ავტორი:

"ნასვამმა შეიძლება სხვას "ჩააბერინოს" და მერე მიუჯდეს საჭეს" - როგორ მუშაობს ალკოჰოლური ბლოკირების სისტემა და იქნება თუ არა ეფექტიანი: ინტერვიუ მევლუდ მელაძესთან

"ნასვამმა შეიძლება სხვას "ჩააბერინოს" და მერე მიუჯდეს საჭეს" - როგორ მუშაობს ალკოჰოლური ბლოკირების სისტემა და იქნება თუ არა ეფექტიანი: ინტერვიუ მევლუდ მელაძესთან

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების (Alcohol Interlock) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა.

სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, იგეგმება მისი გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 2019 წელთან შედარებით, ალკოჰოლური თრობისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევები 12.9%-ით შემცირდა.

როგორც საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, 2025 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა 109 შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად დასახელდა. აღნიშნულ შემთხვევებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 129 ადამიანი დაშავდა.როგორც ირკვევა, სტრატეგიის მიზანია 2030 წლისთვის გზებზე სიკვდილიანობისა და დაშავებულთა რაოდენობის მინიმუმ 25%-ით შემცირება.

  • “ამ ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომელიც გიბიძგებს, რომ მას გვერდი აუარო”, - ამბობს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლი მევლუდ მელაძე Ambebo-ge-სთან და გვიხსნის, ზოგადად როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია და გაამართლებს თუ არა ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების დანერგვა საქართველოში.

მევლუდ მელაძე:

- მძღოლმა მანქანის დაქოქვამდე უნდა ჩაბეროს სალონში დამონტაჟებულ სპეციალურ მოწყობილობაში და სისტემა ალკოჰოლის ჭარბ დონეს თუ დააფიქსირებს, ძრავის ელექტრონული სისტემა ავტომატურად დაიბლოკება. ასეთი მოწყობილობა ამერიკის რამდენიმე შტატში აქვთ, წესია, შენ თუ შემჩნეული ხარ დარღვევაში, დაჯარიმებული, ან მართვის მოწმობა გაქვს ჩამორთმეული ნასვამობაზე, რაღაც გარკვეული პერიოდით მსგავსი მოწყობილობის დამონტაჟებას გთხოვენ მაგ. ერთი წლით, გააჩნია დარღვევას.

ანუ მხოლოდ ასეთ მძღოლებს სთხოვენ Alcohol Interlock-ის დამონტაჟებას ავტომობილში. ეს არ არის უბრალო საქმე, მთელ პროცედურებს მოითხოვს, მაგალითად, თუ მანქანა არის თანამედროვე ელექტრონიკით აღჭურვილი, ამას სჭირდება, რომ ბლოკთან გქონდეს კავშირი, ცენტრიდან გამოყვანილი მანქანა თუა, ნებისმიერ ჩარევაზე ცენტრი გარანტიიდან ხსნის იმიტომ, რომ შენ არ შეგიძლია კომპიუტერში რაიმენაირად ჩაერიო, ამ შემთხვევაში, ცენტრის თანხმობა დაგჭირდება - თუ ცენტრის მანქანაა, ამ მოწყობილობამ ბლოკი ხომ უნდა გამართოს, მანქანა რომ არ დაიქოქოს, ამ ბლოკს უნდა დაუკავშირდეს ეს მოწყობილობა, დაქოქვის უფლება რომ არ მისცეს,

სანამ ის აღიქვამს რომ შენ ნასვამი ხარ და ნებას არ გრთავს. ეს ყველაფერი ცოდნასთან არის დაკავშირებული, ამას მცოდნე ხელოსნები სჭირდება. მძღოლმა ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობას თუ არ ჩაბერა, ის დაქოქვის უფლებას არ მისცემს. ჩაბერვის შემთხვევაში თუ ამწვანებს, გახსნის წვდომას დაქოქვასთან. ეს ერთგვარი ალკოტესტი, რომელიც მიერთებულია ავტომობილის ძრავის სისტემაზე.

- ეს პრაქტიკა რამდენად ეფექტური იქნება საქართველოში და აშშ-ს გარდა, ევროპის ქვეყნებიც თუ იყენებენ მსგავს მოწყობილობას?

- სიმართლე გითხრათ, ევროპის ქვეყნებში არ მინახავს მსგავსი, არ მაქვს ინფორმაცია. იქ მძღოლი შემჩნეულია ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაში, მიდის გარკვეული შემოწმებები, მოულოდნელი შემოწმებაც შეიძლება, აგრეთვე შეიძლება პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ გადაადგილების შემთხვევაშიც. აშშ-ი ასეთი მძღოლი თუ მაინც გადაადგილდება, ფაქტია, რომ ეს მოწყობილობა ჩახსნა, ან რაღაც სხვა მოიმოქმედა.

