ევროპა ექსტრემალური სიცხის მორიგი ტალღისთვის ემზადება. პროგნოზების თანახმად, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ნაწილში ტემპერატურა 35°C-ს მიაღწევს და კონტინენტის დიდ ნაწილზე გავრცელდება.

ორშაბათს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ცალკეულ რეგიონებში უკვე გამოცხადდა გაფრთხილება ექსტრემალური სიცხის შესახებ. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა უახლოეს დღეებში იმ ქვეყნებშიც არის მოსალოდნელი, რომლებიც ასეთ სიცხეებს ჩვეულნი არ არიან, მათ შორის არის შვეიცარია, ავსტრია და უნგრეთი.
ევროპის ამინდის გაფრთხილების სისტემამ, “MeteoAlarm“-მა, ორშაბათს განაცხადა, რომ აუტანელი სიცხე უკვე იგრძნობა იტალიის უმეტეს ნაწილსა და ხორვატიის სანაპირო ზოლში.
გასულ უქმეებზე, დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (Met Office) მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყანაში ზაფხულის რიგით მეხუთე ცხელი პერიოდი იწყებოდა, ამავდროულად სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთის ინფრასტრუქტურა შედარებით ზომიერ და გრილ კლიმატზეა მორგებული, რაც დამატებით რისკებს ქმნის.
ინგლისის ნახევარში და უელსის მთელ ტერიტორიაზე ოფიციალურად უკვე გამოცხადებულია გვალვა, რის გამოც 23 მილიონ ადამიანს წყლის გამოყენება შეეზღუდა (მაგ. ბაღების მოსარწყავად და მანქანების გასარეცხად).
მოსალოდნელია, რომ კვირის განმავლობაში გვალვის ზონად ინგლისის დამატებითი რეგიონებიც გამოცხადდება.

საფრანგეთში, ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (Meteo-France) მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთში ტემპერატურა 35°C-ს მიაღწევს და კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების გამო “მომავალი ზაფხული, როგორც წესი, უფრო ცხელი იქნება, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.“
როგორც საფრანგეთში, ისე დიდ ბრიტანეთში, ამ წელს უკვე დაფიქსირდა ათასობით სიკვდილანობის შემთხვევა, რომელებიც მაღალ ტემპერატურებს უკავშირდება.
საბერძნეთმა ამ სეზონზე დედაქალაქ ათენის მახლობლად გაჩენილი უკვე მეორე ხანძრის შესახებ განაცხადა. ადგილზე ასობით მეხანძრე და მძიმე ტექნიკა არის გაგზავნილი. მანამდე, დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით 10 დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა 10,000 ჰექტარზე მეტი ფიჭვის ტყე გაანადგურა.

ამ ზაფხულს, საფრანგეთსა და ესპანეთში გაჩენილმა ტყის ხანძრებმა ისტორიულ მაშტაბებს მიაღწია. ქვეყნებში არსებულმა გვალვამ კი ცეცხლის სწრაფად გავრცელებისათვის იდეალური პირობები შექმნა.
სიცხე და გვალვა ევროპის მდინარეებსაც აშრობს. გერმანიაში, მდინარე რაინზე წყლის დონე შესაძლოა იმ დონემდე დაეცეს, რომ ნაოსნობა შეუძლებელი გახდეს. სატვირთო გემები ჯერ კიდევ ახერხებენ გადაზიდვებს მდინარეზე, რომელიც ევროპის უდიდესი ეკონომიკის ინდუსტრიულ ცენტრზე გადის, თუმცა შემცირებული ტვირთამწეობითა და მაღალი დანახარჯებით.
დუნაიზე წყლის დაბალი დონის გამო, უნგრეთი და რუმინეთი იძულებულნი გახდნენ ივლისის ბოლოდან დროებით შეეჩერებინათ ატომური ელექტროსადგურები, რომლებიც გაგრილებისთვის სწორედ მდინარის წყალს იყენებენ.