ავტორი:

"კიდევ შევიტანთ... მაგრამ თუ ახლა ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა მერე არაფერი" - რას ამბობს ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა

"კიდევ შევიტანთ... მაგრამ თუ ახლა ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა მერე არაფერი" - რას ამბობს ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა

"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბენზინის მწვავე დეფიციტია, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს რუსეთის სასარგებლო ნაბიჯია და არღვევს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რადგან გამორიცხული არ არის, საწვავი აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებსაც მოხმარდეს. პარალელურად, სოხუმმაც დაადასტურა, რომ "საქართველოდან საწვავის შემოტანისთვის ხელი არ შეუშლიათ". დიდი დისკუსიაა აფხაზურ ტელეგრამარხებშიც - ხელისუფლებას "მტერ ქართველებთან" თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ და სვამენ კითხვას: "რას ითხოვს საქართველო ბენზინის სანაცვლოდ?"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში ის სპეციალური თანხმობით შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნებით... ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის ფარგლებშიც. მისი თქმით, თუ საქართველოს შეუძლია აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე ვითარება შეუმსუბუქოს, ხელისუფლება ამას კანონის ფარგლებში მომავალშიც გააკეთებს.

  • კობახიძის განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. დაისვა კითხვები: ვინ შეიტანა ბენზინი, რა ოდენობით, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ეს და ვინ გააკონტროლებს, მოხმარდება თუ არა საწვავი რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას?

გაირკვა, რომ აფხაზეთში ბენზინი შპს "სოლიდუსმა" შეიტანა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის მინიჭებული აქვს "სპეციალური საწარმოს სტატუსი". კომპანიის მფლობელი გიორგი არველაძე "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ აფხაზეთში არა 3000, არამედ 300 ტონა საწვავი შეიტანეს.

გიორგი არველაძე:

- დიდი ხანია აფხაზებთან ერთად ვსაქმიანობ, მყავს აფხაზი პარტნიორები. ყოველთვის ვეძებ ახალ შესაძლებლობებს. ჰოდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ საწვავი აღარ არის ბაზარზე, მარაგებს ვერ ანაწილებენ. ჩასული ვიყავი და აფხაზ პარტნიორებთან მქონდა საუბარი, რომ ჩვენ აქედან გალის მოსახლეობას მივაწვდიდით ბენზინს. 300 ტონა შევიტანეთ, 10 მანქანა, სულ სამი დღის განმავლობაში... ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად - ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში. ყველაფერი კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა.

- ეს საწვავი ბენზინგასამართ "როსნეფტის" სადგურებზე შევიდა?

- "როსნეფტს" ჩვენი დახმარება არ სჭირდება. გალის რაიონში არის ათობით მცირე ბენზინგასამართი სადგური, რომელიც დაკეტილი იყო, ბენზინი არ ჰქონდათ. ვიკითხეთ, ზუგდიდში რამდენი გალელი იყო ბოლოს გადმოსული და ბენზინი რამდენს მიჰქონდა - აქ ცალკე ქართველები ჩხუბობენ, იქით ცალკე - აფხაზები.

- რამდენი წელია, რაც აფხაზეთში ბიზნესსაქმიანობის შესაძლებლობა გაქვთ? რა შეგაქვთ?

- ძირითადად ვმუშაობდით კვების პროდუქტებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ვაჭრობა არ გაჩერებულა 30 წელია. ამას ოფიციალური სახე მიეცა 2018 წლის შემდეგ, რაც დაიხვეწა კანონი "ოკუპაციის შესახებ". მე ვიყავი პირველი, ვინც ამ სტატუსით ისარგებლა... წაიკითხეთ ვრცლად