მოკლედ, რადგან იქ ათეულებზეა გათვლილი, ამ შემთხვევაში მათი კონტროლი მარტივიცაა, არის თუ არა ფუნქციური მოწყობილობა.

- გამოდის, არ არის მარტივი და სადღაც არარეალურიც კია ამის დანერგვა, თანაც დიდ თანხებთან დაკავშირებული...

- დიახ, იმიტომ, რომ ხელოსნების ერთმა ჯგუფმა აბსოლუტურად ყველა მანქანა უნდა იცოდეს და რომელ მანქანაზე რა როგორ დაამონტაჟოს, რაც შეუძლებელია. როგორ მარტივადაც არ უნდა გამოიყურებოდეს და როგორი იაფიც არ უნდა ღირდეს მოწყობილობა, შემდგომი პროცედურული ნაწილი იქნება ძალიან რთული და ძვირი. კიდევ ერთი ნიუანსია – ჩვენ ხომ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც სულ ახალი ავტომობილები მოძრაობენ?! ძველი ავტომობილები და მითუმეტეს, ისინი, რომელთაც ძრავის მექანიკური სისტემა და მოწყობილობები აქვთ - ჟიგულები, ვოლგები, "მოსკვიჩები", ან თუნდაც ძველი ფოლკსვაგენები იქნება, მერსედესები, თუ სხვა, ანუ სადაც ბევრი მექანიკაა და ნაკლებად არის კომპიუტერული ჩარევა, იმას როგორ ბლოკავ?!

ისინი რომ დაბლოკო, ცალკე რელეების სისტემა უნდა ააწყო. მოკლედ, ძალიან ბევრი სერიოზული ნიუანსია. ჩემი აზრით, ეს თემა იმიტომ წამოიჭრა, რომ ამაზე ატყდეს ერთი ამბავი და დანარჩენი თემები და პრობლემები გადაიფაროს ქვეყანაში. ჩემი გადმოსახედიდან ეს სიახლე ასე გამოიყურება.

- ანუ თქვენი აზრით, რეფორმის მიზანი გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება არ არის?

- ზოგადად, პრობლემა - ნასვამი მძღოლი საჭესთან არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში დგას და ყველგან ეძებენ გამოსავალს. ზოგან მძღოლი უკვე შემჩნეული თუ იყო ნასვამი საჭერთან, ან რაღაც სასჯელი ჰქონდა, მის ავტომანქანაში მოწყობილობის ჩამონტაჟება, რომელიც მას დაქოქვის საშუალებას არ მისცემს, ესეც ამ ბრძოლის ნაწილია. ნასვამი მძღოლი საჭესთან ყველაზე დიდი საფრთხეა და ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, ყველგან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს ეძებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე, რომ ადამიანის უფლებები არ შეიზღუდოს.

ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში მსგავსი დანაშაული არ ჩაუდენია და საერთოდ არ სვამს, რატომ უნდა აიძულო ჩააყენოს რაღაც მოწყობილობა, რომელიც მას არ სჭირდება და რომელიც აპრიორი მიმართულია იქითკენ, რომ ნასვამი მძღოლი არ მიუჯდეს საჭეს?! რატომ უნდა დამიმონტაჟო მოწყობილობა მე, რომელსაც ცხოვრებაში ამ მიმართულებით არასდროს არაფერი დამიშავებია?! ალბათობის თეორიით, ოდესმე საჭესთან ნასვამი არ აღმოვჩნდე, ბევრი დრო და თანხა უნდა დავხარჯო იმისთვის, რომ მსგავსი მოწყობილობა ჩავამონტაჟო.

სიტყვაზე, გერმანიაში რაც მანქანები შედის, მათ შორის იაპონური მანქანები, ითხოვენ, რომ “მაჭუტი”, ანუ ე.წ. ციმციმა უნდა იყოს ესა და ეს ფერი და ასეთი დახრის და ისინიც ასე აწარმოებენ, მაგ. აშშ-ში ციმციმა წითელი შეიძლება იყოს, ევროპაში - არ შეიძლება და იქ მათ სტანდარტს ამზადებენ. მოითხოვე, რომ შენს ქვეყანაში გამოსაგზავნ მანქანებს ჰქონდეს ისეთი მოწყობილობა, რომელიც ნასვამ მძღოლს არ დააქოქინებს მანქანას.

