ავტორი:

"შსს-ს მთელი სტრუქტურა მუშაობს, რომ დამნაშავე დაიცვან - თავი დაცულად არასდროს მიგრძნია, სამაჯურიც რომ ეკეთა, მაშინაც სულ უკან ვიყურებოდი" - სოფია სიგუა ყოფილ მეუღლეზე

"შსს-ს მთელი სტრუქტურა მუშაობს, რომ დამნაშავე დაიცვან - თავი დაცულად არასდროს მიგრძნია, სამაჯურიც რომ ეკეთა, მაშინაც სულ უკან ვიყურებოდი" - სოფია სიგუა ყოფილ მეუღლეზე

იმავე მოსამართლემ, კვაჭანტირაძემ, რომელმაც ელექტრონული სამაჯური ძალაში დატოვა, გააუქმა არსებული შემაკავებელი ორდერი - შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სტრუქტურა მუშაობს, რომ დამნაშავე დაიცვან, - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ყოფილმა მეუღლემ, სოფია სიგუამ განაცხადა.

  • სოფიო სიგუას თქმით, მას ეშინია, რომ საქმის გაჭიანურება არ მოხდეს.

“იმავე მოსამართლემ, კვაჭანტირაძემ, რომელმაც ელექტრონული სამაჯური ძალაში დატოვა, გააუქმა არსებული შემაკავებელი ორდერი. ეს ორი გადაწყვეტილება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. შემაკავებელი ორდერი, სავარაუდოდ, იმის გამო გააუქმა, რომ ვადა უკვე გასული იყო -კვირას ამოიწურა და ალბათ, ბიუროკრატიულად, საქმეში ლამაზად რომ გამოჩენილიყო, მითითება ასე შეასრულა. ჩემი ინფორმაციით, რადგან სამაჯური აქტიური იყო და კვაჭანტირაძემ ის ძალაში დატოვა, შემაკავებელი ორდერიც რომ აქტიური ყოფილიყო და ვადა კვირას არ გასულიყო, მას არ გააუქმებდა.

ახალი გარემოება სწორედ ის არის, რომ შემაკავებელი ორდერი დაირღვა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ორდერის დარღვევის მიუხედავად, იგი არ დასჯილა. ეს პირდაპირ მიუთითებს მიკერძოებულობაზე, კანონით შემაკავებლის დარღვევა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მან ალიბად გვაზავა დაიყენა. მთელი ეს სისტემა მას იცავს. როგორ შეიძლება შემაკავებელი დაარღვიო და არ დაგაპატიმრონ? ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, რათა ხალხზე გავლენა იქონიონ. მოსამართლემ საფრთხე ვეღარ დაინახა არა იმიტომ, რომ ის რეალურად არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ სამაჯურიც მოხსნილია და შემაკავებელსაც ვადა გაუვიდა. მან ისარგებლა იმით, რომ ვადა კვირას, 9 აგვისტოს გავიდა.

ზუსტად ვიცოდი, რომ მას მფარველობდნენ და დაცულად თავი არასდროს მიგრძნია. სამაჯურიც რომ ეკეთა, მაშინაც მუდმივად უკან ყურების, თავდაცვისა და შიშის განცდა მქონდა. აქ მთავარი ჩემი ემოციური მდგომარეობა კი არ არის, არამედ დაუსჯელობის სინდრომი. 13 წელი ჩუმად ვიყავი. თურმე ისევ ჩუმად უნდა ვყოფილიყავი, რადგან ჩემი მაშინდელი დაუცველობის შეგრძნება, რომ სამართალს ვერ ვიპოვიდი, დღესაც დადასტურდა.

პროკურატურაში არსებობს მტკიცებულებები, არსებობს სახლში მტვრევის ფაქტები, არსებობენ მოწმეები, მათ შორის არასრულწლოვნები, რომელთაც თავისი თვალით ნახეს ცემის ფაქტი. არასრულწლოვანს ჩვენების მიცემას ვერ დაავალებ და თუ დაავალებ, დიალოგში მაინც გამოჩნდება. ეს ბავშვები დაკითხულები არიან. იოსებ სიგუა არის მოძალადე და ქურდი. როცა ადამიანი 200 000 ათასს მოიპარავს, ეს ქურდობის მუხლია და რატომ არ არის დასჯილი? შემაკავებელი დაარღვია, რატომ არ დაისაჯა? პრესსამსახურის უფროსი და კონსილიუმი ერთად აგვარებენ, როგორ დამამარცხონ და როგორ დამწამონ ცილი, რომ მაგალითად, თითქოს ალერგიული ვარ. მის გვერდით შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. პროკურატურამ ზუსტად იცის, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. უბრალოდ, მეშინია, რომ საქმის გაჭიანურებას დაიწყებენ და 5-6 წელს გადაჭიმავენ, რათა ბრალის წაყენებას თავი აარიდონ. ერთადერთი ეს შიში მაქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი სტრუქტურა მუშაობს, რომ დამნაშავე დაიცვან, რომელზეც თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ დამნაშავეა. ეს არის ყველაზე ცუდი ფაქტი”, - განაცხადა სოფიო სიგუამ.

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონულ მონიტორინგს, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გაუქმდა.