ჰოლივუდის ვარსკვლავი, მსახიობი ჰაიდენ პანეტიერი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News ვარსკვლავის წარმომადგენელსა და ოჯახზე დაყრდნობით იუწყება.
"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი საყვარელი ჰაიდენის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ. ის იყო დაუჯერებელი სინათლე და ბუნების ძალა, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული და სიხარული მოჰქონდა ყველასთვის, ვინც მას იცნობდა და მილიონობით მაყურებლისთვის, ვინც მას ეკრანზე ადევნებდა თვალს“, - ნათქვამია მსახიობის მამის, სკიპ პანეტიერის განცხადებაში.
მან ასევე ითხოვა კონფიდენციალურობის დაცვა, სანამ ოჯახი ამ წარმოუდგენელ დანაკარგთან გამკლავებას ცდილობს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
ჰაიდენ პანეტიერი პოპულარული მსახიობი და მოდელი იყო, რომელმაც კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მას 8 თვის ასაკიდან რეკლამებში იღებდნენ. 4 წლისას მისი დებიუტი შედგა სერიალში "One Life to Live“.
11 წლის ასაკში მიიღო ახალგაზრდა მსახიობის პრემია დისნეის ფილმში "Remember the Titans“ შესრულებული როლისთვის.
ითამაშა პოპულარულ კომედიებში ("Raising Helen“, "Ice Princess“), საკულტო საშინელებათა ფილმში "Scream 4“ და სერიალში "Heroes“ (კლერ ბენეტის როლი). ხოლოს სერიალ "Nashville“-ში შესრულებული ჯულიეტ ბარნსის როლისთვის ის ორჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე“.
მსახიობი ყოველთვის ღიად საუბრობდა თავის პრობლემებზე, მათ შორის ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე, ასევე მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე. მან გაიარა მკურნალობის კურსი რეაბილიტაციის ცენტრში და 2020 წლიდან სუფთა ცხოვრებას ეწეოდა.
2009 წელს ჰაიდენმა შეხვედრები დაიწყო უკრაინელ მოკრივესთან, ვლადიმერ კლიჩკოსთან. 2013 წელს ისინი დაინიშნნენ, ხოლო 2014 წელს მათ ქალიშვილი, კაია ევდოკია კლიჩკო შეეძინათ. 2018 წელს წყვილი დაშორდა, დამოკიდებულებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გოგონა კი საცხოვრებლად მამასთან, უკრაინაში დარჩა.

2023 წლის თებერვალში, 28 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა მისი უმცროსი ძმა, მსახიობი ჯენსენ პანეტიერი (გულის პრობლემების გამო). ჰაიდენი ამ დანაკარგს მძიმედ განიცდიდა და აღნიშნავდა, რომ ამ ტკივილს ვერასდროს გადალახავდა.
მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "This Is Me: A Reckoning“ ("ეს მე ვარ: ანგარიშსწორება“), სადაც მან გულახდილად ისაუბრა ბავშვობის კარიერაზე, ტრავმებზე, ოჯახურ ძალადობასა და დამოკიდებულებებთან ბრძოლაზე.
ჰაიდენ პანეტიერი 37 წლის გახდომამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა.