თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გართულებული იყო საავტომობილო მოძრაობა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინებოდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში.
"საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.
"თბილსერვის ჯგუფის" მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.
ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 0322 722222", - წერია განცხადებაში.