ავტორი:

"შენობის ჩამორთმევის შემდგომ, მელიქ აზარიანცისთვის საცხოვრებლად საკუჭნაო მიუჩენიათ" - რა საიდუმლოს ინახავს მელიქ აზარიანცის უნიკალური არქიტექტურის სასახლე და მისი სარდაფები

"შენობის ჩამორთმევის შემდგომ, მელიქ აზარიანცისთვის  საცხოვრებლად საკუჭნაო მიუჩენიათ" - რა საიდუმლოს ინახავს მელიქ აზარიანცის უნიკალური არქიტექტურის სასახლე და მისი სარდაფები

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც აღბეჭდილია ვაჭარ მელიქ აზარიანცის თბილისში მდებარე სასახლის სარდაფები. ამ უნიკალურმა არქიტექტურამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ თემაზე არაერთ ლეგენდასაც წაიკითხავდით.

  • "ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლის აგების ლეგენდა კი მის 22 წლის ქალიშვილის 1904 წელს გარდაცვალებას უკავშირდება, რომელსაც ისევე, როგორც ალექსანდრეს მეუღლეს, თაკუი რქმევია... ისე, ბატონ ალექსანდრეს სხვა ქალიშვილიც ჰყავდა, სოფია, რომელიც ლეგენდების მოყვარულებმა რატომღაც მიჩქმალეს, თუმცა, მართლაც მზრუნველმა მამამ ქალიშვილს და სიძეს, კალანტაროვის ვაჟს, იურისტს და საკმაოდ მდიდარ ადამიანს, დღევანდელი ლერმონტოვის ქუჩაზე სახლი აუშენა", - ამბობს Ambebi.ge-სთან ხელოვნებათმცოდნე, სოლომონ ნადიმაშვილი.

სოლომონ ნადიმაშვილი:

- სახლი, რომლის საძირკვლის ჩაყრისას, თბილისური ლეგენდების მიხედვით (ამ სახლზე მართლაც უამრავი ლეგენდები იყო და ახლაც იქმნება) მეპატრონის მეგობრები ძვირფასეულობას და ოქროს მონეტებს ყრიდნენ ბარაქის და ბედნიერების მოტანისთვის, სრულებითაც არ გახდა არც ბედნიერების ნავსაყუდელი და არც დიდი მოგების მოტანა დასცალდა მეპატრონისთვის, რადგან ორი რევოლუციის მიერ რუსეთის იმპერიის ფეოდალურ-კაპიტალისტური წყობის დამხობამ ბევრი შეძლებული ადამიანის ქონება განსაზოგადოებას დაუქვემდებარა.

არც თბილისის მდიდარი მოქალაქეები გახდნენ გამონაკლისი და საქართველოში დამყარებულმა სოციალ-დემოკრატიულმა წყობილებამ 1918 წლიდანვე მდიდარი არისტოკრატიის და ბურჟუაზიის წარმომადგენლების კერძო საკუთრების ექსპროპრიაცია დაიწყო. ზოგ შენობაში სახელმწიფო ორგანიზაციები განთავსდა, უმრავლესი კი ქალაქის საბინაო ფონდს გადაეცა,

მით უფრო, რომ მათი ნაწილი ისედაც ე.წ. საშემოსავლო სახლები იყო. ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლიც, რომელიც მეპატრონემ იმ პერიოდის ყველანაირი კომფორტით აღჭურვილი ააგო, ზუსტად საშემოსავლო სახლის ფუნქციით, ოფიციალური ვერსიით, 1921 წელს ჩამოერთვა, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ (აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგჯერ ამ სახლს თბილისის პირველ საშემოსავლო სახლად მოიხსენიებენ, რაც არასწორია, რადგან საშემოსავლო სახლებს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან აგებდნენ თბილისში, განსაკუთრებით კი 1870-იანი წლებიდან).

ამასთან, დასძენენ ხოლმე, რომ ბატონი ალექსანდრე თითქოსდა, საფრანგეთიდან კლიენტს ელოდებოდა, რომელსაც ეს შენობა უნდა ეყიდა, მეუღლე და მშობლები კი პარიზში უკვე გაგზავნილი ჰყავდა და მაგიტომ შემორჩა თბილისში, კლიენტი კი აღარ ჩამოვიდა ამიერკავკასიაში პოლიტიკური არეულობის გამო.

