იტალიურმა ავტოგიგანტმა Ferrari-მ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა, თუმცა ამჯერად არა სიჩქარით, არამედ აუქციონზე დაფიქსირებული ასტრონომიული ფასით. ბრენდის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი, Ferrari Luce, კალიფორნიაში გამართულ RM Sotheby’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე რეკორდულ 40 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს თანხა 35-ჯერ აღემატება ავტომობილის სტანდარტულ საბაზრო ფასს და წარმოადგენს რეკორდს აუქციონზე გაყიდულ ახალ ავტომობილებს შორის. Ferrari Luce-ს უკან iPhone-ის ლეგენდარული დიზაინერი, სერ ჯონი აივი დგას. აუქციონზე გატანილი ეგზემპლარი განსაკუთრებულია - ის პირველი სერიული მოდელია, რომელსაც უნიკალური თეთრი ფერი, სპეციალური დისკები და მორგებული მუხრუჭები აქვს.

აუქციონის სახლის წარმომადგენლების თქმით, გაყიდვიდან მიღებული სრული თანხა Ferrari-ს ფონდის საგანმანათლებლო პროგრამებს მოხმარდება. მყიდველის ვინაობა, რომელმაც ამ ექსკლუზიურ მოდელში რეკორდული თანხა გადაიხადა, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.
Luce-ს გამოჩენას ავტომოყვარულთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 5-ადგილიანი ელექტრომობილი Ferrari-ს ტრადიციულ დიზაინს ეწინააღმდეგება და ბრენდის იდენტობას საფრთხეს უქმნის.
ავტომობილს “ლეგენდის განადგურების რისკი“ უწოდა Ferrari-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ლუკა კორდერო დი მონტეზემოლომ. მის კრიტიკას იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინიც შეუერთდა. ამ უკუკავშირის გამო, ავტომობილის წარდგენის მეორე დღეს კომპანიის აქციების ფასიც კი დაეცა.