიც ტკივილთან ერთად, უამრავ თბილ მოგონებას, დიდ მზრუნველობასა და სიყვარულს ინახავს.

როდესაც თემურმა პირველად სცენაზე ნახა, ის ნიკო გომელაურის ცოლი იყო და ორ შვილს ზრდიდა. პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, მის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბიზნესმენი, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ არ იცნობდა საზოგადოება. წყვილს საერთო შვილი შეეძინათ, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილან. უგულავას უკვე ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. ეკას შემდეგ ის კიდევ რამდენიმეჯერ დაოჯახდა, თუმცა, როგორც მსახიობი ინტერვიუში ჰყვება, თემურის გარდაცვალებამდე შეინარჩუნეს მეგობრობა

- მთელი ტრაგიზმი ამ ამბის არის, რომ წავიდა ადამიანი - ჩემი შვილის მამა და ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი - მე ეს ყველაფერი გამოვლილი მქონდა... მე და ჩემს უფროს შვილებს 2010-ში, როცა ნიკო გარდაიცვალა იგივე დიაგნოზით, 39 წლის ასაკში.

როცა ეს შენს შვილებს ეხება, ეს არის საშინელება. ჩემი უფროსი შვილებისთვის ეს ორმაგი სიმძიმის იყო, იმიტომ რომ თემური ძალიან უყვარდათ, მან მამობა გაუწია ჩემს უფროს შვილებს და თან რომ იცოდნენ, რამხელა ტკივილი უნდა გამოიაროს უმცროსმა ძმამ, ანუ ნოდარმა. მანამდე ჩემი ბავშვობის მეგობარი დავკარგე სიმსივნით, რომელიც მუსიკაზე გავიცანი, მაშინ 12 წლისები ვიყავით და მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ. როდესაც შენს თვალწინ ქრება და დნება ადამიანი.

თემურს რაც შეეხება, რა ვიცი, ვერ წარმოიდგენ, რომ გგონია, რომ მოერევა... ახლა ამ გადასახედიდან როგორც ვხვდები, თვითონაც აცნობიერებდა, რომ ვერ... ძალიან მალე მოხდა ეს, იმდენად მალე, რომ კიდევ ვერ ვხარშავ. ექვსი თვე... ნიკომ ორი წელი იბრძოლა. მასაც ძალიან აგრესიული ფორმა ჰქონდა, უფრო ახალგაზრდა იყო და, მიუხედავად ამისა, მაინც ორი წელი გაქაჩა, სულ მუშაობდა, სულ გასტროლებზე დაფრინავდა სიცხეებით, ქიმიით, მაგრამ მაინც ორი წელი იცოცხლა. იქაც ვერ ვუშვებ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.

შვილები ყველა თემურისთან ერთად იყვნენ. მეც ჩავფრინდი, ყველა იქ ვიყავით, ყველა იქ ვიყავით და ყველა თავის შვილს დაელოდა…

ნიკო რომ გარდაიცვალა, თემურმა უთხრა ტასოს თქვენ არ გეგონოთ, რომ უმამოდ დარჩით, მე აქ ვარო. თემურმა გაუწია მამობა. მამობაც და მეგობრებიც იყვნენ, გიჟდებოდნენ ესენი იმაზე. თემურსაც ძაან უყვარდა და მეკითხებოდა ხოლმე, რომ: ჯეჯი უფრო გიყვარს თუ ნოდოო (ანუ თავისი შვილი)? თვითონ ამბობდა ხოლმე, რომ ჯეჯიო - იმისათვის, რომ ჯეჯის არ ეგრძნო უფრო დაჩაგრულად თავი, რახან თემურის შვილი არ არის, და მე ამაზე სულ ვჩხუბობდი!

ბავშვებს ვუყვები სულ, რაღაცებს ვიხსენებთ და ყველას თავისი წილი თემური ჰყავდა. ეგ არის ძალიან სასაცილოც თან და უცნაურიც, მაგრამ ყველა თავის წილ თემურზე რომ ჰყვებოდა აი, იმ ვითარებაში...

