ავტორი:

"სად მდებარეობს საძილე არტერია?" - შემზარავი დეტალები შვილების მკვლელობაში ქალის პროცესიდან: ქმარმა ტრაგედიიდან 4 თვის შემდეგ ხელმეორედ იქორწინა

"სად მდებარეობს საძილე არტერია?" - შემზარავი დეტალები შვილების მკვლელობაში ქალის პროცესიდან: ქმარმა ტრაგედიიდან 4 თვის შემდეგ ხელმეორედ იქორწინა

2023 წლის 24 იანვარს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაქსბერიში მდებარე ერთ-ერთ სახლში, გარეგნულად სრულიად ჩვეულებრივი ოჯახური საღამო იდგა. 36 წლის ლისი კლენსი ქმარს, პატრიკს, მიმოწერაში უმნიშვნელო ყოველდღიურ დეტალებს უთანხმებდა: რას შეუკვეთდნენ ვახშმად, ეძინა თუ არა პატარა ბავშვს და როგორ ჩაიარა უფროსი გოგონას ექიმთან ვიზიტმა.

მაგრამ ამ ყოველდღიური, თითქოსდა სრულიად მშვიდი მიმოწერის მიღმა უმძიმესი ტრაგედია იმალებოდა. ტექსტური შეტყობინებებიდან სულ რაღაც ერთ საათში, ლისი კლენსიმ საკუთარი სამი მცირეწლოვანი შვილი - 5 წლის კორა, 3 წლის დოუსონი და 8 თვის კალანი - დაახრჩო.

ხუთშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ლისი კლენსის მკვლელობაში ედება ბრალი, ნაფიც მსაჯულებს სწორედ ეს ბოლო მიმოწერები წაუკითხეს.

„დაღლილი ვარ, რა შევუკვეთოთ?“

დღის 16:53 საათზე ლისი ქმარს წერს:

„ხომ არ გინდა საღამოს ადგილობრივი რესტორნიდან საჭმელი გამოვიძახოთ? არაფერი მომიმზადებია. ძალზე გრძელი და დამღლელი დღე იყო.“

პატრიკი პასუხობს: „კი, სიამოვნებით.“

ლისი: „კარგი, ნახე მენიუ, როცა გეცლება.“

ცოტა ხანში პატრიკმა იკითხა, გაიღვიძა თუ არა 8 თვის კალანმა.

ლისიმ უპასუხა: „უბრალოდ ცოტა ხნით ჩათვლიმა.“

17:07 საათზე ლისიმ თავისი არჩევანი გაუგზავნა: „ხმელთაშუაზღვისპირული დაბალკალორიული სალათი“, ხოლო ქმარმა 17:08-ზე უპასუხა, რომ ის ზღვის სავარცხელას და ღორის ხორცის რიზოტოს აირჩევდა.

იმავე დილით, 08:42 საათზე, ლისის პატრიკისთვის მიეწერა, რომ 5 წლის კორას ანალიზები წესრიგში ჰქონდა და თირკმელებზე პრობლემა არ ეტყობოდა, რაზეც პატრიკმა ემოციურად უპასუხა: „ოჰ, რა კარგია. შენ საოცარი დედა ხარ!“

საშინელი სურათი სახლში დაბრუნებისას

საჭმლის შეკვეთისა და აფთიაქიდან ბავშვის წამლის წამოღების შემდეგ, პატრიკ კლენსი სახლში დაახლოებით 18:00 საათზე დაბრუნდა. მას იქ საზარელი სცენა დახვდა.

პირველ რიგში, მან ეზოში უგონოდ მყოფი ცოლი იპოვა. ლისიმ სუიციდი სცადა. მან მაჯები და ყელი გადაიჭრა, შემდეგ კი მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა (დაცემის შედეგად ის ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა). სახლში შესულ პატრიკს კი სამივე ბავშვი უსულოდ დახვდა - 5 წლის კორა და 3 წლის დოუსონი უკვე გარდაცვლილები იყვნენ, ხოლო 8 თვის კალანი სულს ძლივს ითქვამდა (იგი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა).

დაცვისა და ბრალდების არგუმენტები

სასამართლოზე ლისი კლენსის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქალი უდანაშაულოა შეშლილობის/ფსიქიკური აშლილობის გამო. მისი თქმით, ლისის ჰქონდა მძიმე მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი და ესმოდა ხმები, რომლებიც მას ამ საშინელი ქმედებისკენ მოუწოდებდნენ.

თუმცა, პროკურორები სულ სხვა ვერსიას ავითარებენ: მათი მტკიცებით, მკვლელობა წინასწარ, ცივი გონებით იყო დაგეგმილი, რადგან ლისის „ბავშვების აღზრდისგან დასვენება სურდა“.

პოლიციის მიერ ლისის ტელეფონის შემოწმებისას აღმოჩნდა შემზარავი ძებნის ისტორიები, რომლებიც მან ტრაგედიამდე რამდენიმე დღითა და კვირით ადრე გააკეთა.

