რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ნატოს წინააღმდეგ სახიფათო ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას განიხილავდეს — ამის შესახებ კრემლის კრიტიკოსი და ბრიტანელი ბანკირი ბილ ბროუდერი აცხადებს.
ბროუდერის თქმით, რუსეთისთვის უკრაინის ომი სულ უფრო რთულდება. ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომში მოსკოვმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, თუმცა სასურველი შედეგისთვის ვერ მიუღწევია.
მისი თქმით, რუსეთისთვის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა ჯარისკაცების ნაკლებობაა. კრემლი ფრონტზე ახალი მებრძოლების მოსაზიდად მათ მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს, თუმცა ომის გაგრძელებას სულ უფრო მეტი რესურსი სჭირდება.
ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა წლის ბოლომდე რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის მობილიზებისთვის ემზადებოდეს. ბროუდერის შეფასებით, საყოველთაო მობილიზაცია პუტინისთვის მძიმე პოლიტიკური დარტყმა იქნება, რადგან ომი რუსეთის მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს შეეხება.
"თუ ეს მოხდება, ეს უკიდურესად არაპოპულარული იქნება. ეს ომს რუსეთის ყველა ოჯახში მიიტანს“, — აღნიშნა მან.
თუმცა, ბროუდერი მიიჩნევს, რომ პუტინს სხვა, კიდევ უფრო სახიფათო გზა შეიძლება ჰქონდეს.

ექსპერტის თქმით, ამისთვის რუსეთმა შესაძლოა ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე შეზღუდული მასშტაბის თავდასხმა განახორციელოს. შესაძლო სცენარებში ის პოლონეთის რომელიმე ქალაქსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს — ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას — განიხილავს.
უკრაინამ ბოლო დღეებში რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

რუსეთმა საპასუხოდ უკრაინის რამდენიმე ქალაქზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ბოლო იერიშების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ყველაზე მძიმე დარტყმა ზაპოროჟიეზე განხორციელდა, სადაც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები და მართვადი ბომბები გამოიყენა.
ბროუდერის შეფასებით, პუტინი ახლა რთული არჩევანის წინაშეა — გააგრძელოს უკრაინაში ომი მზარდი დანახარჯებისა და დანაკარგების ფონზე, თუ ახალი და გაცილებით უფრო სახიფათო გზით სცადოს ვითარების შეცვლა.