ოფიციალური ვერსიის მიხედვითვე, მელიქ-აზარიანცისთვის შენობის ჩამორთმევის შემდგომ, მისთვის საცხოვრებლად სარდაფში საკუჭნაო მიუჩენიათ. აი აქ კი თბილისური ლეგენდები ისევ იჭრება ამ საიდუმლოებებით მოცული სახლის ისტორიაში და ბატონი ალექსანდრეს ბოლო საცხოვრებელ სივრცედ ზოგი კიბის უჯრედის ქვემოთ არსებულ "კამორკას“ ასახელებს, ზოგი კი კიდევ უფრო ფანტაზიას ძაბავს და - თბილისის ყველაზე მდიდარი კაცი ამ სახლში არსებულ საიდუმლო სეიფში თითქოსდა ჩაიკეტა და იქ განუტევა სულიო.

სახლის აგების ლეგენდა კი მის 22 წლის ქალიშვილის გარდაცვალებას უკავშირდება - ის 1904 წელს გარდაიცვალა. გოგონას, ისევე, როგორც როგორც ბატონი ალექსანდრეს მეუღლეს, თაკუი რქმევია. ჰოდა, ქალიშვილზე მგლოვიარე მამას 8 წლის შემდეგ, ისევ ლეგენდების მიხედვით, გადაუწყვეტია მისი ხსოვნის პატივსაცემად ე.წ. საშემოსავლო სახლი აეგო.

აი აქ, მე რომ მკითხოთ, ლეგენდა ცოტა დამაბნეველი ხდება: გამოდის, რომ ქალიშვილის ხსოვნისთვის მამა საშემოსავლო სახლს აგებს? სტანდარტულად, ხსოვნის აღსანიშნავად მემორიალს ანდა წყაროს აგებდნენ ხოლმე, თუნდაც სახლი აგებულიყო, მაგრამ "საშემოსავლო“?! რა ვიცი, ადამიანურად, ფინანსების შემოსავლები და ღვიძლი ადამიანის ხსოვნა, ცოტა შეუსაბამობაში მოდის, მაგრამ რას გაუგებ მილიონერის ფსიქიკას.

ისე, ბატონ ალექსანდრეს სხვა ქალიშვილიც ჰყავდა, სოფია, რომელიც ლეგენდების მოყვარულებმა რატომღაც მიჩქმალეს, თუმცაღა მართლაც მზრუნველმა მამამ ქალიშვილს და სიძეს, კალანტაროვის ვაჟს, იურისტს და საკმაოდ მდიდარ ადამიანს, დღევანდელი ლერმონტოვის ქუჩაზე სახლი აუშენა. ზოგიერთი ვერსიით სოფიო მელიქ-აზარიანცის შთამომავლები დღეისათვის უკრაინაში ცხოვრობენ, ზოგი ვერსიით - გერმანიაში.

ჰოდა, ისევ სახლის აგების ლეგენდებს და ისტორიას დავუბრუნდეთ. როგორც უკვე ნამდვილი ამბავი გვამცნობს, ბატონ ალექსანდრეს სახლის აგებისთვის იმჟამინდელ ქალაქის თავს, ხატისოვს ზემელზე, ხევში არსებული ნაგავსაყრელი შეუთავაზებია, თუმცა აქვე ყაზარმების დანგრეული შენობებიც ყოფილა. თავიდან ალექსანდრეს შეუცხადებია, - ამას რას მთავაზობთო, მაგრამ შემდგომ დათანხმებულა. ეტყობა მშენებლობისთვის დიდი ფართობი მოეწონა. ალექსანდრემ, რომელიც პროფესიით გეოლოგი იყო და მშვენიერი განათლებაც მიიღო ამ დარგში პეტერბურგის უნივერსიტეტში, ამ ხევის რელიეფში მრავალსართულიანი ნაგებობის აგების პერსპექტივა უთუოდ შენიშნა.

ფოტო: Tbilisi in Details

აი, პეტერბურგელი არქიტექტორი, ნიკოლაი ანდრეის ძე ობოლონსკი სად მონახა, როგორ დაუკავშირდა, ამაზე ლეგენდებიც კი სდუმან. არადა, ნიკოლაი, როგორც ირკვევა, საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი ნაგებობის მშენებელი ყოფილა თავად პეტერბურგში და ეკლესიებიც კი აქვს აგებული რუსეთის იმპერიის პერიფერიებში.