მათ შორის იყო:

„შეიძლება თუ არა სოციოპათის მკურნალობა?“ (მკვლელობამდე 4 დღით ადრე);

„როგორ გადაიჭრა ყელი სასიკვდილოდ“;

„სად მდებარეობს საძილე არტერია“;

„როგორ გამოვრთოთ უსაფრთხოების ბალიშები ავტომობილში“.

ამასთანავე, 2022 წლის ნოემბერში გაკეთებულ პირად ჩანაწერში ლისი წერდა, რომ მას მეოთხე შვილის გაჩენაც კი სურდა.

სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულებს ასევე უჩვენეს ვიდეოთვალის ჩანაწერები, სადაც ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე, 8 იანვარს, მთელი ოჯახი მეცნიერების მუზეუმში სრულიად ბედნიერად და ჰარმონიულად ატარებს დროს.

პროცესი გრძელდება და საზოგადოება მოუთმენლად ელის განაჩენს ამ უმძიმეს საქმეზე.

სანამ მასაჩუსეტსის სასამართლო დარბაზში 36 წლის ლისი კლენსის განაჩენს წყვეტენ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მისი ყოფილი ქმარი, 38 წლის პატრიკ კლენსიც. კაცი, რომელმაც 2023 წლის იანვარში საკუთარ სახლში დაბრუნებისას სამი მცირეწლოვანი შვილი მოკლული, ხოლო ცოლი მძიმედ დასახიჩრებული იპოვა, უმძიმესი ტრავმის მიუხედავად, ცდილობს ცხოვრება ნულიდან დაიწყოს.

როგორც სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, პატრიკმა ლისისთან ოფიციალური განქორწინება გააფორმა, მასაჩუსეტსის შტატი დატოვა და ახალი ოჯახი შექმნა.

გადაბარგება მანჰეტენზე და ქორწილი ცენტრალ პარკში

ტრაგედიიდან სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, 2023 წლის მაისში, პატრიკმა მიატოვა დაქსბერის სახლი და ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ნიუ-იორკში გადაკვეთა მისი და 37 წლის ექიმ-რეპროდუქტოლოგის, დოქტორ რეიჩელ დანისის გზები.

წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად 2026 წლის აპრილში გააფორმა. ქორწილი ნიუ-იორკში, ცენტრალ პარკის ტბის პირას მდებარე ისტორიულ პავილიონში გაიმართა, სადაც მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები იყვნენ მიწვეულნი, ცერემონიის შემდეგ კი სტუმრებმა რესტორან გადაინაცვლეს.

დოქტორი რეიჩელ დანისი ნიუ-იორკის წამყვანი კლინიკის ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის სპეციალისტია. ოჯახის ახლობლების თქმით, რეიჩელი ბუნებით ძალიან თბილი, ენერგიული და მზრუნველი ადამიანია:

„პატრიკმა საშინელი ტრავმა გადაიტანა, რეიჩელი კი თავისი არსით მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია. ძალიან სიმბოლურია, რომ ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე მან გვერდით იპოვა ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ახალ სიცოცხლეს ჩუქნის მსოფლიოს,“ - განუცხადა ოჯახის მეგობარმა ჟურნალისტებს.

„ის ცდილობს, ფეხზე დადგეს“ - ადვოკატის განცხადება

პატრიკის ხელახალი ქორწინების შესახებ ინფორმაცია სასამართლო დარბაზში ლისი კლენსის ადვოკატმა, კევინ რედინგტონმაც დაადასტურა:

"პატრიკ კლენსიმ გაიარა უმძიმესი ტრაგედია - უარესი, რაც კი შეიძლება ადამიანს თავს დაატყდეს. ის, რომ ეს კაცი ემოციურად სრულიად არ განადგურდა, გაოცებას იმსახურებს. ის ყველანაირად ცდილობს, განაგრძოს ცხოვრება. ისინი განქორწინებულები არიან, პატრიკი ხელახლა დაქორწინდა და მას ახალი ოჯახი აქვს.“

საინტერესოა, რომ უმძიმესი დანაკარგის მიუხედავად, პატრიკს ყოფილი მეუღლის მიმართ აგრესია არ გამოუხატავს. ჟურნალ The New Yorker-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ლისის აპატია:

"მე მონსტრზე კი არ ვიყავი დაქორწინებული, არამედ ადამიანზე, რომელიც უბრალოდ მძიმედ გახდა ავად.“

დღეს პატრიკი ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში ახალ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და პარალელურად ჩართულია საქველმოქმედო საქმიანობაში - დებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია Heard with Love, რომელიც ორსულობის შემდგომი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლებს ეხმარება, ხოლო მშობლიურ ქალაქში გარდაცვლილი სამი შვილის - კორას, დოუსონისა და კალანის - ხსოვნისადმი მიძღვნილი საბავშვო მოედანი გაახსნა.