ავტორი:

"ტყეში გაიყვანეს და მუქარით ცდილობდნენ აღიარების იძულებას... დამბრალებელმა ქურდმა თავში ურტყა, თან უმეორებდა წადი თეატრიდანო" - ემიგრანტი მსახიობის სკანდალური პოსტი

"ტყეში გაიყვანეს და მუქარით ცდილობდნენ აღიარების იძულებას... დამბრალებელმა ქურდმა თავში ურტყა, თან უმეორებდა წადი თეატრიდანო" - ემიგრანტი მსახიობის სკანდალური პოსტი

ცნობილი ქართველი მსახიობი მალხაზ აბულაძე, რომელიც უკვე სამი წელია ემიგრაციაში იმყოფება, სოციალურ ქსელში შოკისმომგვრელ პოსტს აქვეყნებს და ქართული თეატრალური სამყაროს იმ კულისებს ააშკარავებს, რომელზეც წლებია დუმან.

  • შეგახსენებთ რომ აბულაძე წლების მანძილზე თუმანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და ასევე მონაწილეობდა რამდენიმე გახმაურებულ პროექტში. უარყოფითი გმირების უბადლო შემსრულებელი, ფართო საზოგადოებამ სერიალებით „ტიფლისი“ და „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო.

ტექსტში, რომელსაც ის „ნაცნობის მონაყოლს“ უწოდებს, აღწერილია სავარაუდო დანაშაულებრივი სქემა, ცილისწამება, გავლენიანი თეატრალური დინასტიების მფარველობა და უმძიმესი ინციდენტი - კოლეგის ტყეში გატაცება, იარაღის მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება თეატრიდან წასვლის მოთხოვნით.

აბულაძის განცხადებით, ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე საგანგაშო სისტემური დუმილი აღმოჩნდა: მოძალადეები დასჯის გარეშე დარჩნენ და დღემდე სცენიდან „სიყვარულსა და სათნოებაზე ქადაგებენ“.

Ambebi. ge უცვლელად გთავაზობთ მსახიობის სკანდალურ სტატუსს:

"ვფიქრობდი დამეწერა თუ არა. მაინც შიდა სამზარეულოა თეატრის,ბევრი თავის თავს ამოიცნობს მეთქი, მაგრამ უნდა დავწერო! მომავალი თაობებისთვის! “ნაცნობის მონაყოლი“ ერთი ჩემი ნაცნობი, ნიჭიერი, პროფესიონალი და საკმაოდ წარმატებული მსახიობი ერთ-ერთ თეატრში მუშაობდა, სანამ ერთ დღესაც სხვა თეატრის რეჟისორი არ დაუკავშირდა. რეჟისორმა შეხვედრაზე აუხსნა, რომ უკვე ორი წელი ემზადებოდა ახალი სპექტაკლისთვის, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაასრულა, და მთავარი როლი სწორედ ჩემს ნაცნობს შესთავაზა.

ნაცნობი დათანხმდა. დაახლოებით ორ-სამ თვეში ძალიან წარმატებული სპექტაკლიც დადგეს, რასაც მოჰყვა მეორე და მესამე მთავარი როლი, მოგვიანებით კი - გასტროლები სხვა ქვეყნებში. ერთ-ერთი გასტროლის დროს,​ინდოეთში, სპექტაკლის მსვლელობისას, საგრიმიოროდან ფული მოჰპარეს ცნობილი და გავლენიანი თეატრალური ოჯახის წარმომადგენელ მსახიობს. ქურდის პოვნა ადგილზე ვერ მოხერხდა.

თბილისში დაბრუნებისთანავე, ერთ-ერთმა მსახიობმა - რომელიც ამ მოგზაურობების დროს ორჯერ დაიჭირეს ქურდობაზე, სასაზღვრო ზონის დუთი ფრიში და თეატრის დირექციამ რაღაცნაირად დაიხსნა - გადაწყვიტა, დანაშაული ჩემი ნაცნობისთვის დაებრალებინა. მან თანამოაზრეები შემოიკრიბა, ჯგუფი შეკრა და თეატრალურ წრეებში ხმა გაავრცელა, თითქოს ფული ჩემმა ნაცნობმა მოიპარა.​

ერთ ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ეს პირები ნაცნობის სახლთან მივიდნენ. ღამის 4-5 საათი იქნებოდა და ეზოდან სახელს უყვიროდნენ, რითაც შეაშინეს ოჯახი, მეუღლე, ბავშვები და მეზობლები. როდესაც ნამძინარევმა ნაცნობმა ფანჯრიდან გადაიხედა, დაბლა ჩასვლა მოსთხოვეს. გული ცუდს მიგრძნობდაო, მაგრამ უკან ვერ დავიხევდიო და ჩავიდა. ​ამის შემდეგ იგი ქალაქგარეთ, ტყეში გაიყვანეს. იქ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ცდილობდნენ მისგან აღიარების იძულებას. ისროდნენ ფეხებთან ახლოს, შემდეგ ტყვიები თავთანაც უწიოდა.

ვკითხე: არ შეგეშინდა მეთქი? მართალი ვიყავი, ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემს მხარეს იდგა და რისი უნდა შემშინებოდაო. რაც არ გამიკეთებია, იმას როგორ ვაღიარებდიო. დამბრალებელმა ქურდ ბაცაცამ სიმწრისგან იარაღის ტარი თავში ურტყა, თან გამუდმებით უმეორებდა წადი თეატრიდან, წადი თეატრიდან,წადი თეატრიდანო.​ სახლში დაბრუნებულ ჩემს ნაცნობს პოლიციისთვის არ მიუმართავს; მოგვიანებით მისი პირვანდელი თეატრის კოლეგები და მეგობრები თავისი ინიციატივით ქუჩურათვე დახვდნენ და სცემეს ორი მათგანი.​

გასაოცარი ის აღმოჩნდა, რომ თეატრის ადმინისტრაციასა და დასს მომხდარზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია - პასუხისმგებლობის აღება ვერავინ გაბედა, რადგან ინციდენტში გავლენიანი თეატრალური დინასტიის წარმომადგენელი ფიგურირებდა. შედეგად, არავინ დასჯილა. ეს ადამიანები დღემდე თეატრში არიან, როლებს თამაშობენ და სცენიდან სიყვარულსა და სათნოებაზე ქადაგებენ.როგორ გინდა ამ საზოგადოებაში შვილები გაზარდო ან ლეგიტიმური გზით რამეს მიაღწიო? - პასუხი თქვენთვის მომინდვია".