დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს "თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.
სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე "თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
"დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“,-განაცხადა "თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ.
მერიის ინფორმაციით, ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია.
"ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა.
თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით - 032 2 72 22 22“ - ნათქვამია ინფორმაციაში.