ავტორი:

ტრამპის განცხადებით, აშშ ომანს დაბომბავს, თუ ის აშშ-ირანის მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის - ირანი კი თავდაცვითი პოლიტიკიდან, “შეტევით“ პოლიტიკაზე გადადის: უახლესი ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

ტრამპის განცხადებით, აშშ ომანს დაბომბავს, თუ ის აშშ-ირანის მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის - ირანი კი თავდაცვითი პოლიტიკიდან, “შეტევით“ პოლიტიკაზე გადადის: უახლესი ცნობები ახლო აღმოსავლეთიდან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები თავს დაესხმება ომანს, თუ ის აშშ-ირანის მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის.

“თუ ომანი გზაზე გადაგვეღობება, ჩვენ მას გადავბომბავთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის 60-დღიანი ვადა, რომელიც ივნისში შეთანხმდა, დღეს დასრულდა და ომის დასრულების კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ გამოცხადებულა. ირანმა დღეს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ომანთან მოლაპარაკებები რთულია, მაგრამ გრძელდება.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირი კავშირი დაამყარა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, მაგრამ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს.

“ისინი პოკერის კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ კვდებიან. მე არ მაქვს დროის გრაფიკი. არ ვჩქარობ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებით, ირანი უნდა დანებდეს.

  • “მათ დანებების თეთრი დროშა უნდა აღმართონ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ამასთან, ტრამპის თქმით, ისრაელმა არ უნდა განახორციელოს დარტყმები ღაზაში, რადგან გრძელდება ძალისხმევა გეგმის შემდეგი ფაზის წინსვლისთვის, რომელიც “ჰამასის“ განიარაღებას მოიცავს.

“ჩვენ გვაქვს ურთიერთობა “ჰამასთან“. ისინი იარაღს თმობენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • რაც შეეხება ირანს, ქვეყნის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ირანი ესკალაციისთვის მზად არის, თუ აშშ-სთან დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს.

“ირანი ესკალაციისთვის მზად არის, თუ აშშ-სთან დიპლომატია შედეგს არ გამოიღებს“, - ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-სთან ომის საბოლოოდ დასრულების მიზნით მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, ირანმა გადაწყვიტა, რომ თავდაცვითი პოლიტიკიდან, “სრულად შეტევით“ პოლიტიკაზე გადავიდეს.

მისი თქმით, აშშ-მა ივნისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები რამდენიმე კვირის ვადაში უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი ჰორმუზის სრუტესა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ესკალაციას მიმართავს.

“ეს აშშ-სთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის წინაპირობას წარმოადგენს“, - აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.