იტალიის პოლიციამ პოლ სეზანის, პიერ-ოგიუსტ რენუარისა და ანრი მატისის სამი ნახატი იპოვა. ტილოები მიმდინარე წლის დასაწყისში ქალაქ პარმასთან მდებარე კერძო მუზეუმიდან მოიპარეს. ნამუშევრების საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღემატება.
ძარცვა 22-23 მარტის ღამეს, პარმადან დაახლოებით 19 კილომეტრში მდებარე “Magnani Rocca Foundation“- ში მოხდა. პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ შედიან ფონდში ფანჯრიდან ორი ნიღბიანი მძარცველი, კედლიდან სამ ნახატს ხსნიან და შენობას მყისიერად ტოვებენ. მთელ ოპერაციას სამ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა.



იტალიის კარაბინერთა ხელოვნების ნიმუშების ძებნის განყოფილების განცხადებით, ნახატები პროკურორების მიერ სანქცირებული ჩხრეკის შედეგად იპოვეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება გრძელდება.