ავტორი:

ტყის ხანძარი ბრიტანეთში, გადამწვარი მდელოები და ცეცხლის ალყაში მოქცეული მთავარი მაგისტრალი - მძღოლებს მანქანების დატოვება მოუწიათ (ფოტოები)

ტყის ხანძარი ბრიტანეთში, გადამწვარი მდელოები და ცეცხლის ალყაში მოქცეული მთავარი მაგისტრალი - მძღოლებს მანქანების დატოვება მოუწიათ (ფოტოები)

დიდ ბრიტანეთში, ჰემფშირის საგრაფოში, სატვირთო მანქანაზე გაჩენილი ხანძარი სწრაფად გავრცელდა და მიმდებარე ტყესა და მდელოებს მოედო. ძლიერი კვამლის გამო მნიშვნელოვანი A31 ავტომაგისტრალი ორივე მიმართულებით ჩაიკეტა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, გზა "უახლოეს მომავალში“ არ გაიხსნება.

  • ხანძარი 9 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, სატვირთო მანქანაზე გაჩნდა. ცეცხლი მალევე გადავიდა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც მძღოლებს ავტომობილებიდან გადმოსვლა, მანქანების დატოვება და უსაფრთხო ადგილას გადასვლა მოუწიათ.

ხანძრის ჩაქრობას ჰემფშირისა და უაიტის კუნძულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ძალები ცდილობენ.

საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა სოფლად განსაკუთრებით რთულია, რადგან ადგილზე საკმარისი წყლის მიწოდება პრობლემას წარმოადგენს. ამის გამო მეხანძრეები ყველაზე ახლომდებარე ტბიდან წყლის ამოტუმბვას და ხანძრის კერამდე გრძელი მილსადენის გაყვანას გეგმავენ.

ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ კვამლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი სუნი შორეულ ტერიტორიებზეც იგრძნობოდა. სურეის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ დილით ადგილობრივი მოსახლეობისგან არაერთი ზარი მიიღეს კვამლის სუნთან დაკავშირებით. მათი თქმით, ამის მიზეზი ქარის მიმართულება იყო - ხანძარი სურეიდან დაახლოებით 100 მილის დაშორებით, ჰემფშირში, მძვინვარებდა.

ცეცხლი New Forest-ის ეროვნული პარკის მიმდებარე დაცულ ტერიტორიას შეეხო. აღნიშნული ტერიტორია იშვიათი ველური ბუნების მნიშვნელოვანი ჰაბიტატია.

ეროვნული პარკის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ეკოსისტემა გლობალურად იშვიათია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპის დაბლობი ველური ბუნებისთვის. ტერიტორიაზე ბინადრობს დიდი ბრიტანეთის ექვსივე ადგილობრივი ქვეწარმავალი, ასევე მრავალი იშვიათი ფრინველი, მწერი და სხვა სახეობა.

მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე აგრძელებენ. მოსახლეობას და მძღოლებს მოუწოდებენ, ტერიტორიას თავი აარიდონ და საგანგებო სამსახურების მითითებები დაიცვან.

წყარო