გასულ შაბათს, მამასთან ერთად თევზაობის დროს, პენსილვანიელი 8 წლის შეიმიზი ელოდა რომ ჩვეულებისამებრ ქორჭილას დაიჭერდა, თუმცა სრულიად მოულოდნელად მის ანკესს ამჯერად სამართებელივით ბასრი კბილების მქონე წითელმუცელა პირანია წამოეგო.

დელავერის ოლქში მცხოვრები მამა-შვილი მშვიდად თევზაობდა, როდესაც ბიჭმა იგრძნო, რომ თევზმა ნემსკავი გადაყლაპა.
მამამ, მაიკლმა ჩათვალა, რომ ეს უბრალო ქორჭილა იყო და შეიმიზს უთხრა, თევზი ნელ-ნელა ამოეყვანა. თუმცა, როდესაც ბიჭმა არსება წყლიდან ამოათრია, მაიკლი საგონებელში ჩავარდა, თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს უჩვეულოდ დიდი მზის ქორჭილა (bluegill) ან რაღაც მსგავსი თევზი იყო, მაგრამ შემეცნებითი გადაცემების მოყვარულმა შეიმიზმა მტაცებელი მყისიერად იცნო - “მამა ეს ხომ პირანიაა“, - შესძახა მან.

პენსილვანიის თევზჭერისა და ნაოსნობის კომისიამ დაადასტურა, რომ თევზი ნამდვილად პირანია იყო, რომლის მშობლიური გარემოც სამხრეთ ამერიკაა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ წყლებში პირანიის დაჭერა უცნაურად ჟღერს, აშშ -ს წყლებში უცხო სახეობებთან დაკავშირებული ინციდენტები იშვიათობას არ წარმოადგენს. როგორც პენსილვანიის თევზჭერისა და ნაოსნობის კომისიის კომუნიკაციების დირექტორმა, მაიკ პარკერმა განაცხადა, “ეს იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე ვისურვებდით, ზაფხულის განმალობაში მსგავსი უცნაური შემთხვევა უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა, იშვიათი თევზი, ალიგატორი, კაიმანი, ეგზოტიკური გველიც კი იყო.“
პენსილვანიას ადგილობრივი სახეობების დასაცავად მკაცრი კანონმდებლობა გააჩნია, შტატის კანონი მცხოვრებლებს ეგზოტიკური შინაური ცხოველების ყოლას არ უკრძალავს, თუმცა მათი საჯარო წყალსატევებში გაშვება უკანონოა.
“უცხო ცხოველის ბუნებაში გაშვება რეალურ ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის, როდესაც ბუნებაში უცხო სახეობის წარმომადგენელი შეგყავთ, განსაკუთრებით მტაცებელი, ამან შესაძლოა ადგილობრივი ეკოსისტემა დაარღვიოს“. განაცხადა პარკერმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ პირანია თავისი ადაპტაციის უნარის წყალობით ზაფხულს სავარაუდოდ კი გადაიტანდა, მაგრამ ზამთარში, წყლის ტემპერატურის დაცემისთანავე აუცილებლად დაიღუპებოდა.