აქვე დავძენ, რომ მას პეტერბურგის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული მხატვარ-არქიტექტორის სპეციალობით 1904 წელს, ხოლო 1918 წელს ემიგრაციაში წასულა პოლონეთში და ბოლშევიკების ტერორს გადარჩენილა. ერთი ცნობით, თითქოსდა, ბატონ ობოლონსკის თბილისის ოპერის სახაზინო თეატრის არქიტექტურული დეტალების გაფორმებაშიც მიუღია მონაწილეობა.

ფოტო: Tbilisi in Details

  • თუ ეს სარწმუნო ცნობაა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი თბილისშივე დაუკავშირდა ამ არქიტექტორს, მაგრამ სახაზინო თეატრის მშენებლობა 1896 წელს დამთავრდა და რა დეტალების გაფორმებაზეა საუბარი, ცოტა გაურკვეველია. ალბათ, უფრო პეტერბურგიდან ურჩიეს ალექსანდრეს ეს არქიტექტორი, რომელმაც, თამამად უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალედ გაართვა თავი როგორც შენობის რელიეფთან შერწყმის საკმაოდ რთულ და ძნელ ამოცანას, ასევე ოლგას ქუჩის (როგორც მაშინ ეძახდნენ გოლოვინის ქუჩის გაგრძელებას) და ვერის დაღმართის კვეთის თავისებურ მოხაზულობაზე ნაგებობის მორგების გადაწყვეტას (სხვათა შორის, ქუჩის მოხაზულობას შემდგომში ასევე მშვენივრად შეუხამა არქიტექტორმა ტერ-მიქელოვმა თავისი შედევრი - სასტუმრო მაჯესტიკი).

ახლა ისევ ლეგენდებს მივმართოთ. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ბატონ ალექსანდრეს და მის არქიტექტორ-მშენებელს, მშენებლობისთვის ქალაქის ხელისუფლებამ წყლის მაზანდა აუწიეს და თითქოსდა მილიონერმა კახელი მეღვინეებისგან ღვინო იყიდა, რომელიც უფრო იაფი დაუჯდაო და ის გამოიყენა მშენებლობაშიო. მუშებს რომ ღვინოს ასმევდნენ ხოლმე, გასაგებია, მაგრამ მშენებლობაში ღვინო ვინმეს სითხედ გამოეყენებინოს, მართლაც ბურჟუაზიული ექსცენტრიკული საქციელი უფროა და ნამეტანი მართლაც ლეგენდური ამბავი უნდა იყოს.

რაც შეეხება შენობის არქიტექტურულ ფორმებში ქალიშვილის, თაკუის ხსოვნისადმი ტრაურის მომენტის შეტანას ცრემლის ფორმის სარკმლების, გირლანდების მზიდ შიშველ მამაკაცთა რელიეფების სახით, ასევე ფასადთა დამაგვირგვინებელ გირლანდებს, ეს თავად მოდერნის სტილის ესთეტიკასა და სიმბოლიკაში ნამდვილად ისედაც განზოგადდება ხოლმე და მხოლოდ ამ შენობისთვის არაა დამახასიათებელი.

და რაც მეტად საინტერესოა: თვით მოდერნ-არტ ნუვო - იუგენდსტილისთვის, 1910 იანი წლებიდან ადრეული მოდერნის დენად ფორმებს შეერწყა ერთი მხრივ ასევე ერთგვარად ამორფული, ნახევრად დაუმუშავებელი ფიგურატივიზმი და მეორე მხრივ ნეოკლასიციზმის მკაცრი სწორხაზოვანი დანაწევრება და აი სწორედ სამგლოვიარო ატრიბუტიკა გირლანდების, ჩირაღდნების და სხვა დეტალების თანხლებით.

რამ გამოიწვია მოდერნის ხელოვნებაში ნეოკლასიციზმის შერწყმა? ეს ერთის მხრივ 1905 წელს (და შემდგომ წლებშიც) ამპირის 100 წლის აღნიშვნიდანაც წარმოიშვა და მეორე მხრივ, არქიტექტორთა მიერ მოდერნის დენადი ფორმების ერთგვარად გარკვეულ მწყობრ ფორმებში მოქცევის მცდელობაც იყო. ამ მხრივ ნიკოლაი ობოლონსკის ქმნილება მართლაც უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა მთელ თბილისში.

