ავტორი:

კანზასში, სამხედრო-საჰაერო ბაზის თავზე, საიდუმლო საფრენი აპარატი დააფიქსირეს, რომელიც ამერიკის უახლესი, სრულიად გასაიდუმლოებული ბომბდამშენი შესაძლოა იყოს

კანზასში, სამხედრო-საჰაერო ბაზის თავზე, საიდუმლო საფრენი აპარატი დააფიქსირეს, რომელიც ამერიკის უახლესი, სრულიად გასაიდუმლოებული ბომბდამშენი შესაძლოა იყოს

კანზასში, მაკკონელის სამხედრო-საჰაერო ბაზის თავზე საიდუმლო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. როგორც დამკვირვებლები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა ამერიკის უახლესი, სრულიად გასაიდუმლოებული, სტელსის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბომბდამშენი, B-21 Raider-ის იშვიათი კადრები ყოფილიყო.

გასულ სამშაბათს, საჰაერო ბაზის სიახლოვეს გადაღებულ ვიდეოში, ცაში მფრინავი დიდი, ნაცრისფერი თვითმფრინავი მოჩანს, რომლის სილუეტიც ძალიან ჰგავს “უჩინარ“ ბომბდამშენს. მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ხომალდის ვინაობა ჯერ ოფიციალურად დადგენილი არ არის, ექსპერტები ვარაუდობენ რომ სამხედრო ბაზასთან დაფიქსირებული საფრენი აპარატი შესაძლოა B-21 Raider- ი ყოფილიყო, რომელიც საცდელ ფრენას ასრულებდა.

სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებით, ეს მაღალტექნოლოგიური, ახალი თაობის საჰაერო ხომალდი “ბირთვული პოტენციალის მქონე, ღრმა დარტყმის სტელს-ბომბდამშენს წარმოადგენს“, რომლის თითოეული ერთეულის საშუალო ღირებულება 692 მილიონ დოლარს შეადგენს.

მსოფლიოში პირველი მეექვსე თაობის საჰაერო ხომალდის პრეზენტაცია ფართო საზოგადოებისთვის 2022 წელს გაიმართა. მისი აგების კონტრაქტი 2015 წელს კომპანია “Northrop Grumman“ -ს გადაეცა. სახელი კი მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე პირველი იერიშის მიმტანი ლეგენდარული “დულიტლის რეიდერების“ (Doolittle Raiders) პატივსაცემად ეწოდა.

აშშ-ის ოფიციალური პირები B-21-ის შესახებ დეტალების უმრავლესობას გასაიდუმლოებულად ინახავენ, მათ შორის იმასაც, თუ კერძოდ როდის შევა ის ექსპლუატაციაში.

სამხედრო უწყება სულ მცირე 100 ერთეული B-21 შესყიდვას გეგმავს, რომლებიც უკვე არსებულ, 76 ერთეულ მოდერნიზებულ B-52 Stratofortress-ის ავიაპარკთან ერთად იმუშავებენ.

წყარო