6 აგვისტოს 26 წლის მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ორ არასრულწლოვანს - ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს წაუყენა. იმნაძეს ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ხოლო ანასტასია ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება.როგორც გაცხადდა, გიგა ავალიანის საქმეზე საგამოძიებო ორგანო დაკავებულ არასრულწლოვან გოგონებს 30 დღის განმავლობაში ფარულად უსმენდა. გიგა ავალიანის საქმის პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ ნია იმნაძის სახლში ფარული მიყურადებით იქნა მოპოვებული.
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანის დედა: - ზოგიერთი ამბობს, საქმეში მტკიცებულებები არ არის და მხოლოდ ეკას მოთხოვნით იჭერენ ახალგაზრდებსო. თუკი ეკას მოთხოვნით იჭერენ, 20 ოქტომბრიდან მოვითხოვდი ნია იმნაძის დაჭერას, რატომ აქამდე არ დაიჭირეს? ათი თვე დასჭირდა კარგად შეფუთული, მიჩქმალული და კარგად ჩაფარცხული საქმის გამოძიებას. ნია იმნაძის ტელეფონი გასუფთავებული იყო და ერთ მოწყობილობაზე შეერთების შემდეგ ბევრი რამ აღდგა (სრულად - ვერა). იქაც იყო გარკვეული ინფორმაცია, რითაც პროკურატურამ ბრალის წარდგენა შეძლო. ასევე გასუფთავებული იყო გიორგი მალანიასა და დანარჩენების ტელეფონებიც, თან ისეთ მაღალ დონეზე, როგორადაც არასრულწლოვანი თავად ვერ გაასუფთავებდა. მათ ყველაფერი მოიშორეს - ტანსაცმელი, კეპი, ფეხსაცმელები... ანუ მტკიცებულებები გააქრეს, თუმცა მასალები აღდგა. როცა ოჯახები გაჩხრიკეს, მაშინ დამონტაჟდა ფარული მოსასმენები სახლებში, ციხეებში, მანქანებში... მათ გაშიფვრას დრო ხომ უნდოდა? ჩანაწერები ფონოსკოპიურ ექსპერტიზას გადაეცა და ამასობაში 10 თვე გავიდა.
ნია იმნაძეს არც არავინ ედავება მკვლელობის დაკვეთას, წაქეზებას - კი, ის უბიძგებს, რომ პასუხი მოსთხოვონ გიგას, დანაშაულისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ნია იმნაძემ იცის ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და როცა კრიმინალური სულისკვეთების ადამიანთან არჩევ ამბავს და ეუბნები რაღაცას, ეს უკვე წაქეზებაა.
მთელმა დიდმა დიღომმა იცოდა, რომ ეს ბიჭები უბნელ 10 -13 წლის ბავშვებს ფულს ინტენსიურად სძალავდნენ, ძალადობდნენ, გაკვეთილებზე მასწავლებლებს ატირებდნენ... იმავე სკოლაშია ნია იმნაძე და მანაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ასეთი სულისკვეთების ადამიანთან რომ საუბრობ სხვა ტონით, ეს არის წაქეზება. საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: "მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან".
დადგენილია, რომ თავდასხმას გეგმავდნენ. გიგას უთვალთვალებდნენ, მარტო რომ მოეხელთებინათ. ამ პერიოდის განმავლობაში განიხილავდნენ თავდასხმის დეტალებს, მათ შორის, ნიაც. ამის დამადასტურებელი მესიჯები არსებობს. საქმის მასალებში წერია: "მთელი ერთი კვირაა, ვეუბნები ნიაკოს, მოგიგვარებ პრობლემებს". ეს იყო ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც მანამდე არაერთ ადამიანს დასხმია თავს. რომ არა ნია იმნაძე, გიორგი მალანია და გიორგი რიკაძე, რომელიც იმ დღეს გაბაშვილს გამოჰყვა, დღეს გიგა ცოცხალი იქნებოდა...განაგრძეთ კითვა