პენსილვანიელმა მამა-შვილმა ჯერსის სანაპიროზე პრეისტორიული მეგალოდონის უზარმაზარი კბილი იპოვა. დედამიწაზე ოდესმე არსებული ყველაზე დიდი ზვიგენი, ფართო საზოგადოებისთვის საშინელებათა ფილმებიდანაც არის ცნობილი.

42 წლის მაიკლ ბოუერსის თქმით, ის 3.6 მილიონი წლის გიგანტის ნამარხს გასულ სამშაბათს, 11 წლის შვილთან ერთად “Sea Isle City“ - ს სანაპიროზე სეირნობისას წააწყდა.
“წყალში ყოველთვის რაღაც უცნაურს ვპოულობ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსგავს რამეს მივაგნებდით. ჩემი შვილი გაოგნებული დარჩა“ - განაცხადა ბოუერსმა მედიასთან საუბარში.

პენსილვანიიდან ჩამოსულმა მამა შვილმა აღმოჩენა “კეიპ-მეის ვეშაპებზე დაკვირვებისა და კვლევის ცენტრს“ წარუდგინეს, სადაც დაადასტურეს, რომ კბილი ნამდვილად ავთენტური ნამარხი იყო.
ცენტრის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის, მელისა ლაურინოს თქმით, კბილი მეგალოდონს, შიშისმომგვრელი სახეობის ზვიგენს ეკუთვნოდა, რომელიც 18 მეტრამდე იზრდებოდა და 3.6 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ გადაშენდა.

ექსპერტების განცხადებით, ნიუ-ჯერსიში ამ პრეისტორიული საზღვაო მტაცებლის ნამარხების პოვნა საკმაოდ იშვიათია. ნიუ-ჯერსის შტატის მუზეუმის კურატორ დანა ერტის ცნობით, შტატის ტერიტორიაზე მეგალოდონის ხუთზე ნაკლები კბილია ნაპოვნი.