გურამ დადიანიძის დედის, სოფო ბიბილაშვილის უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს სადაც ამბობს, რომ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე, რომელიც აქამდე წინააღმდეგი იყო საქმის ირგვლივ ადვოკატისთვის რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა, გადაწყვიტა რომ გამოვიდეს და აღნიშნულ თემაზე ისაუბროს.
"მინდა გამოვეხმაურო გურამ დადიანიძის მამიდის, ნინო დადიანიძის მიერ „ტიკტოკზე“ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ის არ იყო წინააღმდეგი რომ შემხვედროდა მე, როგორც გურამ დადიანიძის ადვოკატს. მინდა მოგახსენოთ, რომ სოფო ბიბილაშვილი, გურამ დადიანიძის დედა რამდენიმე დღე სთხოვდა მას რომ შემხვედროდა მე, თუმცა საბოლოოდ, მან უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე. დღეს კი, მას შემდეგ, რაც გავიდა საკმაოდ დიდი დრო, ეს ქალბატონი აცხადებს თითქოს, მას ნამდვილად სურდა ჩემთან შეხვედრა. სინამდვილეში, ამ ქალბატონმა დღეს გადაწყვიტა გამოსვლა და ამ თემაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ ნათლად ხედავს რა ნეგატიურად აღიქვა საზოგადოებამ მისი გადაწყვეტილება, რომ არ შემხვედროდა მე და არ ეთანამშრომლა ჩემთან.
ასევე, ნათლად დაინახა, რომ საგამოძიებო მოქმედებები განახლდა და უკვე ძალიან ბევრი რამ კეთდება სიმართლის დასადგენად. მე აღნიშნულ ქალბატონს შევახსენებ, რომ მე ვიცავ მისი ძმის შვილის ინტერესებს, იმ ადამიანის ინტერესებს, რომელიც 17 წლის ასაკში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მე ვიცავ მისი ოჯახის ინტერესს და მე არ ვიცავ მისი მტრის ინტერესს. შესაბამისად, ყველაზე მეტად მისი ინტერესი უნდა იყოს რომ დამეხმაროს სიმართლის დადგენაში. სწორედ მას უნდა უხაროდეს, რომ ადვოკატი ჩაერთო საქმეში და აკეთებს ყველაფერს, რომ გაირკვეს, 17 წლის ბიჭი სად და რა ვითარებაში გაუჩინარდა. სამწუხაროა, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა, ჩვენ მივიღეთ აგრესია და ნეგატიური დამოკიდებულება.
რაც შეეხება, სოფიო ბიბილაშვილის მიმართ დაწყებულ კამპანიას და მისი დისკრედიტაციის მცდელობას. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ სოფიო ბიბილაშვილი 12 წლის განმავლობაში მარტო, საკუთარი სახსრებით, საკუთარი ენერგიის და საკუთარი ნერვების ხარჯზე იბრძვის, რომ იპოვოს თავისი შვილი. იბრძვის, რომ გაარკვიოს რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე. სირცხვილია ამ ადამიანთან ბრძოლა, სირცხვილია ამ ადამიანის წინააღმდეგ ჭორების აგორება და მისი დისკრედიტაცია“, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.