ავტორი:

ვინ მოკლა 2Pac შაკური - დანაშაულიდან 30 წლის შემდეგ, აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი იწყება

ვინ მოკლა 2Pac  შაკური - დანაშაულიდან  30 წლის შემდეგ, აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესი იწყება

აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ყოფილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის სასამართლო პროცესი იწყება.

საქმე ათწლეულების წინ მომხდარ რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობას ეხება.

პროცესი, რომელიც ორშაბათს ლას-ვეგასში იწყება და სავარაუდოდ ერთ თვეს გაგრძელდება, შესაძლოა მაინც ვერ მოჰფინოს ნათელი იმას, თუ ვინ ისროლა 1996 წლის 7 სექტემბერს, როდესაც მუსიკოსი ქალაქში მაიკ ტაისონის ორთაბრძოლაზე დასასწრებად იმყოფებოდა.

პროკურორები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ მკვლელობა, დუეინ “Keffe D“ დევისმა, კრიმინალური დაჯგუფება “South Side Compton Crips“-ის ყოფილმა ლიდერმა შეუკვეთა და მკვლელი იმ იარაღითაც უზრუნველყო. რომლითაც შაკური მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლის გახსნისას მოკლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 63 წლის დევისს უვადო პატიმრობა ემუქრება, შეწყალების უფლების გარეშე.

შაკურის (ასევე ცნობილი როგორც 2Pac) მკვლელობამ მუსიკის მოყვარულებს შორის დებატები გამოიწვია იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული.

25 წლის ასაკში გარდაცვლილი რეპერი აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროების ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების საკვანძო ფიგურა იყო.

ისეთი ჰიტებით ცნობილი რეპერი, როგორებიცაა “California Love“ და “All Eyez on Me“, “შავი პანტერების“ (შავკანიანთა რევოლუციური ორგანიზაცია, რომლის მიზანს შავკანიანთა უბნების პოლიციის სისასტიკისგან დაცვა და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა წარმოადგენდა) წევრის ოჯახში დაიბადა და ჰარლემსა და ბალტიმორში გაიზარდა. თუმცა, ლოს-ანჯელესში ბაზირებულ “Death Row Records“ -თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სწრაფად იქცა კალიფორნიელი “ცუდი ბიჭის“ განსახიერებად.

სასამართლო პროცესი კვლავ გაახსენებს საზოგადოებას ბრძოლას “Death Row“-სა (რომლის დამფუძნებელიც მარიონ “Suge“ ნაიტი იყო) და “Bad Boy Records“-ს შორის. ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ სანაპიროს ლეიბლი გახლდათ, რომელიც შონ ‘Diddy“ კომბსმა შექმნა და რომლის მთავარი ვარსკვლავიც კრისტოფერ “The Notorious B.I.G.“ უოლესი იყო.(მოკლეს 1997 წლის მარტში).

პროკურატურის განცხადებით, “Death Row Records“ -ს “Mob Piru“, ლოს-ანჯელესის კრიმინალური დაჯგუფება იცავდა, რომელიც თავის მხრივ უფრო ფართო დაჯგუფების, Bloods-ის ნაწილი იყო. ნაიტი სწორედ ამ ჯგუფთან იყო დაკავშირებული. თავის მხრივ, “Bad Boy Records“ -ს მცველებად მეტოქე კრიმინალური დაჯგუფება, “South Side Compton Crips“ ჰყავდა დაქირავებული, რომელსაც დევისი ხელმძღვანელობდა.

“MGM Grand“-ის კაზინოში ტაისონის ორთაბრძოლის შემდეგ, ნაიტი და შაკური თავს დაესხნენ დევისის ძმისშვილს, Crips-ის წევრ ორლანდო “Baby Lane“ ენდერსონს, მიზეზი “Death Row“ -ს თანამშრომელზე სავარაუდო თავდასხმის გამო შურისძიება იწარმოადგენდა. ბრალდების მხარის თქმით, ამის გამო დევისმა შურისძიების დაგეგმა დაიწყო.

იმავე ღამეს, თეთრი “კადილაკი“, რომელშიც დევისი, ენდერსონი და კიდევ რამდენიმე ადამიანი იჯდა, შაკურის ავტომობილის გვერდით გაჩერდა. “კადილაკიდან“ ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც შაკური სასიკვდილოდ დაიჭრა.

მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, გამოძიება ათწლეულების განმავლობაში შეჩერებული იყო. თუმცა 2019 წელს დევისის მემუარების გამოქვეყნების შემდეგ, საქმე ხელახლა გაცოცხლდა. წიგნში დევისი იხსენებდა, რომ ის “კადილაკის“ წინა სავარძელზე იჯდა და პისტოლეტი უკანა სავარძელზე მსხდომთ გადასცა. თუმცა მას არ უთქვამს, თუ ვინ გახსნა ცეცხლი შაკურის მიმართულებით. მოგვიანებით, დუეინ დევისის გარდა იმ ღამეს “კადილაკში“ მყოფი ყველა სხვა პირი დაიღუპა.

მამხილებელი აღიარებები იმ განცხადებებს ემთხვეოდა, რომლებიც დევისს მანამდე ჟურნალისტებთან ჰქონდა გაკეთებული. თუმცა ამჯერად, ამ ყველაფერს 2023 წლის სექტემბერში მისი დაკავება მოჰყვა.

მას შემდეგ დევისმა ჩვენება შეცვალა და თავი დამნაშავედ აღარ ცნო.

“მე უდანაშაულო ვარ. არავინ მომიკლავს. არასდროს არავინ მომიკლავს, ჩემს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. იმის დამტკიცებაც კი არ შეუძლიათ, რომ ლას-ვეგასში ვიყავი“, - განაცხადა დევისმა გასული წლის მარტში ციხიდან მიცემულ ინტერვიუში

მან ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი მემუარები არასდროს წაუკითხავს და რომ ფაქტები თანაავტორმა წიგნის გაყიდვების გასაზრდელად გააზვიადა. “მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დეტალები მოვუყევი, მან კი თავისი პატარა გამოძიება ჩაატარა და წიგნი დამოუკიდებლად დაწერა“, - თქვა დევისმა.

პროცესი ნაფიც მსაჯულთა შერჩევით დაიწყება, რასაც სავარაუდოდ ერთი კვირა დასჭირდება.

როგორიც არ უნდა იყოს ვერდიქტი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შაკურის ახლობლებს მოსვენებას მოუტანს. გარდა ამისა, მაისში რეპერის ნახევარძმამ, მორის შაკურმა, სიცოცხლის უკანონოდ მოსპობის გამო, სამოქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სარჩელში მითითებულია ბოლო დროის დოკუმენტურ სერიალი “Sean Combs: The Reckoning“ , სადაც დევისი პოლიციასთან ინტერვიუში ამბობს, რომ კომბსმა (რომელიც ახლა თავადაც ციხეში იმყოფება) მას შაკურის მოკვლის სანაცვლოდ 1 მილიონი დოლარი შესთავაზა.

წყარო