უკრაინული მედია "ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ელიზავეტა (ლიზა) იასკოს ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კიევის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში ძვირადღირებული ავტოსადგომის მფლობელი გახდა.
12,5 კვ.მ ფართობის პარკინგის ადგილში იასკომ 1 მილიონ 25 ათასი გრივნა (დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი) გადაიხადა, რაც თითო კვადრატულ მეტრზე 82 000 გრივნას (დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი) შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე საპარკინგე ადგილია, რომელიც "ხალხის მსახურის" დეპუტატმა ბოლო წლებში შეიძინა: 2025 წელს მან 300 ათას გრივნად (დაახლოებით 7 300 აშშ დოლარი) 12,7 კვ.მ ფართობის ავტოსადგომი შეიძინა. ამასთან, დეპუტატის საკუთრებაში მხოლოდ ერთი ავტომობილი - Suzuki Vitara-ს მარკის კროსოვერი ირიცხება.

გამოცემის ცნობით, იასკოს 2 წლის ქალიშვილმა, ჟასმინმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მამა სასჯელს იხდის, საჩუქრად მიიღო 97,2 კვ.მ ფართობის ბინა კიევში, რომლის ღირებულებაც 5,61 მილიონი გრივნაა (დაახლოებით 136 000 აშშ დოლარი). უძრავი ქონება პატარას სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ 2023 წლის აპრილში აჩუქა. გარდა ამისა, ბებიამ შვილიშვილს ნაღდი ფულის სახით 1 მილიონი გრივნა (დაახლოებით 24 000 აშშ დოლარი) გადასცა, რომელიც ჩუქების გადასახადების დაფარვას მოხმარდა.
ქალი პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში, ცდილობდა ექსპრეზიდენტის მონახულებას ციხეში და მისი გათავისუფლებისთვის შეხვედრებს მართავდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სოფო ნიჟარაძესთან საერთო ქალიშვილი ჰყავდა, იასკოს ვიზიტები საქართველოში შეწყდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შვილი, ჟასმინი შეეძინა.