მეტაბოლური ჯანმრთელობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დღეს უკვე აღიარებულია, რომ სიმსუქნე დიაგნოზია, რომელიც მულტიპროფილურ და თანმიმდევრულ მართვას საჭიროებს. ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და თანამედროვე მეთოდი ბარიატრიული ქირურგიაა.
ეს მხოლოდ ოპერაცია არ არის. ბარიატრიული ქირურგია კომპლექსური მკურნალობის პროცესია, რომლის წარმატებაც მულტიდისციპლინური გუნდის კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული.
რა უნდა ვიცოდეთ ბარიატრიული ქირურგიის შესახებ ჩვენს კითხვებს თოდუას კლინიკის მცირე ინვაზიური აბდომინალური ონკოქირურგიისა და ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ზურაბაშვილი პასუხობს:
სიმსუქნე მხოლოდ ჭარბი წონა არ არის. ეს ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც პრაქტიკულად მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვება იწვევს მეტაბოლურ ცვლილებებს, ქრონიკულ ანთებით პროცესებს და ჰორმონალურ დარღვევებს, რაც დროთა განმავლობაში მრავალი დაავადების განვითარების რისკს ზრდის.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კონკრეტული გართულება მხოლოდ წონის ერთი კონკრეტული მაჩვენებლით არ იწყება, რისკი თანდათან იზრდება სხეულის მასის ინდექსის, წელის გარშემოწერილობის, ცხიმოვანი ქსოვილის განაწილებისა და თანმხლები დაავადებების მიხედვით. განსაკუთრებით საყურადღებოა მუცლის არეში ცხიმის დაგროვება.
მაგალითად, სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ძილის ობსტრუქციული აპნოეს, ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების, სახსრების დაზიანებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ამასთან, რაც უფრო იმატებს სიმსუქნე და რაც უფრო მაღალია მისი ხარისხი, მით უფრო იზრდება გართულებების ალბათობაც.
სწორედ ამიტომ ჩვენ პაციენტს მხოლოდ კილოგრამების მიხედვით არ ვაფასებთ. მნიშვნელოვანია მთლიანად შევაფასოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის, თუ რა გავლენას ახდენს ჭარბი წონა მის ცხოვრებაზე.
მომზადების პერიოდი ინდივიდუალურია და ყველასთვის ერთნაირი ვადა არ არსებობს. ზოგიერთ პაციენტს რამდენიმე კვირა სჭირდება, ზოგ შემთხვევაში კი მომზადების პროცესი უფრო ხანგრძლივია განსაკუთრებით მაშინ, თუ გვაქვს თანმხლები დაავადებები, რომელთა წინასწარ სტაბილიზაციაც აუცილებელია.
ოპერაციამდე პაციენტი უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. როგორც წესი, ყურადღება ექცევა სისხლის ანალიზებს, გლუკოზისა და მეტაბოლური მდგომარეობის შეფასებას, არტერიულ წნევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სასუნთქ სისტემას, ძილის აპნოეს, ღვიძლის მდგომარეობას და კვებით ქცევას. საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გადის ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, გასტროენტეროლოგის, დიეტოლოგისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაციას.
ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნაც. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ოპერაცია არის მკურნალობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მაგრამ არა ჯადოსნური გამოსავალი. ოპერაციის შემდეგ ცხოვრების წესისა და კვებითი ჩვევების შეცვლა აუცილებელია.
სლივ-გასტრექტომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ ტექნიკურად შედარებით მარტივი ოპერაციაა . კუჭის მოცულობა მნიშვნელოვნად პატარავდება, რის შედეგადაც პაციენტი ნაკლებ საკვებს იღებს და მცირდება შიმშილის მარეგულირებელი ზოგიერთი ჰორმონული სიგნალიც.
თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ სლივი ყველა პაციენტისთვის საუკეთესო არჩევანია. ბაიპასსა და სლივს თავისი უპირატესობები და თავისებურებები აქვს. მაგალითად, გარკვეული პაციენტებისთვის ბაიპასი შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ტიპი 2 დიაბეტის ან რეფლექსური დაავადების მართვის თვალსაზრისით. ამიტომ ოპერაციის ტიპი უნდა შეირჩეს კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის მიხედვით და არა მხოლოდ სურვილის ან პოპულარობის მიხედვით.
