ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის განცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჟურნალისტის პირად "ფეისბუქ““ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ჩანს, რომ კობა ფარტენაძე რეგულარულად მიმართავს პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა პრობლემა არ გვარდება.
თავდასხმები ჟურნალისტს მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ამყოფებს, ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში. ის წერს: "ყოველდღე ვმუშაობ, ვცდილობ ჩემი საქმე პროფესიონალურად შევასრულო და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. არ უნდა მიწევდეს იმის არჩევა, სამსახურში მივიდე თუ სახლში დავრჩე, იმიტომ რომ უკან შეიძლება ვერ დავბრუნდე“.
ჟურნალისტმა "აჭარა თაიმსს“ უთხრა, რომ მისი ვარაუდით, თავდასხმის ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა მისი პროფესიული საქმიანობაც იყოს, ვინაიდან თავდამსხმელი აჭარის ტელევიზიასაც უცენზურო და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა.
ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის ატმოსფერო, სამართალდამცავი სტრუქტურების გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ კანონი მათ დაიცავს.
ქარტია შსს-ს მოუწოდებს, გაიაზროს მდგომარეობის სიმძიმე და საქმის სერიოზულობა, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს დაზარალებული ჟურნალისტის მიმართ, გამოავლინოს და დასაჯოს მოძალადეები მანამ, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდება“,- ნათქვამია განცხადებაზე.