დიდი შენობა, რომელიც პრინციპში მთელ კვარტალს იკავებს, თავისი დროის ნოვაციური კომპლექსი იყო ბაღით, სხვადასხვა მაღაზიებით, ფოტოატელიეთი და სხვა კომფორტით (ავტონომიური ელექტრომომარაგება, სატელეფონო სადგური, ცენტრალური გათბობა, კანალიზაცია და ა.შ.). მე ვიტყოდი იმდენად არის "თავისუფლად ჩამჯდარი“ რელიეფში, რომ სრულებითაც არ ამძიმებს გარემო სივრცეს (განსხვავებით მის წინ მდებარე ე.წ. მეშახტის სახლისგან, რომელიც რა თქმა უნდა, თავისი დროის მნიშვნელოვანი ნაგებობა ნამდვილადაა და შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლების ორნამენტიკითა და არქიტექტურული ფორმებით მისი გაფორმება ეროვნული არქიტექტურის სახეს ატარებს).

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა აღვნიშნო - ისევე როგორც თბილისის უმეტეს ევროპული არქიტექტურის სტილის ფასადების მქონე ნაგებობებს, მელიქ-აზარიანცის შენობასაც ეზოს მხრიდან თბილისური აივნები აქვს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს არქიტექტორის მიერ ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებას (შესაძლებელია სწორედ დამკვეთისგანაც ნაკარნახევს). აქვე დავძენ - როდესაც 1990-იან წლების მიწურულს, გადაღმა მხარეს მაკდონალდსის შენობას აგებდნენ, მისმა დამპროექტებელმა ძალიან კორექტულად და ანსამბლურად მოარგო მაკდონალდსის შენობა ამ ადგილს და ნაგებობას გაუკეთა მელიქ- აზარიანცის სახლის გუმბათების (ფაქტობრივად სფეროს ფორმის) მსგავსი გადახურვა და ასე კარგად მოახდინა ძველის და ახლის სივრცითი ერთგვარი დაკავშირება.

ბევრი რამ შეიძლება ითქვას ნიკოლაი ობოლონსკის მიერ აგებულ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის საშემოსავლო სახლის არქიტექტურულ ფორმებზე, მით უფრო, რომ ნიკოლაის სხვა ნაგებობა თბილისში არ გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნიკოლაი ობოლონსკის ამ შენობის პატარა ვარიანტი ალექსანდრე მელიქ-აზარიანცმა ბაქოშიც ააშენა, სადაც იყო მისი ძირითადი ბიზნესი. თავში ვახსენე, რომ ამ სახლს ბედნიერების მოტანისთვის ძვირფასეულობა და ოქროს მონეტები ჩაატანესო - ლეგენდა გვამცნობს, მაგრამ რამდენჯერმე ის პირდაპირი მნიშვნელობით - დანგრევასაც კი გადაურჩა, რამდენჯერმე მის კედლებში ტრაგიკული ამბებიც მოხდა და არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მის სარდაფებში თინეიჯერები სხვადასხვა რიტუალებსაც ასრულებდნენ მათ მიერვე შერქმეულ "ჯოჯოხეთის კართან“.

ეტყობა, რაღაც იდუმალი მიზიდულობა ნამდვილად გააჩნიათ როგორც დაფნის გირლანდების მზიდ შიშველ ფიგურებს, შენობის ქვედა ნაწილის რუსტიკასაც და იმ სფერულ-გუმბათიან კოშკებსაც, რომლებიც კოსმოსური ხომალდებივით თუ ატომური ბომბებივით აღმართულან მომშვილდულ ლავგარდნებს შორის. ისე, ერთი ფრონტონი კიდევაც დაუმთავრებელი დარჩენილა და აგურის წყობა ჩანს მხოლოდ.

გავა დრო და ალბათ კიდევ სხვა ლეგენდებსაც შექმნიან სახლზე, რომელიც სიღატაკეში გარდაცვლილმა მილიონერმა ააგო თავისი გარდაცვლილი ქალიშვილის თაკუის მოსაგონებლად...