ავტორი:

ვულკან ეტნაზე ლაშქრობისას ამერიკელ ტურისტს მეხი დაეცა და დაიღუპა - იტალიური მედია სიცილიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე წერს

ვულკან ეტნაზე ლაშქრობისას ამერიკელ ტურისტს მეხი დაეცა და დაიღუპა - იტალიური მედია სიცილიაში დატრიალებულ ტრაგედიაზე წერს

სიცილიაში, ვულკან ეტნაზე ლაშქრობის დროს მეხის დაცემის შედეგად ამერიკელი ტურისტი დაიღუპა. 30 წლის მამაკაცს მეხი იმ დროს დაეცა, როდესაც კატანიის რეგიონში ძლიერი ჭექა-ქუხილის გამო განგაშის “ყვითელი დონე“ იყო გამოცხადებული.

იტალიური მედიის ცნობით, ტურისტი კვირას მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ვულკანური ლავის ნაკადის ახლოდან სანახავად აკრძალულ ზონაში შევიდა.

კუნძულის სახანძრო სამსახურის სამაშველო ვერტმფრენი მის გადასარჩენად დაახლოებით საღამოს 8 საათზე გაემართა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ვულკანმა, რომელიც ივლისიდან გააქტიურდა, ახლახან ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი ამოაფრქვია. ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებს მოუწოდებს, ლავისგან სულ მცირე 200 მეტრის დისტანცია დაიცვან.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, როგორ აფრქვევს ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი ფერფლს სიცილიის ცაში. ეტნას უწყვეტმა აქტიურობამ გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში ასობით რეისის გაუქმება ან მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.

წყარო