გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელორუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან.
"გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გაეწერა, რომელიც ჩოხატაურში გადავიდა. მისი მეუღლე ჩოხატაურის კლინიკაშია მოთავსებული.
ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. შესაძლოა, მათი გაწერა მოხდეს, თუმცა მათი მშობლები კლინიკაში არიან და ამ საკითხს საელჩო მოაგვარებს. როგორც იცით, ელჩიც ჩამოვიდა და ეს ყველაფერი საელჩოს საქმეა. პაციენტები კლინიკაში, ალბათ, ორშაბათამდე დარჩებიან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს“, - განაცხადა გია კიკაბიძემ.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო.
შემთხვევის შედეგად 17 ბელარუსი ტურისტი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.