სამეფო ოჯახებში მორიგი ხმაურიანი და გრანდიოზული ქორწილი შედგა. მალაიზიის პრინცესა, 29 წლის ილიანა ალია ცოლად გაჰყვა 32 წლის ბრიტანელ ავტომრბოლელსა და Tempesta Racing-ის თანადამფუძნებელს, კრის ფროგატს.
წყვილმა გრანდიოზული საქორწინო ცერემონია კუალა-ლუმპურში, სასტუმრო Shangri-La-ში გამართა, რასაც წინ უძღოდა ტრადიციული ისლამური საქორწინო რიტუალი.
პრინცესა ილიანამ საქორწინო დღეებისთვის ცნობილი მალაიზიელი დიზაინერის, დატუკ რადზუან რადზივილის ორი განსხვავებული კაბა აირჩია:

ოფიციალური რიტუალისთვის - პრინცესამ არჩევანი შეაჩერა მაღალსაყელოიან, ნაქარგებიან მაქმანის ელეგანტურ კაბასა და ნახევრად აწეულ ვარცხნილობაზე. მას ამშვენებდა დედოფალ აზიზას კოლექციიდან არტ-დეკოს სტილის ალმასის ტიარა, ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამი და შესაბამისი საყურეები.
მთავარი ცერემონიისთვის - ილიანა წარდგა ტრადიციულ საქორწინო ტახტთან თეთრი ყვავილების დეკორაციის ფონზე. ამჯერად მას პაჰანგის სამეფო ოჯახის ისტორიული, XIX საუკუნით დათარიღებული ალმასის ანტიკვარული ტიარა ეკეთა, რომელიც ნეოკლასიკური ფოთლებისა და გირლიანდების მოტივებითაა მოჩუქურთმებული.
ზეიმი მოიცავდა ლოცვებს, ბეჭდების გაცვლასა და ტრადიციულ საქორწინო საჩუქრებს. პაჰანგის სასულთნომ ახალდაქორწინებულებს ოფიციალური განცხადებით მიულოცა და მარადიული ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა.

სტუმრებს შორის იყვნენ პაჰანგის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ტენგკუ ჰასანალი, სამეფო ოჯახის წევრები, მაღალჩინოსნები და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხი მოჰამედ ბინ ჰამად ბინ ტაჰნუნ ალ ნაჰიანი.
სიძე, კრის ფროგატი, ავტოსპორტის სამყაროში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა, თუმცა პროფესიონალურ რბოლებში შედარებით გვიან - 24 წლის ასაკში ჩაერთო. მისი კარიერული გარდატეხა იტალიაში, ფერარის Fiorano-ს ტრასაზე გამართულ ღონისძიებას უკავშირდება. 2017 წელს მან დააფუძნა Tempesta Racing და დღეს GT World Challenge Europe Endurance Cup-ის წარმატებული მრბოლელია.
საინტერესოა, რომ პრინცესას ოჯახს ბრიტანეთთან მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვს. ილიანას მამა - სულთანი აბდულა (მალაიზიის ყოფილი მეფე და პაჰანგის მეექვსე სულთანი) განათლებას დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ოქსფორდის უნივერსიტეტსა და სანდჰერსტის სამხედრო აკადემიაში იღებდა, სადაც აბუ-დაბის მომავალ მმართველთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან მეგობრობდა.

ცნობისთვის, მალაიზიის მონარქია უნიკალურია - ქვეყნის ტახტი მონაცვლეობით გადადის 9 შტატის მემკვიდრეობით მმართველებს შორის, ხოლო მეფეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ირჩევენ.
წყვილი პირად ცხოვრებას ყოველთვის საიდუმლოდ ინახავდა და ქორწინებამდე ურთიერთობის დეტალებს არ ასაჯაროებდა. ამ ქორწინებით ერთმანეთს პაჰანგის საუკუნოვანი სამეფო ტრადიციები და საერთაშორისო ავტოსპორტის სწრაფი, ექსტრემალური სამყარო დაუკავშირდა.