საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის წამმზომი ჩართულია და ხალხის და პოლიტიკოსების სიჩუმის ფონზე, სწრაფად მიდის ფატალური დასასრულისკენ. მართლა ისევ უკრაინის გამარჯვება, რომელიც ახლოა, თუ გვიშველის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
"ის რომ ამ დღეებში წარმოუდგენლად მოღალატეობრივი განცხადებები გავატარეთ, რაც პრაქტიკულად მტრისთვის მასობრივად დანებებას ნიშნავს, არის განპირობებული შემდეგი ფაქტორებით: ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, იმიტომ რომ მათზე საქმეა აღძრული და ციხეში მოხვედრის ეშინიათ, ან გაყიდულია, ან ფიქრობს, რომ თუ საქართველოს დაიცავს, ამით ჩემს წისქვილზე დაასხამს წყალს, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ან უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის.
ხალხის ნაწილს მართლა სჯერა რუსული პროპაგანდის, ნაწილი უბრალოდ პირდაპირ მოღალატეა და მაინც, უმეტესი ნაწილი აპათიაშია ჩავარდნილი და ელოდება უკრაინის ომის შედეგებს, გეგონება უკრაინის გამარჯვებით ეგრევე ლანგარზე მოგვერთმევა გამარჯვება და ივანიშვილი თავისით აორთქლდება. ასევე ხალხი უყურებს ოპოზიციის პასიურობას და ამიტომ დემოტივირებულია.
ამ მტერზე ჩაბარებას ექნება კონკრეტული შედეგი, ივანიშვილი რუსების დავალებით ამზადებს საქართველოს ტერიტორიების ჩაბარების ოფიციალურ აღიარებას და ამ აგვისტოს სიჩუმემ ის დაარწმუნა, რომ ხმის ამომღები არც არავინ იქნება (რისიც აქამდე ეშინოდა) და საკუთარი ტყავის გადასარჩენად უახლოეს ხანში აუცილებლად აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ( ჯერ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების დადებით და შემდეგ უკვე სრული აღიარებით).
საქართველოს ყოფნა არ ყოფნის წამმზომი ჩართულია და ხალხის და პოლიტიკოსების სიჩუმის ფონზე, სწრაფად მიდის ფატალური დასასრულისკენ და მართლა ისევ უკრაინის გამარჯვება, რომელიც ახლოა, თუ გვიშველის. მანამდე ჩვენი წინააღმდეგობის გამოცოცხლებით როგორმე უნდა მოვიგოთ ძალიან ძვირფასი დრო.
კიდევ, კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველების თითქმის, საყოველთაო ხელჩაქნევის ფონზე, უკრაინელების 80%-ს ბოლო გამოკითხვებით სჯერათ გამარჯვების და მზად არიან ითმინონ იმდენი, რამდენიც საჭიროა“, - წერს სააკაშვილი.