ავტორი:

კოსმოსში იდუმალი „წითელი წერტილი“ აღმოაჩინეს - მეცნიერები ამბობენ, რომ ის შესაძლოა შავი ხვრელი იყოს

კოსმოსში იდუმალი „წითელი წერტილი“ აღმოაჩინეს - მეცნიერები ამბობენ, რომ ის შესაძლოა შავი ხვრელი იყოს

ასტრონომებმა შესაძლოა კოსმოსური ობიექტის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. ობიექტი ვარსკვლავს ჰგავს, თუმცა მეცნიერების ვარაუდით, სინამდვილეში შავი ხვრელია, რომელიც იმდენად მკვრივ გაზშია მოქცეული, რომ კაშკაშა ვარსკვლავივით ანათებს.

  • ის ვეშაპის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან მილიარდობით სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და, სავარაუდოდ, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 660 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

ობიექტს MoM-BH-1* უწოდეს. თავდაპირველად მან მეცნიერების ყურადღება თავისი უჩვეულო გარეგნობით მიიპყრო - ის ტელესკოპის არქივში ერთ-ერთი ყველაზე წითელი და კაშკაშა ობიექტია.

"ის იმდენად უჩვეულოა, რომ ცნობილ კოსმოსურ ობიექტებს შორის მისი პირდაპირი ანალოგის პოვნა რთულია“, - განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კავლის ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა როჰან ნაიდუმ.

მეცნიერებმა ობიექტის მონაცემები კომპიუტერულ მოდელებს შეადარეს. მათი ვარაუდით, ის ჩვეულებრივი ვარსკვლავი არ არის. ობიექტის ცენტრში შესაძლოა შავი ხვრელი იმალებოდეს, რომელიც იმდენად დიდი რაოდენობით მკვრივ გაზს შთანთქავს, რომ გარშემო გაზის უზარმაზარი გარსი წარმოიქმნება. სწორედ ეს გარსი აძლევს მას ვარსკვლავის მსგავს იერს.

  • მკვლევრების თქმით, ობიექტის მიერ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობა ჩვეულებრივი ვარსკვლავისთვის წარმოუდგენლად მაღალია და უფრო მეტად შავი ხვრელებისთვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს შეესაბამება.

მკვლევრების აზრით, ამ ობიექტების შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შავი ხვრელების, არამედ თავად გალაქტიკების ევოლუციის გასაგებად. სუპერმასიური შავი ხვრელები გავლენას ახდენენ იმაზე, როდის და რამდენად ინტენსიურად წარმოიქმნება გალაქტიკებში ახალი ვარსკვლავები - შესაბამისად, მათ შესაძლოა არაპირდაპირი გავლენა ჰქონდეთ პლანეტების, ვარსკვლავური სისტემებისა და სიცოცხლის წარმოქმნის პროცესებზეც.

წყარო