დიდ ბრიტანეთში, ჰემფშირის საგრაფოში, სატვირთო მანქანაზე გაჩენილი ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მიმდებარე ტყესა და მდელოებს მოედო. ძლიერი კვამლის გამო მნიშვნელოვანი A31 ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით ჩაიკეტა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, გზა „უახლოეს მომავალში“ არ გაიხსნება.

ხანძრის ჩაქრობას ჰემფშირისა და უაიტის კუნძულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძალები ცდილობენ. მათ სამუშაოში დორსეტისა და უილტშირის სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებიც ეხმარებიან.
საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა სოფლად განსაკუთრებით რთულია, რადგან ადგილზე საკმარისი წყლის მიწოდება პრობლემას წარმოადგენს. ამის გამო მეხანძრეები რინგვუდში მდებარე ჰაითაუნის ტბიდან წყლის ამოტუმბვას და ხანძრის კერამდე გრძელი მილსადენის გაყვანას გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ კვამლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი სუნი შორეულ ტერიტორიებზეც იგრძნობოდა. სურეის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ დილით ადგილობრივი მოსახლეობისგან არაერთი ზარი მიიღეს კვამლის სუნთან დაკავშირებით. მათი თქმით, ამის მიზეზი ქარის მიმართულება იყო — ხანძარი სურეიდან დაახლოებით 100 მილის დაშორებით, ჰემფშირში, მძვინვარებდა.

ცეცხლი New Forest-ის ეროვნული პარკის მიმდებარე დაცულ ტერიტორიას შეეხო. აღნიშნული ტერიტორია იშვიათი ველური ბუნების მნიშვნელოვანი ჰაბიტატია.
ეროვნული პარკის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ეკოსისტემა გლობალურად იშვიათია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპის დაბლობი ველური ბუნებისთვის. ტერიტორიაზე ბინადრობს დიდი ბრიტანეთის ექვსივე ადგილობრივი ქვეწარმავალი, ასევე მრავალი იშვიათი ფრინველი, მწერი და სხვა სახეობა.
მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე აგრძელებენ. მოსახლეობას და მძღოლებს მოუწოდებენ, ტერიტორიას თავი აარიდონ და საგანგებო სამსახურების მითითებები დაიცვან.