თემურ უგულავა, ტასო და ჯეჯი გომელაურები

ჩვენი საერთო შვილი 27 წლის გახდა 11 ივლისს, ანუ სადღაც 28-29 წელია ვიცნობ, თითქმის 30 წელი. მე ვიცნობდი სრულიად სხვანაირ თემურს, რომელსაც მაშინ არც ბიზნესი ჰქონდა, არაფერი საერთოდ. იყო ერთი, ჩვეულებრივი ბიჭი.

მე ვიყავი 26-ის, თემური იყო 27-ის. ვაიმე ღმერთო ჩემო, რაღაცნაირად თან ბავშვური, თან ეს რაღაც კაცურიც ჰქონდა, იმიტომ რომ რეალურად აბსოლუტურად არ იყო ის ტიპი, რომელიც მე შეიძლებოდა რომ მომწონებოდა, რადიკალურად - არანაირად, არანაირად!

მე ვცეკვავდი, იყო ეგეთი შოუ-ბალეტი „ვერნისაჟი“. როდესაც პირველად მნახა, მე მაშინ ჯერ ნიკოს ცოლი ვიყავი, უკვე ორი შვილი მყავდა. ვიღაცებმა მითხრეს, რომ თემურ უგულავას მოეწონე ძალიანო. ვინ არის-თქო, ვიკითხე, იმიტომ რომ არ ვიცოდი. აზრზე არ ვიყავი და აბსოლუტურად გავატარე ეს. მერე, ალბათ ერთ-ორ წელიწადში, უკვე გავშორდით მე და ნიკო. კიდევ მოვიდა და კიდევ შევხვდი და იქ უკვე გაიგო, რომ გაშორებული ვარ…

რამდენიმე თვე ისე აქტიურად მირეკავდა, მოდიოდა... მერიდება ხოლმე ისტორიების მოყოლა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი იყო, ისეთი აი, რაღაცნაირი... მობილური მაჩუქა, მერიდებოდა მე ამ მობილურის ამოღება, იმიტომ რომ უხერხული იყო. ამერიკულ ფილმებში რომ ვხედავთ, „მოტოროლას“ რომ ხსნიან და ანტენას რომ წევენ, აი ეგ! ოღონდ ანტენას მე არ ვწევდი და რომ რეკავდა, არ ვიღებდი, უბრალოდ ვდებდი. ნუ, რაღაც ძალიან ფუფუნების საგანი იყო, ეს არის 1997 წელი.

ეკა ნიჟარაძე შვილთან, ნოდო უგულავასთან ერთად

თავისი მობილური მაჩუქა, რომ დაერეკა. აი, შეეძლო უცებ დაერეკა, რომ ახლა ჩქარა გამოდი, ჩამოდი... რაღაც ძალიან ისეთი იყო, ტარაბუას რომ დაგახვევს, ენერგიული. რამდენიმე თვე რაღაც ისე დავდიოდით, მივდიოდით, მოვდიოდით... თავისი ყვავილების გამოგზავნით, რაღაც სიგიჟე! ოღონდ დიდი რაოდენობით ყვავილი, თაიგული კი არა. დედაჩემმა დამირეკა: აქ რაღაც ყუთით ყვავილები მოიტანესო. მაშინ იყო ერთადერთი მაღაზია პეკინზე, ჰოლანდიური ყვავილები იყო ახალი შემოსული, ეს მაღაზია გაიხსნა - აი, რაღაც თითო ყვავილი რომ კოლბაშია... ნუ, რაღაც საოცრება იყო მაშინ! მითუმეტეს, ახლა მიხაკებზე გაზრდილი ბავშვები, უცებ რაღაც საოცრება ყვავილებით! სახლში რომ მივედი, ვერ შევდიოდი, ისეთი რაოდენობა იყო, თავისი ქოთნებით...

სულ მქონდა ხოლმე ურთიერთობა და ძალიან ვმეგობრობდით. რა ვიცი, ვეუბნებოდი, რაც სათქმელი მქონდა, თვითონაც.

ახლა ავად როცა იყო, ვხვდებოდი ხოლმე, ვნახულობდი და, რა ვიცი, გადასარევად გამოიყურებოდა ბოლომდე. მე, ბუნებრივია, არც ვიმჩნევდი არაფერს და ვერც შეიმჩნევდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად იყო... ჯანზე იყო ბოლომდე. ნუ, სამწუხაროდ, მოხდა...