ავტორი:

გარდაცვლილები, აეროპორტში ჩარჩენილი ხალხი და ევაკუირებული - იაპონიაში ძლიერი წვიმის შემდეგ ქუჩები დაიტბორა (ფოტოები)

გარდაცვლილები, აეროპორტში ჩარჩენილი ხალხი და ევაკუირებული - იაპონიაში ძლიერი წვიმის შემდეგ ქუჩები დაიტბორა (ფოტოები)

ტოკიოს ნარიტას აეროპორტში ძლიერი წვიმის შედეგად ათასობით მგზავრია ჩარჩენილი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აეროპორტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ტრანსპორტის შეფერხების გამო, ნარიტაში დაახლოებით 7 000 ადამიანი ჩარჩა და დასძინა, რომ პარასკევს ყველა რეისი ჩვეულებრივად შესრულდება. „იაპონიის ავიახაზების“ ინფორმაციით, ზოგიერთი რეისი, შესაძლოა, დაგვიანებით შესრულდეს, თუმცა ამჟამად გაუქმება მოსალოდნელი არ არის.

გამოცემის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე წყალდიდობამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა, ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია და სულ მცირე ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩიბას პრეფექტურის ზოგიერთ ნაწილში, რომელიც დედაქალაქ ტოკიოს ესაზღვრება, 24 საათის განმავლობაში 360 მილიმეტრზე მეტი წვიმა მოვიდა, რამაც გზები და რკინიგზა დატბორა, 22 000-ზე მეტი ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია ოთხი გარდაცვალების შემთხვევა, ერთი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოებში ჯარისკაცები ჩაერთნენ.

ქალაქ ჩიბაში ასობით ადამიანმა ღამე სამთავრობო შენობებში გაატარა, რომლებიც დროებით ევაკუაციის ცენტრებს წარმოადგენენ.

წვიმის გამო, ჩიბაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტომაგისტრალი დაიკეტა, რის გამოც მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობა მოუწიათ, რამაც გზებზე ძლიერი საცობები გამოიწვია. დღეს დილით რამდენიმე სარკინიგზო მიმართულებაზე მოძრაობა კვლავ შეჩერებული იყო, თუმცა ნარიტასა და ტოკიოს დამაკავშირებელი ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა უკვე აღდგა.