გურანდა აბულაშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის (ლევან გადელია) მხრიდან ძალადობის შემდეგ სიკვდილს გადაურჩა, ამბობს, რომ მოძალადემ სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება მოახერხა.
აღნიშნულის შესახებ გურანდა აბულაშვილმა "TV პირველს" განუცხადა.
დაზარალებულის ინფორმაციით, ყოფილმა მეუღლემ მას 33 ჭრილობა მიაყენა. მოგვიანებით კი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მამაკაცი შეურაცხადად ცნეს და სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
"ჩემი მეუღლე მუშაობდა მთელი ცხოვრების მანძილზე პროკურატურაში, შემდეგ შემოსავლების სამსახურში, ბოლოს იყო მოქმედი თანამშრომელი მერიის აუდიტის და თუ ადამიანი შეურაცხადი იყო, არცერთი გადაცდომა ამ ხნის მანძილზე არ ჰქონია.
ბაგათელიას საქმესთან დაკავშირებით, გუშინ კიდევ გამყარდა ჩემი ეჭვები, რომ საქმე გვაქვს მაკა დადიანის არაკომპეტენტურობასთან ან კორუფციულ გარიგებასთან. შეისწავლონ მაკა დადიანის საქმე შესაბამისმა ორგანოებმა, გამოიკვლიონ და ნახონ მისი კომპეტენტურობის საკითხი როგორია ამ ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით.
ამ ადამიანს მე ვიცნობდი 10 წლის განმავლობაში და მისთვის მე არაფერი შემიმჩნევია, რომ ის იქნებოდა, ვთქვათ, შეურაცხადი. მან ეს დანაშაული დაგეგმა, მოაწყო ისე, რომ დავრჩენილიყავით მარტო. თუ შეურაცხადი იყო ეს ადამიანი, ხომ შეიძლებოდა, ოჯახის წევრებთან ერთად დამსხმოდა თავს, გაისტუმრა ისინი. მას ჰქონდა ეს დაგეგმილი რამდენიმე თვით ადრე, დაახლოებით აპრილის თვეში დამემუქრა: "ახლა რომ მოგკლა, ციხეში ხომ არ წავალ შენს გამოო". ეს უტრიალებდა მას თავში და განახორციელა ისე, როგორც მას უნდოდა. მე მაშინვე მივხვდი, რომ აიღო ტელეფონი და მიღებდა, თავად მუშაობდა პროკურატურაში, ძალიან კარგად იცოდა, რა მუხლი წარუდგებოდა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. 16-დან 20 წლამდე იმსახურებდა სასჯელს და 4 წლის ვადით გაუშვეს ფსიქიატრიულში. ეს ადამიანი 2027 წლის ოქტომბერში გამოვა თავისუფლებაზე და ჩემი სიცოცხლე ისევ საფრთხის ქვეშაა და შესაძლოა, გარშემომყოფებისთვისაც არის საშიში, არა მარტო ჩემთვის", - ამბობს გურანდა აბულაშვილი.
ასევე იხილეთ: