რუსეთში, თათრეთის ოლქში. უკრაინული დრონებით განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
კიევს თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ნიჟნეკამსკი - ქალაქი, სადაც თავდასხმა განხორციელდა, უკრაინის საზღვრიდან 1 100 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული და იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მსხვილი ნავთობქიმიური კომპანია მდებარეობს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დაუდასტურებელ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს კვამლი და ცეცხლის ალი, ფონზე კი საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის კონკრეტული სამიზნის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, კიევმა ბოლო პერიოდში გააძლიერა დარტყმები იმ ობიექტებზე, რომლებიც, უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის ომისთვის შემოსავლებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მონაწილეობენ.
მოსკოვმა დაადასტურა, რომ თავდასხმის სამიზნეებს შორის სამრეწველო ობიექტებთან ერთად საცხოვრებელი ტერიტორიებიც იყო. "იქ იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ არანაირ სამხედრო ოპერაციაში“, - განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.