რაც შეეხება ლაპაროსკოპიულ მიდგომას, მისი მთავარი უპირატესობა მცირე ზომის განაკვეთები, ნაკლები ტკივილი, ნაკლები ჭრილობის გართულებები და, როგორც წესი, უფრო სწრაფი ფუნქციური აღდგენაა ვიდრე ღია ოპერაციის შემთხვევაში.
ბარიატრიული პაციენტის მართვა მხოლოდ ქირურგის საქმე არ არის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მულტიდისციპლინური გუნდის არსებობა.
ოპერაციამდე საჭიროა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულად შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და, საჭიროების შემთხვევაში, თანმხლები დაავადებების კონტროლი. ოპერაციის შემდეგ კი პაციენტის მდგომარეობა უკვე სხვა კუთხით უნდა შეფასდეს როგორ იკვებება, როგორ იცვლება წონა, ხომ არ ვითარდება კვებითი დეფიციტები, როგორია მეტაბოლური მაჩვენებლები და როგორ ეგუება პაციენტი ცხოვრების ახალ წესს.
როდესაც ეს სპეციალისტები ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობენ და პაციენტს ერთი გუნდი მართავს, გადაწყვეტილებების მიღება უფრო სწრაფი და თანმიმდევრული ხდება. ჩვენთვის მთავარი არის არა მხოლოდ ოპერაციის ტექნიკურად კარგად ჩატარება, არამედ პაციენტის გრძელვადიანი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ აღდგენის პერიოდი ინდივიდუალურია. თუ საუბარია უშუალოდ ოპერაციის შემდგომ ფიზიკურ აღდგენაზე, პაციენტი, როგორც წესი, საკმაოდ სწრაფად უბრუნდება ყოველდღიურ აქტივობას, თუმცა სრული ადაპტაცია გაცილებით ხანგრძლივი პროცესია.
საჭმლის მიღების რეჟიმის, ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების ახალი წესის ათვისებას კვირები და ზოგჯერ თვეები სჭირდება. ამასთან, ბარიატრიული პაციენტის მონიტორინგი არ უნდა დასრულდეს რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. ის ხანგრძლივი და პრაქტიკულად უწყვეტი პროცესია. ამიტომ რეაბილიტაციას მხოლოდ „ოპერაციიდან გამოჯანმრთელების“ პერიოდად არ განვიხილავთ. ჩვენი მიზანია პაციენტს დავეხმაროთ ახალი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში და შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს ბარიატრიული ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ოპერაცია მკურნალობის დასასრული კი არა, ახალი ეტაპის დასაწყისია.
ყველა პაციენტი განსხვავებულია. განსხვავებულია მისი საწყისი წონა, მეტაბოლური მდგომარეობა, კვებითი ჩვევები, ფიზიკური აქტივობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა და თანმხლები დაავადებები. შესაბამისად, ყველასთვის ერთი და იგივე შემდგომი მართვის სქემა ვერ იარსებებს.
რეგულარული მეთვალყურეობა საშუალებას გვაძლევს, დროულად შევაფასოთ წონის დინამიკა, კვებითი სტატუსი, ვიტამინებისა და მიკროელემენტების საჭიროება, თანმხლები დაავადებების ცვლილება და პაციენტის ადაპტაცია. საჭიროების შემთხვევაში დროულად ვცვლით კვებით რეკომენდაციებს, ფიზიკური აქტივობის გეგმას ან სხვა სამკურნალო მიდგომებს.
სწორედ ეს ინდივიდუალური და ხანგრძლივი მიდგომა განსაზღვრავს, რამდენად მდგრადი იქნება ოპერაციის შედეგი.
ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობენ წონის დაკლებას, ხშირად აქვთ განცდა, რომ საკმარისად არ ცდილობენ. სინამდვილეში სიმსუქნე რთული, მრავალფაქტორული ქრონიკული დაავადებაა, რომელშიც მონაწილეობს გენეტიკა, ჰორმონალური და მეტაბოლური მექანიზმები, კვებითი ქცევა, გარემო და მრავალი სხვა ფაქტორი.
ბარიატრიული ქირურგიაც მხოლოდ გარეგნობის შეცვლას არ ემსახურება. მისი მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
R