"ამ საკითხზე კომენტარს ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გავაკეთებ - როგორც მეუბნებიან და ინტერვიუებს ვნახულობ, ამ ადამიანს [ალეკო ელისაშვილს] პირადად მე ვყავარ ამოჩემებული და რატომღაც ჰგონია, რომ მისი დანაშაული ჩემი ინსპირირებულია", - ასე უპასუხა რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დასკვნაზე დასმულ კითხვას.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ელისაშვილის პიროვნების, მისი პოლიტიკური კუთვნილების, უკანასკნელ წლებში მმართველ პარტიასთან მისი სისტემატური კონფლიქტის და სხვა კონტექსტური გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ელისაშვილის გამტყუნება ტერორისტული აქტის და არა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შესაძლოა, მოხდა იმის გამო, რათა სამაგალითოდ დასჯილიყო პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი და, ამასთანავე, ჩრდილი მიჰყენებოდა, როგორც საკუთრივ ელისაშვილის პიროვნებას, ისე იმ პარტიას, რომლის წევრიც ის არის, და უფრო ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, მთელ პროდასავლურ ოპოზიციას.