ავტორი:

"არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები - როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე" - ნიკა გვარამია

"არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები - როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე" - ნიკა გვარამია

არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე! - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

  • მისივე თქმით, როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი.

"ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე სათქმელი რთულად მეთქვა, 3 ლიტერატურული არქეტიპის და ერთი მითიურ-ისტორიული პარადიგმის გამოყენებით.

როგორც ახლა უყვართ თქმა, "ხალხურად" მომდევნო დღეებში განვმარტავ, განვავრცობ, შემოგთავაზებთ. ახლა კი ვისაც დრო და სურვილი გექნებათ, ეს ჩახლართული ტექსტი წაიკითხეთ იმის გასაგებად, როგორ ვუყურებ ვითარებას:

ჰამლეტი: რეფლექსია, ანალიზი, სკეპტიციზმი და ეგოიზმი, რომელიც კლავს მოქმედებას. შედეგი: ოფელიას, ანუ არა იდეალური, არამედ რეალური ქალის სიკვდილი, როგორც მთავარი ღირებულებითი ორიენტირის. რეფლექსიურ თვითტკბობას (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.

დონ კიხოტი: იდეალიზმი, რწმენა და თავგანწირვა, რომელიც მოკლებულია ანალიზს და ვერ აღწევს შედეგს. იდალგო ებრძვის ქარის წისქვილებს მის მიერ გამოგონილი იდეისთვის, რომლისაც თავად სჯერა და სწორედ ეს გულწრფელობა და თავდადება აშორებს რეალობას. იდეოლოგიურ ფანატიზმს (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.

შექსპირს და სერვანტესს შევხედოთ და ვისწავლოთ, როგორ არ უნდა ვქნათ.

იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ვქნათ, მივყვეთ რუსთაველს, ავირჩიოთ ავთანდილის არქეტიპი: რაციონალური ლიდერები და სტრატეგები. ისინი იღებენ სამშობლოსგან დავალებას (თინათინი), ფაქტებზე (და არა ილუზიებზე) დაყრდნობით სახავენ გეგმას, აერთიანებენ განსხვავებულ ჯგუფებს და იძენენ მოკავშირეებს (და არა მოკავშირეებს აქცევენ მტრებად). ამის შემდეგ კი გადადიან ეფექტურ, კოლექტიურ მოქმედებაზე ქაჯეთის ციხის (ავტორიტარული სისტემის) დასანგრევად და იმარჯვებენ, გადაარჩენენ სამშობლოს!

ახლა კი პარადიგმა იმის გასარკვევად, არა ვინ ვიყოთ, არამედ როგორ მოვიქცეთ: გორდიას კვანძი, ავტორიტარიზმის და პროპაგანდის სიმბოლო. ლეგენდა ამბობდა: "ვინც ამ კვანძს გახსნის, აზიის მბრძანებელი გახდება“. სისტემამ (მისტიკამ, წინასწარმეტყველებამ, ანუ ჩვენს რეალობაში პროპაგანდამ) შექმნა აღქმა, რომ "გახსნა“ ნიშნავს თითებით წვალებას, ასე ვთქვათ, "აბურდულის განბურდვას". ალექსანდრემ მშრალად შეხედა ფაქტს: კვანძი უნდა განადგურდეს, რათა ურემი გათავისუფლდეს. გაკვალული გზები ყოველთვის არ მუშაობს და მანტრასავით მათი მუდმივად გამეორება უგუნურებაა. მნიშვნელობა აქვს არა რიტუალს, არამედ მხოლოდ შედეგს: ალექსანდრემ დაკრა მახვილი და გააგრძელა გზა აზიის დასაპყრობად. და გაიმარჯვა, გახდა აზიის მბრძანებელი!

ავტორიტარული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებას წინ დაუდოს ასეთი "გორდიას კვანძები“: ხელოვნური, ჩახლართული ფსევდო-პრობლემები, შეთქმულების თეორიები, ცრუ დილემები, იდეოლოგიური დებატები, რათა ყურადღება გადაიტანოს მთავარისგან, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, ენერგიისგან დაგვცალოს, ორთქლი გამოგვაშვებინოს. ამ დროს კი გამოსავალი ყოველთვის ალექსანდრესეული რაციონალიზმია: უარი თქვა სისტემის მიერ შემოთავაზებულ წესებზე, შეხედო ფაქტებს ცივი გონებით და ერთი კონკრეტული, სტრატეგიული მოქმედებით გაჭრა დაწყევლილი კვანძი, გადაჭრა პრობლემა.

ალექსანდრე გვასწავლის დამოკიდებულებას პრობლემისადმი: ნუ ითამაშებ სისტემის წესებით. ავთანდილი კი გვასწავლის გეგმაზომიერებას, მიზანმიმართულებას, დაუღალაობას, ორგანიზებას, ერთიანობის ძალას.

ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად, საზოგადოებას სჭირდება არა იდეოლოგიური ფანატიზმი (დონკიხოტობა) ან ინტელექტუალური ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება (ჰამლეტობა), არამედ ცივი, ფაქტებზე დაფუძნებული სტრატეგია და ორგანიზებული, კოლექტიური მოქმედება საერთო მიზნისთვის (ავთანდილობა).

ამიტომაც, არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!

როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი! უნდა გავჭრათ ერთად! - წერს გვარამია.