ავტორი:

ევროპა კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვის : საბერძნეთის სანაპიროდან 500 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა; სტიქია ხორვატიას, საფრანგეთსა და გერმანიასაც ემუქრება

ევროპა კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვის : საბერძნეთის სანაპიროდან 500 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა; სტიქია  ხორვატიას, საფრანგეთსა და გერმანიასაც ემუქრება

ევროპაში მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. საბერძნეთში, სანაპიროს ზოლიდან 500 ტურისტის ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო ხორვატიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ათასობით ადამიანს საცხოვრებლი სახლის დატოვება მოუხდა.

ჩრდილოეთ საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკის სამხრეთით, ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე, სახანძრო თვითმფრინავები, ვერტმფრენები და 200-ზე მეტი მეხანძრე საათების განმავლობაში ებრძოდნენ სტიქიას , რათა ცეცხლის გავრცელება აღეკვეთათ.

გერმანიაში, პარასკევს, ადრე დილით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის დასავლეთში გაჩენილი ხანძარი ბელგიის საზღვართან მდებარე სოფელს მიუახლოვდა, ხელისუფლებამ 1 800-მდე მცხოვრებს სახლების დატოვება მოსთხოვა.

ხორვატიაში, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე პატარა ტურისტული ქალაქი ხანძრის გამო ასობით ადამიანმა დატოვა. მეხანძრეები მთელი პარასკევის განმავლობაში ცდილობდნენ სწრაფად გავრცელებადი ცეცხლის ლოკალიზებას. Lokva Rogoznica -ში 150-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი სწრაფად მოედო ფიჭვნარსა და მცენარეულ საფარს, რის შემდეგაც საცხოვრებელ ზონებში შეიჭრა და სახლები და ავტომობილები გაანადგურა. ოფიციალური პირების თქმით, ხანძარს გამო ევაკუირებული სულ მცირე 1 000 ადამიანი ქალაქ ომიშის სპორტულ დარბაზში განათავსეს.

საფრანგეთში, “ლანდის ტყეში“ , ქალაქ ლუგლონთან გაჩენილი ხანძრის გამო 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლმა 600 ჰექტარი ფართობი გადაწვა.

სამხრეთ ევროპა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტის ნაწილია, ხანძრების უჩვეულოდ აქტიურ სეზონს ებრძვის. ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა მცენარეული საფარის ჭარბი ზრდა გამოიწვია, რაც შემდგომში სიცხის ტალღების ფონზე გამოშრა და ადვილად აალებადი გახდა.

ვითარება საბერძნეთში

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის რეგიონულმა უფროსმა განაცხადებით, სტიქია კონტროლს დაექვემდებარა, თუმცა ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხის გამო მეხანძრეები კვლავ მზადყოფნაში რჩებიან. დაშავებული ორი მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაჩენიდან რამდენიმე საათში ცეცხლი დასასვენებელ ზონებს სივირისა და ფურკას მიუახლოვდა, რომლებიც ზაფხულში ტურისტებით არის სავსე. ეს რეგიონი ძირითადად ადვილად აალებადი ფიჭვის ტყეებითაა დაფარული. სამოქალაქო დაცვის სააგენტომ მოსახლეობასა და ტურისტებს ტელეფონებზე ევაკუაციის შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა.

480-ზე მეტი ტურისტი, რომელთაგან ბევრს ბავშვები ეჭირა ხელში, სანაპიროდან მცირე ნავებით, სანაპირო დაცვისა და სახანძრო სამსახურის გემებით გაიყვანეს. ევაკუაციის ზღვით განხორციელება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ალმა უშუალოდ პლაჟებს მიაღწია. ტურისტების ნაწილი მეზობელ სანაპიროებზე გადაიყვანეს, ხოლო 200-მდე ადამიანი ღია ზღვაში მყოფ გემზე განათავსეს.

მეხანძრეების თქმით, ძლიერი ქარი ვითარებას საგრძნობლად ართულებდა. საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მატერიკული ნაწილის უმეტეს ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო განგაშის უმაღლესი მე-5 დონე გამოაცხადა, ქალკიდიკის ადგილობრივმა მთავრობამ კი ფიჭვნარში შესვლა აკრძალა.

კრიზისი ხორვატიაში

ხორვატიაში ხანგრძლივი სიცხის ტალღა გრძელდება, რამაც ადრიატიკის სანაპიროს რამდენიმე ქალაქში სარეკორდო ტემპერატურა დააფიქსირა. ლოკვა როგოზნიცაზე გამავალი სანაპირო გზა დაიკეტა, რამაც ომიშისკენ მიმავალ მარშრუტებზე სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

ხორვატიის სახანძრო სამსახურის უფროსის, სლავკო ტუცაკოვიჩის თქმით, “ვითარება უკიდურესად შემშფოთებელია“. მეხანძრეებმა დამხმარე ძალები ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც გამოითხოვეს. ოთხი “Canadair“ -ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავი, რომელთაც ღამით მოქმედება არ შეუძლიათ, გათენებისთანავე ჩაერთო ქრობის ოპერაციაში.

ომიშის ვიცე-მერმა, ივან პივჩევიჩმა აღნიშნა, რომ ცეცხლის სწრაფ გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. რეგიონის გუბერნატორ ბლაჟენკო ბობანის ცნობით, რამდენიმე ადამიანმა დამწვრობა მიიღო.

ვითარება გერმანიასა და საფრანგეთში

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, სადაც ხანძარმა 25 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა. გადაიკეტა B399 ავტომაგისტრალიც. სინოპტიკოსების ცნობით, გერმანიის დიდ ნაწილში მშრალი ამინდებია, რაც ტყის ხანძრების რისკს მკვეთრად ზრდის.

საფრანგეთში, ლანდის დეპარტამენტში, ცეცხლის ჩასაქრობად მობილიზებული 280 მეხანძრე, 40 ერთეული სპეც-ტექნიკა, 8 ავიასაშუალება და 45 ჟანდარმი იყო მობილიზებული.

სიცხის “ნარინჯისფერი განგაშის“ ქვეშ მყოფ რეგიონში ტემპერატურამ 40°C-ს გადააჭარბა. რამდენიმეკვირიანმა აუტანელმა სიცხემ მცენარეული საფარი სრულიად გამოშრობა და ხანძრისადმი მოწყვლადი გახადა. ივლისის ბოლოს ამავე დეპარტამენტში ცეცხლმა უკვე გაანადგურა 3 700 ჰექტარი ტყე და 200-მდე სახლი.

ხანძარი გაჩნდა საფრანგეთის ჩრდილოეთითაც, პა-დე-კალეს სანაპიროზე, სადაც 180 ჰექტარი ფართობი დაიწვა და ერთი სახლი განადგურდა. სტიქიასთან ბრძოლის დროს სამი მეხანძრე დაშავდა, თუმცა ავიაციის ჩართვის წყალობით ვითარების ლოკალიზება მოხერხდა.

წყარო