ბილ გეითსის 23 წლის ქალიშვილის, ფიბი გეითსის მიერ დაარსებული სტარტაპი Phia სკანდალში გაეხვა. კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ შოპინგის დროს ფასდაკლებებისა და უკეთესი შეთავაზებების მოძიებაში ეხმარება, საკომისიოს იღებდა იმ გაყიდვებიდანაც, რომელთა განხორციელებაში რეალურად მონაწილეობა არ მიუღია.

პრობლემა ის არის, რომ Bloomberg-ის გამოძიების მიხედვით, Phia-ს სისტემა ზოგჯერ "ქუქი-ფაილს“ მაშინაც ათავსებდა, როდესაც მომხმარებელს მისი კოდი საერთოდ არ გამოუყენებია. შედეგად, კომპანია იმ შესყიდვებიდანაც იღებდა საკომისიოს, რომლებზეც გავლენა რეალურად არ ჰქონია.
გამოძიების მიხედვით, ფიბი გეითსმა და Phia-ს თანადამფუძნებელმა სოფია კიანიმ ამ ფუნქციის შესახებ იცოდნენ. ერთ-ერთ შიდა შეტყობინებაში გეითსი თანამშრომლებს სთხოვდა, დაედასტურებინათ, რომ Phia ყველა გაყიდვიდან შეძლებდა საკომისიოს მიღებას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ მომხმარებელი ფასდაკლების კუპონს არ გამოიყენებდა.

Phia-მ პრობლემური ფუნქციები 7 ივლისს გათიშა და განაცხადა, რომ პარტნიორ ბრენდებთან დაკავშირებულ ყველა ტრანზაქციას გადაამოწმებდა და არასწორად მიღებული საკომისიოების დაბრუნებას დაიწყებდა.
ფიბი გეიTსი, რომელიც ბილ გეიტსისა და მელინდა გეიTსის ქალიშვილია, მანამდე ამბობდა, რომ საკუთარი ბიზნესის წარმატების მიღწევა მშობლების გავლენის გარეშე სურდა. ახლა კი მისი სტარტაპის საქმიანობასთან დაკავშირებული ბრალდებები კომპანიისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.
"აშშ-ის სასამართლოებში ამგვარი ტიპის დანაშაული ფედერალურ საბანკო თაღლითობად განიხილება. არსებობს მაქსიმალური სასჯელის შესაძლებლობა - 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, პლუს ჯარიმები/ანაზღაურება“, -აცხადებს ამერიკელი ადვოკატი, არიელ გივნერი.