ადრე თუ გვიან, ნელ-ნელა იმდენად, რამდენადაც ახალი მანქანები გამრავლდება და გამრავლდება, ეს სისტემა ავტომატურ რეჟიმში შემოვა, ანუ მანქანებს ქარხნულად ექნება დამონტაჟებული. ეს არის ნელი, მაგრამ სწორი გზა, შენ თუ მართლა ზრუნავ საკუთარ მოქალაქეებზე. სხვა მხრივ, ეს ადამიანების უფლებების შელახვაა.

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსგავს შემთხვევებში ადამიანები გამოსავალს მაინც პოულობენ, კანონსა და წესებს გვერდი რომ აუარონ, ხომ შეიძლება ნასვამმა მძღოლმა სხვას, ფხიზელს "ჩააბერინოს" მოწყობილობაში და მერე ისევ თვითონ მიუჯდეს საჭეს?

- ეგ კიდევ ცალკე ამბავია. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ადამიანი მაინც ყოველთვის ეძებს და ვიღაც რაღაც გამოსავალს ალბათ იპოვის, მით უმეტეს, საქართველოში. ეს რომ იყოს გერმანია და ვიღაცას უთხრა, მოდი, ჩემს მანქანაში ჩაბერეო, შეიძლება დაგცინოს, ან უარი გითხრას, მაგრამ საქართველოში ნებისმიერს თუ სთხოვ, სურვილს შეგისრულებს. ეს აზრი უტოპიურად გამოიყურება ჩემთვის, პირადად. ყოველთვის იქნება რაღაც, რის გამოც ვიღაცა წესებს დაარღვევს, მნიშვნელოვანია შემდეგი აღსრულების ნაწილი იყოს ისეთი, რომ ეს დარღვევა ან არ გიღირდეს, ან არ აკეთებდე. ანუ სიმკაცრე უნდა იყოს აღსრულების ნაწილში და ამით უფრო მეტად მოგვარდება პრობლემა, ვიდრე ის, რომ რაღაც მოწყობილობა ჩავაყენოთ. ეს ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება.

- იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები მაქსიმალურად შემცირდეს, ეს მეთოდი საკმარისი იქნება? სიჩქარის შეზღუდვაზე რა აზრის ხართ?

- რაც არ უნდა წრეები ვარტყათ, როგორც არ უნდა ვიაროთ, საბოლოო ჯამში, მაინც ყველა გზა აბსოლუტურად იქამდე მივა, რომ არ გვაქვს სათანადო განათლება. დიახ, ეს ინვესტიცია ჯობია მთლიანად განათლებაში ჩავდოთ, ბაღიდან უნდა დაიწყოს ბავშვების განათლება საგზაო უსაფრთხოებაზე და შემდეგ სკოლაში გაგრძელდეს, ცივილიზებულ სამყაროში ბევრგან არსებობს პროგრამები, შეგვიძლია ავიღოთ სკანდინავიური ქვეყნების მაგალითები, მაგ. ფინეთის, რა ხდება ამ მხრივ ბაღებსა და სკოლებში.

წარმოიდგინეთ, მინიმუმ ქვეყანაში არ გვაქვს არანაირი სტანდარტი, ის კი არა, ავტობანზე სასწავლო სვლა აკრძალულია, არადა, ავტობანზე აბარებენ გამოცდას. ჯერ ცოდნას მივხედოთ და დანარჩენ რაღაცებზე, მოწყობილობებზე მერე გადავერთოთ. ჩემი აზრით, დარღვევის გამეორებაზე უნდა იყოს ძალიან დიდი სიმკაცრე. ინტენსიურად უნდა ხდებოდეს ნასვამი მძღოლების აღმოჩენა და განმეორებითზე გაცილებით სიმკაცრე უნდა იყოს, ანუ მართვის მოწმობის დაბრუნება ან შეუძლებელი გახდეს, ან იყოს სპეციალური სწავლების გავლა, ან საერთოდ, სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციაც.

მაგალითად, ასეთი პრაქტიკაც არსებობს ევროპაში, რომ თუ შენი არ არის ავტომობილი, რომელსაც ნასვამი მართავ, მისი ღირებულების გადასახადი გეკისრება. სენსორის დაყენება უტოპიურია იმიტომ, რომ გამოსავალს მართლაც ყოველთვის პოულობს ქართველი და არა მარტო ქართველი, წეღანაც ვთქვით, ნასვამმა შეიძლება სხვას ჩააბერინოს და მერე მიუჯდეს საჭეს. ისიც მთავარია, რა ფორმით მიიღებენ კანონს. აღარ უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომელიც გიბიძგებს, რომ მას გვერდი აუარო.