მსოფლიოში დაფიქსირებულ მუმიფიცირებული ადამიანის ნეშტებით გლობალური ვაჭრობის ზრდის ფაქტს მეცნიერები “მუმიის ნამდვილ წყევლად“ აფასებენ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც კოლექციონერებს, ასევე საფოსტო მომსახურების პერსონალს.

საუკუნეების წინანდელი სხეულის ნაწილების (მათ შორის ხელების, ფეხებისა და თავების) ფარული ყიდვა-გაყიდვის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ საგანგაშო რისკები გამოავლინა, რომლებიც მიძინებულ მიკროორგანიზმებთან და ქსოვილების დასაკონსერვებლად გამოყენებულ ტოქსიკურ ნივთიერებებთან არის დაკავშირებული.
სოციალური მედიის, პირადი ვებგვერდების, ელექტრონული კომერციის პლატფორმებისა და აუქციონების მეშვეობით ნახევრად ფარული, ხშირად უკანონო ვაჭრობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. თუმცა, პროცესში ჩართულ პირებს, როგორც ჩანს, ნაკლებად გაცნობიერებული აქვთ, თუ რა საფრთხის წინაშე აყენებენ ცოცხალ ადამიანებს.
Meta-ს პლატფორმებზე, ონლაინ მაღაზიებსა და აუქციონებზე გამოქვეყნებული 128 პოსტის ანალიზმა აჩვენა, რომ გასაყიდად გამოტანილი მუმიფიცირებული ნეშტების უმეტესობას ბიოლოგიური დაშლის (ბიოდეგრადაციის) აშკარა ნიშნები ეტყობოდა. მიუხედავად ამისა, გამყიდველები მყიდველებს უსაფრთხოების არანაირ რეკომენდაციებს არ აწვდიდნენ და ნივთების გასაგზავნად ხშირად ჩვეულებრივ საფოსტო მომსახურებას იყენებდნენ.

“ყველაზე ხშირად გვხვდებოდა სხეულის ცალკეული ნაწილები, მაგალითად, ხელები და ფეხები, რასაც უკვე მთლიანი მუმიფიცირებული თავები მოჰყვებოდა, საკვლევი ნიმუშების ნახევარზე მეტს (51.6%) სხვადასხვა ხარისხით შემონახული თავები .წ. “ცანცა“ შეადგენდა (დაპატარავებული თავები, რომლებსაც ჩრდილოეთ პერუსა და აღმოსავლეთ ეკვადორში მცხოვრები შუარის ტომის ხალხი ამზადებდა).“ - წერენ კვლევის ავტორები.
მუმიფიკაციის პროცესი, იქნება ეს ხელოვნური თუ ბუნებრივი, მოიცავს რთულ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს, რომელთა მიზანიც გახრწნის შეჩერებაა. საუკუნეების განმავლობაში ქსოვილების შესანარჩუნებლად სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება, მათ შორის მძიმე ლითონები: დარიშხანი, ვერცხლისწყალი და ტყვია გამოიყენებოდა.
გარდა ამისა, საუკუნოვანი გამოშრობის (დეჰიდრატაციის) მიუხედავად, მუმიფიცირებული ნეშტები შესაძლოა მიძინებულ მიკროორგანიზმებსაც შეიცავდეს.
მკვლევრები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ სოკოს მიძინებული სპორები განძრევისას ან ტრანსპორტირებისას ჰაერში ვრცელდება, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

მიჩნეულია, რომ სპორების ჩასუნთქვით გამოწვეულმა ასპერგილოზის მძიმე ფორმამ ითამაშა როლი ლორდ კარნარვონის სიკვდილშიც, რომელიც ეგვიპტეში ტუტანხამონის აკლდამის გათხრების მთავარი სპონსორი იყო. ამ შემთხვევამ კი თავის მხრივ “მუმიის წყევლის“ მითს დაუდო საფუძველი, რომლის თანახმადაც აკლდამის გამხსნელებს უბედურება, დაავადება ან სიკვდილი ელოდათ.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის ადამიანის ბიოარქეოლოგიის პროფესორი, კირსტი სქუაიერსი აცხადებს, რომ მოვაჭრეებს თითქმის არ აქვთ გააზრებული არსებული საფრთხეები.
“ზოგიერთ კომენტარში ისინი “მუმიის სუნს“ ახსენებენ, რაც სწორედ ნაშთების ბიოლოგიური დაშლის შედეგია. გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მუმიფიცირებული ნეშტები დამცავი ქეისების გარეშე, ღია ჰაერზეა, მაგალითად, საცხოვრებელი სახლის ოთახში არის განთავსებული, რაც რეალურად ძალიან საშიშია. გარდა ამისა, ვინაიდან მუმიფიცირებული ნეშტების გადასაზიდად საფოსტო და საკურიერო კომპანიები გამოიყენება, რისკის ქვეშ დგებიან საწყობის თანამშრომლები, მძღოლები, ლოჯისტიკური ცენტრების მუშაკები და საბაჟოს ოფიცრები, რადგან ამ გზავნილებთან პირველადი კონტაქტისას მათ, სავარაუდოდ, ინდივიდუალური დაცვის აუცილებელი საშუალებები არ აცვიათ,“ - განმარტავს პროფესორი